არჩეულ მასალაზე გადასვლა

პატერსონის ვიზიტორთა ცენტრი (ნიუ-იორკი, აშშ); პატარა სურათები: ვიზიტორები ათვალიერებენ „პირველი საუკუნის ბიბლიურ სოფელს“.

26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

პატერსონის ვიზიტორთა ცენტრი სტუმრებს უნიკალურ ექსკურსიებს სთავაზობს

პატერსონის ვიზიტორთა ცენტრი სტუმრებს უნიკალურ ექსკურსიებს სთავაზობს

2024 წლის 1 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა პატერსონის ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკში, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრთან, მდებარეობს. სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს „პირველი საუკუნის ბიბლიური სოფელი“. აიზეია მილერმა, რომელიც სამუზეუმო განყოფილებაში მსახურობს, თქვა: „ბიბლიური სოფელი“, ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით, მნახველებს რეალურ წარმოდგენას უქმნის, როგორ ცხოვრობდა ხალხი იესოს დროს. კვლევების თანახმად, ინფორმაციის მიღების ასეთი მეთოდი ყველა ასაკის ადამიანისთვის ეფექტიანია“. ექსკურსიის შემდეგ ერთ-ერთმა ვიზიტორმა აღფრთოვანებით აღნიშნა: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დროში ვიმოგზაურე და ძველ ისრაელში აღმოვჩნდი. საოცრება იყო!“.

მუზეუმის ამ ნაწილში გაეცნობით პირველ საუკუნეში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას; აგრეთვე ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმდროინდელ ცხოველებზე, მცენარეებსა და საკვებზე. მაგალითად, იქ ნახავთ ხელოვნურ ზეთისხილის ხეს, ზუსტად ისეთს, როგორიც იმ დროს ისრაელში იყო გავრცელებული. ვიზიტორებს აგრეთვე შეუძლიათ საკუთარი ხელით დაფქვან მარცვლეული რეალური ზომის წისქვილის ქვით და ჩასხდნენ ისეთ ნავში, როგორსაც იესო და მოციქულები იყენებდნენ თევზაობისას. ერთმა ჩვენმა ძმამ თავის შთაბეჭდილებებზე საუბრისას აღნიშნა: „მომენტალურად თითქოს იესოს გვერდით აღმოვჩნდი და ყურში ჩამესმა მისი სიტყვები, რომლითაც ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ (მარკოზი 4:39). ვიზიტორებს შეუძლიათ ესტუმრონ ძველი სინაგოგის ნიმუშს და წარმოსახვით პირველ საუკუნეში გადაინაცვლონ; თითქოს სინაგოგაში სხედან და ისმენენ, როგორ იკითხება ღვთის სიტყვა ხმამაღლა.

„ბიბლიური სოფლის“ სურათები (საათის ისრის მიმართულებით): პირველი საუკუნის სათევზაო ნავი, წისქვილის ქვა, სინაგოგა, ბაზარი

რებეკა და მარკოსი სწავლობენ, როგორ მზადდება ხის სკამი „ბიბლიურ სოფელში“.

მუზეუმის კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება ის გახლავთ, რომ შეგიძლიათ გაესაუბროთ პირველ საუკუნეში „მცხოვრებ ისრაელებს“, რომლებსაც ჩვენი და-Ძმები განასახიერებენ. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პირველ საუკუნეში გავრცელებულ სხვადასხვა საქმიანობაში. ათი წლის მარკოსმა თქვა: „ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ებრაელ დურგალს სკამის გაკეთებაში დავეხმარე“. „მეც სკამის გაკეთება მომეწონა ყველაზე მეტად და კიდევ ხორბლის დაფქვა“, — აღნიშნა რვა წლის რებეკამ.

ვიზიტორთა ცენტრში სხვა განყოფილებების მონახულებაც შეგიძლიათ. „პირველი საუკუნის ბიბლიური მონეტების“ გამოფენაზე წარმოდგენილია პირველი საუკუნის ორიგინალი მონეტები, მათ შორის იშვიათი ტეტრადრაქმა. „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან“ — ასე ეწოდება კიდევ ერთ მუზეუმს, რომლის მიზანიცაა, მნახველებს გააცნოს იეჰოვას ორგანიზაციაში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობა და მისი დადებითი შედეგები. მუზეუმი, სახელწოდებით „სასიხარულო ცნობის კანონით დაცვა და განმტკიცება“, მოგვითხრობს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები და-ძმების შესახებ, რომლებმაც დევნის მიუხედავად იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნეს.

მარცხნიდან მარჯვნივ: „პირველი საუკუნის ბიბლიური მონეტების“ გამოფენა; მუზეუმი, სახელწოდებით „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან“; მუზეუმი, სახელწოდებით „სასიხარულო ცნობის კანონით დაცვა და განმტკიცება“

ყველას გულთბილად გეპატიჟებით პატერსონის ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც იეჰოვასგან ბოძებული კიდევ ერთი ძღვენია. გვჯერა, რომ მისი მონახულებით რწმენა უფრო განგიმტკიცდებათ და კიდევ ერთხელ დაინახავთ, რა ძლიერ უყვარს იეჰოვას თავისი ხალხი (იაკობი 1:17).