არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გონიერი ქალი უსმენს სინდისის ხმას

ბიბლიის თვალსაზრისი

აბორტი

აბორტი

ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტ არშობილ ბავშვს განზრახ უსწრაფებენ სიცოცხლეს; ეს რიცხვი ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს.

არის აბორტი პირადი არჩევანის საკითხი?

რას ამბობს ხალხი:

ქალები არაერთი მიზეზის გამო იკეთებენ აბორტს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, ოჯახური უთანხმოება, განათლების მიღებისა თუ კარიერის შექმნის სურვილი ან იმის შიში, რომ მარტო მოუწევთ ბავშვის აღზრდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ აბორტის გაკეთება ყოვლად გაუმართლებელია, რადგან, მათი აზრით, ის ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ, უგულებელყოფენ თავიანთ მორალურ ვალდებულებას — იზრუნონ ჩანასახზე და ყველანაირად გაუფრთხილდნენ მის სიცოცხლეს.

რას ამბობს ბიბლია:

ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა, განსაკუთრებით ადამიანის სიცოცხლე (დაბადება 9:6; ფსალმუნი 36:9). ეს ეხება ჩანასახსაც, რომელიც იზრდება დედის საშვილოსნოში, ღვთის მიერ უზადოდ შექმნილ მეტად უსაფრთხო „ადგილას“, სადაც ყველანაირი პირობაა ჩანასახის განსავითარებლად. „გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში, — ასეთი სიტყვებით მიმართავდა ერთი ფსალმუნმომღერალი ღმერთს. — შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო“ (ფსალმუნი 139:13, 16).

ის, თუ როგორ უყურებს ღმერთი ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეს, კარგად ჩანს ღვთის კანონიდან; გარდა ამისა, ღმერთმა ადამიანებს უბოძა სინდისი, რომელიც კარნახობს მათ, რა არის სწორი და რა — არასწორი. ღვთის კანონის თანახმად, ის, ვინც ზიანს მიაყენებდა ორსულ ქალს და შედეგად, არშობილი ბავშვი მოკვდებოდა, დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი სიცოცხლით უნდა ეზღო სხვისი სიცოცხლე (გამოსვლა 21:22, 23). რასაკვირველია, ასეთ დროს მსაჯულები მხედველობაში იღებდნენ იმას, თუ რა გარემოებაში და რა მოტივით იქნა ჩადენილი დანაშაული (რიცხვები 35:22—24, 31).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღმერთმა ადამიანებს სინდისი უბოძა. ამიტომ როდესაც ქალი უსმენს თავისი სინდისის ხმას, ყველანაირად უფრთხილდება არშობილი ბავშვის სიცოცხლეს და, შესაბამისად, არც სინდისი ქენჯნის. * მაგრამ, თუ უგულებელყოფს სინდისის ხმას, შესაძლოა შეაწუხოს ან მსჯავრიც კი დასდოს (რომაელები 2:14, 15). ამას კვლევებიც ადასტურებს; ის ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ, უფრო დიდი ალბათობაა, დარდმა მოიცვას ან დეპრესიაში ჩაცვივდნენ, ვიდრე ისინი, ვინც არ იშორებენ ნაყოფს.

მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ წყვილს არ ჰქონდა დაგეგმილი ბავშვის ყოლა და არ იყო მზად იმისთვის, რომ მშობლის პასუხისმგებლობა ეკისრა? ყურადღება მიაქციეთ, რაში არწმუნებს ღმერთი მათ, ვინც ერთგულად მიჰყვება მის ნორმებს: „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ და უბიწო კაცს [ან ქალს] უბიწოდ მოექცევი“ (ფსალმუნი 18:25). ღვთის სიტყვაში აგრეთვე ვკითხულობთ: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმუნი 37:28).

„მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:15).

ეპატიებათ მათ, ვინც აბორტი გაიკეთა?

რას ამბობს ხალხი:

რუთი, რომელიც მარტოხელა დედაა, გვიმხელს: „სამი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, ამიტომ უკვე აღარ შემეძლო მეოთხე ბავშვის გაზრდა. მაგრამ აბორტის გაკეთების შემდეგ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ საშინელება ჩავიდინე“. * უპატიებელი იყო ცოდვა, რომელიც რუთმა ჩაიდინა?

რას ამბობს ბიბლია:

იესო ქრისტემ, რომელიც ღვთის აზროვნებას ირეკლავდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი რამ თქვა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ლუკა 5:32). დიახ, როცა სინდისი გვქენჯნის ჩადენილი ცოდვის გამო, მთელი გულით ვინანიებთ და ვთხოვთ ღმერთს პატიებას, ის მზადაა, გვაპატიოს თუნდაც მძიმე ცოდვები (ესაია 1:18). „მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო“, — ნათქვამია 51-ე ფსალმუნის მე-17 მუხლში.

მომნანიებელ შემცოდველს, რომელიც თავმდაბლად მიმართავს ღმერთს ლოცვით, ღმერთი სულის სიმშვიდეს ჰგვრის და ეხმარება, კვლავ სუფთა სინდისი ჰქონდეს. „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას,“ — ვკითხულობთ ფილიპელების 4:6, 7-ში. * მას შემდეგ, რაც რუთმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ღმერთს გული გადმოუღვარა, შინაგანი სიმშვიდე იგრძნო. იგი დარწმუნდა, რომ ღმერთთანაა „ჭეშმარიტი პატიება“ (ფსალმუნი 130:4).

[ღმერთი] ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით“ (ფსალმუნი 103:10).

^ აბზ. 8 აბორტის გაკეთება მაშინაც კი გაუმართლებელია, როცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ დედის ან ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მაგრამ თუ მშობიარობის დროს საქმე მიდგება ერთ-ერთის, დედის ან ბავშვის, გადარჩენაზე, ამ დროს წყვილმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მედიცინამ იმდენად წინ წაიწია, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

^ აბზ. 12 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 14 აღდგომის იმედიც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანს შინაგანი სიმშვიდე ჰქონდეს. იხილეთ 2009 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“, სადაც განხილულია ბიბლიის თვალსაზრისი იმის თაობაზე, აღდგებიან თუ არა არშობილი ბავშვები.