არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრება ტანჯვის გარეშე — უტყუარი დანაპირები

ცხოვრება ტანჯვის გარეშე — უტყუარი დანაპირები

„მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

შეგვიძლია ვენდოთ ამ სასიხარულო დანაპირებს? გავიხსენოთ, რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ადამს — დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იგი მოკვდებოდა (დაბადება 2:17). სწორედ ასეც მოხდა. ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცათ სიკვდილი და ტანჯვა, რაც იმის მტკიცებაა, რომ ღმერთის სიტყვები სანდოა. ნუთუ არსებობს რაიმე ეჭვის მიზეზი, რომ ღვთის დანაპირები, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილი პირობების აღდგენას გულისხმობს, არ შესრულდება?!

გავიხსენოთ აგრეთვე ღვთის თვისებები, რომლებიც წინა სტატიაში განვიხილეთ. ჩვენი სურვილი, რომ ტანჯვას ბოლო მოეღოს, მხოლოდ ირეკლავს ღვთის თანაგრძნობას, სიყვარულსა და სამართლიანობას. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და დღეს გავრცელებული შეხედულებები ცხადყოფს, რომ ღმერთი მალე ამოქმედდება (იხილეთ ჩარჩო  „როდის მოხდება ეს?“).

რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვა ღმერთს, წერტილი დაუსვას ადამიანთა ტანჯვას? დავფიქრდეთ, როგორ შეუძლია მას თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით აღმოფხვრას ტანჯვის მიზეზები.

პირადი არჩევანი.

ჩვენმა წინაპარმა ადამმა ისეთი არჩევანი გააკეთა, რის გამოც ყველა მისი შთამომავალი იტანჯება. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ღმერთმა შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად მოძებნა ძალიან მარტივი გამოსავალი, რაც მის უსაზღვრო სამართლიანობასა და გულმოწყალებაზე მეტყველებს. რომაელების 6:23-ში ვკითხულობთ: „რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.

სრულყოფილმა კაცმა, იესომ ისე იცხოვრა, რომ ცოდვა არასდროს ჩაუდენია. იესოს ძელზე წამებით სიკვდილმა მორჩილ კაცობრიობას შესაძლებლობა მისცა, რომ გათავისუფლდნენ ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან. ჩვენ ამჟამად მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა გვაქვს; ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იარსებებს ცოდვილი მიდრეკილებები, რის გამოც არაგონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. აღარ იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც განზრახ აყენებენ სხვებს ტკივილს, რადგან ბიბლიაში წერია, რომ „ბოროტმოქმედნი მოისპობიან“ (ფსალმუნი 37:9).

უბედური შემთხვევები და არასრულყოფილება.

ღვთის მიერ დანიშნულ მეფე იესო ქრისტეს შეუძლია ბუნების ძალების მართვა. ახ. წ. პირველ საუკუნეში იესო და მისი მოციქულები სათევზაო ნავში ისხდნენ, როცა „საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა“. როდესაც მოწაფეებმა დახმარებისთვის იესოს მიმართეს, «მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა». მოციქულები გაოცებულნი დარჩნენ. „ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება“, — ამბობდნენ ისინი (მარკოზი 4:37—41).

იესოს მმართველობის დროს მორჩილი ადამიანები „უსაფრთხოდ იცხოვრებენ; უბედურების შიში არ შეაწუხებთ მათ“ (იგავები 1:33). ეს გულისხმობს სტიქიურ უბედურებებს. უფრო მეტიც, დედამიწას აღარ დაღუპავენ ადამიანები, აღარ ააშენებენ არამდგრად შენობებს და მხედველობაში მიიღებენ მოსალოდნელ ბუნებრივ მოვლენებს. მეტად არავინ აღმოჩნდება ცუდ ადგილას და ცუდ დროს, რადგან ამის მიზეზი აღარ იარსებებს.

დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ განმარტა, კიდევ რით იქნება გამორჩეული მისი მმართველობა, რომელიც ბოლოს მოუღებს გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ დღევანდელ ტანჯვას. „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). დიახ, იესოს აქვს ძალა და სურვილი, რომ მილიონებს, რომლებიც სტიქიური უბედურებების დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ, სიცოცხლე დაუბრუნოს. ეს მხოლოდ დაპირება ხომ არ არის? იესომ ყველანაირი საფუძველი მოგვცა იმისათვის, რომ გვჯეროდეს ამ დანაპირების — მან ხომ დედამიწაზე ყოფნის დროს მკვდრები აღადგინა. მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევა ბიბლიაშია ჩაწერილი (მარკოზი 5:38—43; ლუკა 7:11—15; იოანე 11:38—44).

„ქვეყნიერების მმართველი“.

ღვთის მიერ დანიშნული იესო ქრისტე ბოლოს მოუღებს „მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს“ (ებრაელები 2:14). იესომ გააცხადა: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31). იგი დაამსხვრევს „ეშმაკის საქმეებს“ და აღმოფხვრის სატანის გავლენას დედამიწაზე (1 იოანე 3:8). წარმოიდგინეთ, რა განსხვავებული იქნება მსოფლიო, როცა ეშმაკის მიერ გაღვივებული სიხარბის, კორუფციისა და ეგოიზმის სული აღარ იარსებებს!