არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?

რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?

ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი მზადაა, შეისმინოს წრფელი გულით წარმოთქმული ლოცვები. მას სიამოვნებს, როცა გულს ვუშლით. მაგრამ შესაძლოა ყოველთვის არ გვიპასუხოს ლოცვებზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა უნდა გვახსოვდეს ლოცვის დროს? გავიგოთ ბიბლიის თვალსაზრისი.

„ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7).

ღმერთს არ მოსწონს დაზეპირებული ლოცვების მოსმენა ან დაწერილი ლოცვის წაკითხვა. მას სურს, გულიდან მოდიოდეს ჩვენი სიტყვები. წარმოიდგინეთ, რა გულსატკენი იქნებოდა, თუ თქვენთან საუბრის დროს მეგობარი გაუთავებლად ერთსა და იმავე სიტყვებს გაიმეორებდა. კარგი მეგობრები ხომ გახსნილები და გულახდილები არიან ერთმანეთთან?! როცა ჩვენი სიტყვებით ვლოცულობთ, ზეციერ მამას გულისნადებს ვუზიარებთ.

„როცა ითხოვთ, ვერ იღებთ, რადგან ცუდი განზრახვით ითხოვთ“ (იაკობი 4:3).

რასაკვირველია, არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი ისეთ სათხოვარს შეგვისრულებს, რაც მისთვის მიუღებელია. დაფიქრდით: შეისმენს ღმერთი აზარტული მოთამაშის თხოვნას, რომ იღბლიანი დღე ჰქონდეს? ღმერთი ხომ განსჯის სიხარბეს და იღბალზე დაიმედებას, რაც ცრურწმენაა (ესაია 65:11; ლუკა 12:15). რა აზრმოკლებულია, ასეთ დროს მისგან პასუხს ელოდო! ღმერთმა ლოცვებზე რომ გვიპასუხოს, ჩვენი სათხოვარი მის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელთაც ბიბლიაში ვეცნობით.

„ვინც კანონს არად აგდებს, მისი ლოცვაც კი საძულველია“ (იგავები 28:9).

ბიბლიურ დროში ღმერთი უპასუხოდ ტოვებდა მათ ლოცვებს, ვინც მის სამართლიან კანონებს არად აგდებდა (ესაია 1:15, 16). ღმერთს დღესაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს (მალაქია 3:6). თუ გვინდა, ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა, მის კანონებს უნდა დავემორჩილოთ. რა შეიძლება ითქვას, თუ წარსულში არაერთი შეცდომა დავუშვით? ნიშნავს ეს, რომ იეჰოვა არასდროს შეისმენს ჩვენს სათხოვარს? რა თქმა უნდა, არა. მოსიყვარულე ღმერთი გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ და ყველანაირად შევეცდებით, მის მოსაწონად ვიცხოვროთ (საქმეები 3:19).