არჩეულ მასალაზე გადასვლა

რომში არსებული იუსტიციის სამინისტრო, რომელშიც განთავსებულია იტალიის უზენაესი (საკასაციო) სასამართლო

2019 წლის 18 ივლისი
იტალია

იტალიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების ჯანმრთელობის დაცვის უფლებას

იტალიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების ჯანმრთელობის დაცვის უფლებას

2019 წლის 15 მაისს იტალიის უმაღლესი ინსტანციის, უზენაესმა (საკასაციო) სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების უფლებას, თავად გადაწყვიტონ, რა სახის მკურნალობას აირჩევენ. სასამართლომ დაადგინა, რომ პაციენტს აქვს უფლება, აირჩიოს წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მის უფლებას, უარი თქვას სისხლის გადასხმაზე. სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ იტალიის სახელმწიფოს კანონმდებლობით, წარმომადგენელს აქვს უფლება, მიიღოს პაციენტის ნაცვლად გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე წართმეული ექნება კომუნიკაციის უნარი.

ლუკა და ფრანჩესკა კაპელები

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთ-ერთი კრების უხუცესის, ლუკა კაპელის საქმეზე დაყრდნობით გამოიტანა. ბოლო 25 წელია, რაც მას თავის ტვინის სისხლძარღვთა ანომალია სტანჯავს. ძმა ლუკას მრავალმხრივი სამედიცინო მკურნალობა აქვს ჩატარებული. ის დროდადრო კარგავდა კომუნიკაციის უნარს. მკურნალობის ყოველი პროცედურის დაწყებამდე ლუკა ავსებდა სამედიცინო მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლე, ფრანჩესკა, ხდებოდა მისი წარმომადგენელი. თუმცა სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მას, მეუღლის წარმომადგენლად დანიშვნაზე, რითაც წაართვა უფლება, უარი ეთქვა სისხლის გადასხმაზე.

2017 წლის 16 თებერვალს ძმა ლუკას საქმე უზენაეს (საკასაციო) სასამართლოს გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს როგორც იტალიის კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პაციენტის უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. საინტერესოა ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, უარი განაცხადოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე, „განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მისი ნება განპირობებულია რელიგიური მრწამსით“. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იტალიის ყველა სასამართლო ვალდებულია, პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი და-ძმების უფლებას, უარი თქვან სისხლის გადასხმაზე.

მთელი მსოფლიო საძმო ვხარობთ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, იტალიაში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს აქვთ შესაძლებლობა, კვლავაც განაგრძონ ბიბლიით განსწავლული სინდისით ცხოვრება და უარი თქვან სისხლის გადასხმაზე (საქმეები 15:29).