არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადგილობრივი მოწმეები ბანდარანაიკეს საერთაშორისო აეროპორტში დელეგატებს ელოდებიან

2018 წლის 21 დეკემბერი
შრი-ლანკა

შრი-ლანკაში პირველად ჩატარდა სპეციალური კონგრესი

შრი-ლანკაში პირველად ჩატარდა სპეციალური კონგრესი

შრი-ლანკაში პირველად ჩატარდა სპეციალური კონგრესი, რომელსაც ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად 7 ქვეყნიდან ჩასული ათასობით მოწმე დაესწრო. კონგრესი სახელწოდებით „იყავით გაბედულები!“ დედაქალაქ კოლომბოში გაიმართა სუგათადასას ეროვნულ სპორტულ კომპლექსში 2018 წლის 6—8 ივლისს. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 14 121. ეს შეხვედრა მრავალმხრივ იყო განსაკუთრებული; დასკვნითი მოხსენებები წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა; მონათლულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია; ადგილობრივმა და-ძმებმა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს 3 500-ზე მეტი დელეგატის მიმართ.

სამზადისი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც კრებებში გაკეთდა განცხადება, რომ მათ ქვეყანაში მომავალ წელს სპეციალური კონგრესი გაიმართებოდა. გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრისთვის საჭირო იყო არაერთი ღონისძიების დაგეგმვა, სტადიონზე სარემონტო და დასუფთავების ისეთი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, როგორიცაა მაგალითად, შეღებვა, ნაგვის გატანა, სკამების შეკეთება და გზებზე ორმოების ამოვსება. კონგრესამდე სამი კვირით ადრე ასობით იეჰოვას მოწმე ჩავიდა ადგილობრივი და-ძმების დასახმარებლად. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ იმ სამუშაოების შესრულებას, რაც მოწმეებმა ასეთ მოკლე დროში შეძლეს, ტექმომსახურების თანამშრომლები დაახლოებით ოთხ წელს მოანდომებდნენ.

სულიერი პროგრამის გარდა მოეწყო ექსკურსიები და ღონისძიებები, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს შრი­-ლანკის კულტურა გააცნეს. საღამოს გამართულ კონცერტზე ადგილობრივმა და-ძმებმა ტრადიციული ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. შთამბეჭდავი იყო პატარების მიერ შესრულებული სამეფო სიმღერები.

ეშლი ფერდინანდსმა, შრი-ლანკის ფილიალის წარმომადგენელმა, აღნიშნა: „ეს სპეციალური კონგრესი განსაკუთრებული საჩუქარი იყო ადგილობრივი და-ძმებისთვის; ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამდენი დელეგატის გამასპინძლება. ძალიან ვაფასებთ მოხალისეების თავდაუზოგავ შრომას. მათი ხელშეწყობით ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. და რაღა თქმა უნდა, მთელი დიდება ჩვენს ზეციერ მამას ეკუთვნის, რომლისგანაც მოდის „ყოველი კარგი ძღვენი“ (იაკობი 1:17).

 

კონგრესის პროგრამა ოთხ ენაზე მიმდინარეობდა: ინგლისური, სინჰალა, შრი-ლანკური ჟესტური და ტამილური

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ენტონი მორისმა, სამივე დღეს წარმოადგინა დასკვნითი მოხსენებები

კონგრესზე 273 ადამიანი მოინათლა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო

ფილიალში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ძმებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 40-ზე მეტ ჟურნალისტს ჩაუტარდა ფილიალში ექსკურსია

შრი-ლანკის ორი უდიდესი ტელეკომპანიის რეპორტიორები ინტერვიუს იღებენ კონგრესზე მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენლისგან

კონგრესისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის იანვარში ქალაქ კოლომბოში 700-ზე მეტ და-ძმას ჩაუტარდა ტრეინინგი

მოხალისეებმა სტადიონზე უამრავი სკამი შეაკეთეს

ქალაქ კოლომბოსთან ახლოს მდებარე რამდენიმე სამეფო დარბაზში ჩატარდა პროგრამა „უკეთ გაგვიცანით“, რომელიც დელეგატებს ადგილობრივ და-ძმებთან გაცნობის საშუალებას აძლევდა

ადგილობრივმა მოწმეებმა წარმოადგინეს შრი-ლანკის კულტურისთვის დამახასიათებელი სიმღერები და ცეკვები; ერთ-ერთი იყო კლასიკური თამილური ცეკვა

ბავშვთა გუნდი ასრულებს სიმღერას სახელწოდებით «იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“»

დელეგატები ჩაის წარმოების კულტურას ეცნობიან

კონგრესის ბოლოს დელეგატები სიყვარულს გამოხატავენ ადგილობრივი და-ძმების მიმართ