არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 3

ბაბილონი ბიბლიურ ისტორიაში

წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 3

ეს არის მესამე სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველ მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.

დღევანდელი ბაღდადიდან სამხრეთით, 80 კილომეტრის მოშორებით, ნაყოფიერ ველზე ერთ დროს გაშენებული იყო დიდებული ქალაქი ბაბილონი. მასიური ორმაგი კედლითა და თხრილებით გარშემორტყმული ქალაქი ერთი შეხედვით აუღებელი ჩანდა. ბაბილონი განთქმული იყო თავისი დიდებული ტაძრებით, დაკიდებული ბაღებითა და საკულტო კოშკებით. ბაბილონს, როგორც ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ქალაქს, ახლახან საოცრებათა ქალაქი უწოდეს.

ბიბლია მას „სამეფოთა ქალბატონს“ უწოდებს. ის ბიბლიაში მოხსენიებული მესამე მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი იყო (ესაია 47:5). როგორც მანამდე ეგვიპტემ და ასურეთმა, ბაბილონის იმპერიამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიბლიურ ისტორიაში. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბაბილონის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია ისტორიულ წყაროებს შევადაროთ.

სანდო ისტორია

ბიბლიის წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, რომ ერთ დროს ბაბილონს მეფე ბელშაცარი განაგებდა (დანიელი 5:1). წარსულში ზოგიერთ წყაროში ნათქვამი იყო, რომ ბელშაცარი დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა, მაგრამ მეფე არასდროს ყოფილა. ნუთუ ბიბლია ცდებოდა? შუამდინარეთში ურის ნანგრევების გათხრის დროს არქეოლოგებმა რამდენიმე თიხის ცილინდრი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ცილინდრზე შესრულებული ლურსმული ტექსტი შეიცავს ბაბილონის მეფე ნაბონიდის ლოცვას „ბელ-სარ-უსურისთვის [იგივე ბელშაცარისთვის], უფროსი ვაჟისთვის“. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, ბელშაცარი „მამამისის მმართველობის ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მეფის მოვალეობას ასრულებდა და მეფის ყველა უფლებამოსილებით სარგებლობდა“, — ნათქვამია ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (New Bible Dictionary).

როგორც ისტორიიდან ვიგებთ, ძველი ბაბილონი უაღრესად რელიგიური ქალაქი იყო, სადაც ფართოდ იყო გავრცელებული ასტროლოგია და მკითხაობა. მაგალითად, ეზეკიელის 21:21-დან ვიგებთ, როგორ მკითხაობს ბაბილონის მეფე, რათა განსაზღვროს, თავს დაესხას თუ არა იერუსალიმს. „ღვიძლს უყურებს“, — ნათქვამია ბიბლიაში. რატომ მაინცდამაინც ღვიძლს? ბაბილონელები ამ ორგანოს მეშვეობით ცდილობდნენ მომავლის გაგებას. წიგნში „შუამდინარეთის ასტროლოგია“ ნათქვამია, რომ ძველი ბაბილონის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს „32 [თიხის] ღვიძლი, რომელიც მთლიანად დაფარული“ იყო სიმბოლოებით.

ცნობილმა არქეოლოგმა, ნელსონ გლუკმა, ერთხელ აღნიშნა: „უკვე ოცდაათი წელია ერთ ხელში ბიბლია მიჭირავს, მეორეში — ნიჩაბი და ასე ვთხრი. რაც შეეხება ისტორიულ სიზუსტეს, ბიბლიას შეცდომაში არასდროს შევუყვანივარ“.

„უკვე ოცდაათი წელია ერთ ხელში ბიბლია მიჭირავს, მეორეში — ნიჩაბი და ასე ვთხრი. რაც შეეხება ისტორიულ სიზუსტეს, ბიბლიას შეცდომაში არასდროს შევუყვანივარ“ (ნელსონ გლუკი).

უტყუარი წინასწარმეტყველება

რა რეაქცია გექნებოდათ, თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა პეკინი, მოსკოვი და ვაშინგტონი, უკაცრიელ ნანგრევებად იქცეოდა? ალბათ, არ დაიჯერებდით. მაგრამ ძველ ბაბილონს სწორედ ეს დაემართა. დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს, თითქმის 200 წლით ადრე, იეჰოვა ღმერთის შთაგონებით ებრაელმა წინასწარმეტყველმა ესაიამ ძლიერი ქალაქის, ბაბილონის დაცემა იწინასწარმეტყველა. ის წერდა: „ბაბილონი, სამეფოების მშვენება . . . ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო; არასოდეს დასახლდება, თაობიდან თაობაში აღარსად დამკვიდრდება“ (ესაია 13:19, 20).

რატომ იწინასწარმეტყველა ღმერთმა ბაბილონის დაცემა? ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს და გადარჩენილები ბაბილონში წაასხეს, სადაც მათ სასტიკად ეპყრობოდნენ (ფსალმუნი 137:8, 9). ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ მის ხალხს მათივე ბოროტების გამო 70 წელი მოუწევდა ასეთ პირობებში ცხოვრება. ამის შემდეგ ღმერთი მათ გაათავისუფლებდა და სამშობლოში დააბრუნებდა (იერემია 25:11; 29:10).

ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისამებრ, ძვ. წ. 539 წელს, იუდეველთა 70-წლიანი გადასახლების მიწურულს, პრაქტიკულად აუღებელი ქალაქი ბაბილონი მიდიელთა და სპარსელთა ჯარმა დაიპყრო. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დროთა განმავლობაში ქალაქი ნანგრევების გროვად იქცა. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ასეთი საოცარი მოვლენები იწინასწარმეტყველოს. ფაქტია, რომ მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი, ბიბლიის ავტორს, ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას სხვა ღმერთებზე მაღლა აყენებს (ესაია 46:9, 10).

უტყუარი იმედი

კიდევ ერთი საოცარი წინასწარმეტყველება ახლაც სრულდება. ეს წინასწარმეტყველება უკავშირდება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორსა და მის მიერ სიზმარში ნანახ უზარმაზარ ქანდაკებას. მისი სხეული ხუთი ნაწილისგან შედგებოდა. ამ ქანდაკებას თითოეული ნაწილი — თავი, მკერდი და მკლავები, მუცელი და ბარძაყები, ფეხები და ტერფები — სხვადასხვა მასალის ჰქონდა (დანიელი 2:31—33). თითოეული ეს ნაწილი განასახიერებს სხვადასხვა სამეფოს, ბაბილონით დაწყებული და ბიბლიურ ისტორიაში მეშვიდე მსოფლიო იმპერიით, ინგლის-ამერიკით დამთავრებული (დანიელი 2:36—41).

როგორც დანიელის წიგნიდან ვიგებთ, ქანდაკებას ტერფები და ფეხის თითები სხვადასხვა მასალის ჰქონდა. რკინის ფეხებს მოსდევდა ტერფები, რომლებიც ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ სველი თიხისა იყო. დანიელმა ნაბუქოდონოსორს ეს სიზმარი ასე აუხსნა: „როგორც სველ თიხასთან შერეული რკინა იხილე, ასევე შეერევიან მისი ნაწილები ადამიანთა შთამომავლებს, მაგრამ ისინი ვერ შეეწებებიან ერთმანეთს, ერთი — მეორეს, როგორც რკინა ვერ შეერევა თიხას“ (დანიელი 2:43). რკინა და თიხა ერთმანეთს ვერ ეთავსება. ისინი „ვერ შეეწებებიან ერთმანეთს“. რა ზუსტად აღწერს ეს დღევანდელ პოლიტიკურად დაყოფილ მსოფლიოს!

დანიელმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ იწინასწარმეტყველა. სიზმარში ნაბუქოდონოსორმა იხილა ქვა, რომელიც დიდ მთას მოსწყდა. ეს ქვა „ქანდაკებას . . . დაეცა რკინისა და თიხის ტერფებზე და . . . დაამტვრია“ (დანიელი 2:34). დანიელმა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა თავადვე ახსნა: „იმ მეფეების [ბოლო მსოფლიო იმპერიის მმართველობის] დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული სამეფო ადამიანთა არც ერთ მმართველობას არ ჰგავს. მისი მეფე მესია, იგივე იესო ქრისტეა. როგორც ამ სერიის წინა სტატიებში იყო ნათქვამი, იესო მოსპობს სატანას და მის მიმდევრებს ზეცაში თუ დედამიწაზე. ასე დაისადგურებს საყოველთაო მშვიდობა და ერთიანობა (1 კორინთელები 15:25).