არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

მელანთევზას ფერის ცვლის უნარი

მელანთევზას ფერის ცვლის უნარი

მელანთევზას, იგივე სიპინს, შეუძლია ფერი შეიცვალოს და ისე შეინიღბოს, რომ ადამიანის თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველი გახდეს. ერთი ნაშრომის თანახმად, მელანთევზები „იმითაც არიან ცნობილნი, რომ შეუძლიათ სხვადასხვა ფორმა მიიღონ და ეს მომენტალურად გააკეთონ“. როგორ ახერხებენ ისინი ამას?

დაფიქრდით: მელანთევზები ფერს კანის ქვეშ განლაგებული პიგმენტური უჯრედების, ქრომატოფორების, მეშვეობით იცვლიან. ქრომატოფორებს გააჩნიათ ფერადი პიგმენტებით სავსე პარკუჭები, რომელთა გარშემოც პაწაწინა კუნთებია განლაგებული. როდესაც ამ მოლუსკებს შენიღბვა სურთ, ტვინი კუნთებს სიგნალს უგზავნის, რომ შეიკუმშონ. შემდეგ პარკუჭები და მასში არსებული პიგმენტები ფართოვდება და მელანთევზა სწრაფად იცვლის ფერს და ფორმას. ამ უნარს ის მარტო შესანიღბად კი არ იყენებს, არამედ საკომუნიკაციოდ და პოტენციურ მეწყვილეზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

ინგლისში ბრისტოლის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს მელანთევზას კანისმაგვარი ხელოვნური სტრუქტურა. შავი რეზინის ფირფიტებს ორივე მხრიდან მიამაგრეს პატარა მოწყობილობები, რომლებიც მელანთევზას კუნთების მსგავს ფუნქციას შეასრულებდა. როდესაც მკვლევრებმა ხელოვნურ კანში დენი გაატარეს, კუნთისმაგვარი სტრუქტურა შეიკუმშა, რის შემდეგაც შავი ფირფიტები გაფართოვდა და ხელოვნური კანი გაშავდა.

ინჟინერ იონათან როსიტერის თქმით, „ბუნების მიერ უზადოდ შექმნილი მელანთევზას კუნთების რბილ სტრუქტურაზე დაკვირვებით, მკვლევრები ისეთი სამოსის შექმნასაც შეძლებენ, რომელიც წამიერად შეიცვლის ფერს“. როგორც როსიტერი ამბობს, ასეთი სამოსი შესანიღბადაც გამოდგება და უბრალოდ მოდისთვისაც.

რას ფიქრობთ? თავისით განუვითარდა მელანთევზას ფერის ცვლის უნარი თუ ის ღმერთმა შექმნა ამ უნარით?