არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ემოციური მდგომარეობა

ემოციური მდგომარეობა

ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ნეგატიური ემოციები მავნეა ჯანმრთელობისთვის და მოგვიწოდებს, პოზიტიური ემოციებით ჩავანაცვლოთ.

ბრაზი

ბიბლიური პრინციპი: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32).

რას ნიშნავს: ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ ვისწავლით ემოციების მართვას. ზოგჯერ შეიძლება სამართლიანად გავბრაზდეთ, მაგრამ, თუ საკუთარ თავს არ გავაკონტროლებთ, ეს ყოველთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. ცნობილი ფაქტია, რომ ცხელ გულზე ადამიანები ხშირად ისეთ რამეს ამბობენ ან აკეთებენ, რასაც მოგვიანებით ნანობენ.

რა უნდა გააკეთოთ: მანამ დაიოკეთ ბრაზი, სანამ წყობილებიდან გამოხვალთ. ზოგის აზრით, რისხვის გადმონთხევა სიძლიერის მაჩვენებელია, სინამდვილეში კი სისუსტის ნიშანია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგავები 25:28). სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, კარგად გაეცანით ფაქტებს, რაც ბრაზის დაოკებაში დაგეხმარებათ. „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11). თუ მთლიანი სურათის დანახვას შეეცდებით, გაგიადვილდებათ თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა.

მადლიერება

ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

რას ნიშნავს: ამბობენ, რომ მხოლოდ მადლიერი ადამიანია ბედნიერი. ამას ისინიც ადასტურებენ, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა ან ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდა. როგორც თავად აღნიშნავენ, ემოციური წონასწორობის აღდგენაში მათ ერთი რამ ეხმარებათ: ნაცვლად იმისა, რომ იმაზე იფიქრონ, რაც დაკარგეს, მადლიერნი არიან იმისთვის, რაც გააჩნიათ.

რა უნდა გააკეთოთ: ყოველდღე იფიქრეთ, რისთვის ხართ მადლიერი. აუცილებელი არ არის, ეს განსაკუთრებული რამ იყოს. მაგალითად, მადლიერი იყავით იმისთვის, რომ ლამაზი დილა გაგითენდათ, საყვარელ ადამიანთან სასიამოვნოდ გაატარეთ დრო ან უბრალოდ იმისთვის, რომ ცოცხალი ხართ. თუ ამაზე ფიქრისთვის დროს გამოყოფთ, დადებითად დაიმუხტებით და თქვენი ემოციური მდგომარეობაც ერთი ორად გაუმჯობესდება.

განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რატომ ხართ ოჯახის წევრების და მეგობრების მადლიერი. როცა ვინმეს მიმართ მადლიერებას გრძნობთ, უთხარით მას ამის შესახებ, იქნება ეს პირადად თუ წერილობით. ეს განამტკიცებს თქვენ შორის ურთიერთობას და განგაცდევინებთ გაცემით გამოწვეულ სიხარულს (საქმეები 20:35).

სხვა ბიბლიური პრინციპები

თუ გსურთ, მოუსმინოთ ბიბლიის აუდიოჩანაწერებს რომელიმე ენაზე, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს jw.org. ისინი ხელმისაწვდომია დაახლოებით 40 ენაზე

ნუ ჩაებმებით კამათში

„დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).

ზედმეტად ნუ იწუხებთ ხვალინდელ დღეზე

„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

ნაცვლად იმისა, რომ ემოციებს აჰყვეთ, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ

„ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს“ (იგავები 2:11).