არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რბილი ხასიათი სიბრძნის მაჩვენებელია

რბილი ხასიათი სიბრძნის მაჩვენებელია

ანტონიამ, რომელიც მომვლელად მუშაობს, ზარი დარეკა. კარი მას შუახნის ქალმა გაუღო და გალანძღა იმის გამო, რომ უფრო ადრე არ მივიდა მისი ხანდაზმული დედის მოსავლელად. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიას არ დაუგვიანია, მან მშვიდად მოუხადა ქალს ბოდიში გაუგებრობისთვის.

შემდგომი ვიზიტის დროს ქალმა ისევ გალანძღა ანტონია. როგორი იყო ანტონიას რეაქცია? „ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, — ამბობს ანტონია. — ის უსამართლოდ მაყენებდა შეურაცხყოფას“. მიუხედავად ამისა, ანტონიამ კვლავ მოუბოდიშა ქალს და უთხრა, რომ ესმოდა, რასაც ის განიცდიდა.

თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, ანტონიას ადგილას რომ ყოფილიყავით? გამოავლენდით რბილ ხასიათს? გაგიჭირდებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება? უეჭველია, ადვილი არ იქნებოდა ზემოთ აღწერილ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება. როდესაც სტრესი გვაქვს ან ჩვენს პროვოცირებას ახდენენ, ძალიან რთულია რბილი ხასიათის გამოვლენა.

მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს ქრისტიანებს, რომ გვქონდეს რბილი ხასიათი. ღვთის სიტყვა რბილ ხასიათს სიბრძნესთან აკავშირებს. „ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული? — იკითხა იაკობმა. — აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით“ (იაკ. 3:13). რა გაგებით არის რბილი ხასიათი ზემოდან მომავალი სიბრძნის მაჩვენებელი? რა დაგვეხმარება ამ ღვთისმოსაწონი თვისების განვითარებაში?

რბილი ხასიათით გამოვლენილი სიბრძნე

რბილ ხასიათს სიტუაციის განმუხტვა შეუძლია. „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავ. 15:1).

გაბრაზება ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოქმედებს და დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს (იგავ. 26:21). ამის საპირისპიროდ, რბილად გაცემული პასუხი დამამშვიდებლად მოქმედებს. მას მტრულად განწყობილი ადამიანის გულის მოგებაც შეუძლია.

ანტონია თავად დარწმუნდა ამაში. როცა ზემოხსენებულმა ქალბატონმა დაინახა, რომ ანტონიამ რბილად უპასუხა, ცრემლები წამოუვიდა. ქალმა უთხრა მას, რომ ბევრი პირადი და ოჯახური პრობლემა ჰქონდა. ანტონიამ უქადაგა ამ ქალბატონს და მასთან შესწავლა დაიწყო. ეს მხოლოდ იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ ის მშვიდად მოიქცა.

რბილი ხასიათი ბედნიერებს გვხდის. „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5).

რატომ არიან რბილი ხასიათისანი ბედნიერნი? რბილი ხასიათის განვითარების შედეგად ისინი, ვინც ერთ დროს აგრესიული იყო, დღეს ბედნიერები არიან. მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა; მათ იციან, რომ წინ შესანიშნავი მომავალი ელით (კოლ. 3:12). ადოლფო, რომელიც ესპანეთში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, იხსენებს, როგორი ცხოვრება ჰქონდა ჭეშმარიტების გაგებამდე.

„ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, — ამბობს ადოლფო. — ხშირად ვკარგავდი მოთმინებას, რის გამოც ჩემს მეგობრებსაც კი ეშინოდათ ჩემი თავხედური და ფიცხი ხასიათის. ერთხელ ჩხუბის დროს დანა ექვსჯერ დამარტყეს და კინაღამ სისხლისგან დავიცალე. ეს შემთხვევა გარდამტეხი აღმოჩნდა“.

დღეს ადოლფო სიტყვითა და საქმით ეხმარება სხვებს რბილი ხასიათის განვითარებაში. ბევრს იზიდავს მისი რბილი ხასიათი. ადოლფო ბედნიერია, რომ ცვლილებები მოახდინა ცხოვრებაში. ის მადლობას უხდის იეჰოვას, რომელიც რბილი ხასიათის განვითარებაში დაეხმარა.

რბილი ხასიათის გამოვლენით გულს ვუხარებთ იეჰოვას. „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).

სატანა გესლიანად დასცინის იეჰოვას. ღმერთს ყველანაირი საფუძველი აქვს, განრისხდეს ასეთი შეურაცხყოფისთვის, თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა „რისხვაში ნელია“ (გამ. 34:6). როცა ვცდილობთ, რომ ღვთის მსგავსად რისხვაში ნელი ვიყოთ და რბილი ხასიათი გამოვავლინოთ, იეჰოვას მოსაწონ სიბრძნეს ვავლენთ (ეფეს. 5:1).

დღევანდელ მსოფლიოში ხშირია მტრული დამოკიდებულება. შეიძლება ისეთ ადამიანებს შორის აღმოვჩნდეთ, რომლებიც „თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები . . . ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები [და] სასტიკები“ არიან (2 ტიმ. 3:2, 3). თუმცა ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ქრისტიანს რბილი ხასიათის განვითარებაში. ღვთის სიტყვა შეგვახსენებს, რომ „ზემოდან მომავალი სიბრძნე . . . მშვიდობიანია, ახასიათებს გონიერება“ (იაკ. 3:17). თუ მშვიდობიანები ვართ და გონიერებას ვავლენთ, ცხადვყოფთ, რომ ღვთიური სიბრძნე გვაქვს. ასეთი სიბრძნე აღგვძრავს, რბილი პასუხი გავცეთ, როცა ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, და უფრო მეტად დავუახლოვდეთ იეჰოვას, უსაზღვრო სიბრძნის წყაროს.