არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნივერსალური ლიმონი

უნივერსალური ლიმონი

უბრალოდ წარმოიდგინეთ: ბუნებაში არსებობს პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც წამლად, ისე საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებად. შესაძლებელია მისი როგორც ჭამა, ისე დალევა. მისგან ხდიან ზეთსაც. ბუნებას ის საოცრად ლამაზად შეუფუთავს. მას მსოფლიოს ყველა კუთხეში ნახავთ და თანაც საკმაოდ იაფად. შეიძლება ამ წუთას ეს რაღაცა თქვენც გაქვთ სამზარეულოში. ალბათ, მიხვდით, რომ საუბარია ლიმონზე.

ამბობენ, რომ ლიმონის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა და, რომ ის იქიდან ნელ-ნელა დასავლეთის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებულა. ლიმონის ხე რბილ კლიმატურ პირობებში ხარობს და სწორედ ამიტომ მოდის ის ასე უხვად არგენტინაში, ესპანეთში, იტალიაში, მექსიკაში და აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ნაწილში. ზოგიერთი ჯიშის ზრდადასრულებულ ლიმონის ხეს იმის მიხედვით, თუ სად იზრდება, შეუძლია წელიწადში 200-დან 1 500-მდე ნაყოფი გამოისხას. ლიმონის კულტურული სახეობები მარტო ერთ სეზონზე როდი იძლევა ნაყოფს. ეს სახეობები მთელი წლის განმავლობაში ხარობს და ისხამს.

იტალიური ლიმონი

დღემდე გაცხარებული კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, მოჰყავდათ თუ არა ძველ რომში ლიმონი. არსებობს წერილობითი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რომაელებისთვის ცნობილი იყო ციტრუსის ერთ-ერთი სახეობა ციტრონი, რომელიც ძალიან ჰგავს დიდ ლიმონს. რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა თავის ნაშრომში „ბუნების ისტორია“ მოიხსენია ციტრონის ხე და მისი ნაყოფი. თუმცა წამყვანი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რომაელებისთვის არც ლიმონი იყო უცხო ხილი. დასტურად მათ ის უამრავი ფრესკა და მოზაიკა მოჰყავთ, რომლებზეც ლიმონია გამოსახული და არა ციტრონი. ამის ერთ-ერთი მაგალითია პომპეის მიწაზე აღმოჩენილი მდიდრული სახლი, მოპირკეთებული ლამაზი ფრესკებით, რომლებზეც გამოსახულია ათასნაირი მცენარე და მათ შორის ლიმონის ხე. საერთოდ, იმ პერიოდში ლიმონის ხე ეგზოტიკურ ხედ ითვლებოდა და სავარაუდოდ, მას მხოლოდ მედიცინაში იყენებდნენ. ძნელია იმის თქმა, იოლი იყო თუ არა იმ ხანად ლიმონის ხის მოვლა და ვერც იმას ვიტყვით ზუსტად, რამდენად გავრცელებული იყო ის მსოფლიოში.

დღეისათვის ლიმონის და ზოგადად ციტრუსის მოყვანაში ტოლს არავის უდებს კუნძული სიცილია. იქ გრძელი თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის. თუმცა მსოფლიოში არსებობს სხვა ადგილებიც, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონები, სადაც საკმაოდ ხარისხიანი ლიმონი მოდის.

ნეაპოლის სამხრეთით მდებარეობს თვალწარმტაცი ქალაქი სორენტო. სორენტოს სამხრეთით 40 კილომეტრში კი მდებარეობს ამალფის ულამაზესი ზღვის სანაპირო. არც  ისე შორს, ზღვის ყურეში გაშენებულია არანაკლებ ლამაზი და თვალისმომჭრელი ქალაქები: ამალფი, პოსიტანო, ვიერტი სულ მარე და სხვები. სორენტოსა და ამალფის სანაპიროზე მოჰყავთ ლიმონი, რომელსაც სპეციალური სააქციზო სავაჭრო ნიშანი აქვს მინიჭებული. ეს ნიშანი წარმოადგენს გარანტს იმისას, რომ პროდუქტი ნამდვილად ამ რეგიონშია მოყვანილი. ადგილობრივები თავს ევლებიან თითოეულ ხეს, ამიტომ მას მთიან ადგილებში ტერასებზე რგავენ, სადაც ეს ძვირფასი ნარგავები ხარბად შთანთქავენ მზის სითბოს და ისეთ არომატულ წვნიან ნაყოფს ისხამენ, რომ უკეთესს ვერც ინატრებს კაცი.

ლიმონის ხეს მაინც და მაინც დიდი ადგილი არ სჭირდება, რომ გაიხაროს. ჯუჯა ლიმონის ხისთვის, რომელიც ულამაზეს დეკორატიულ მცენარეს წარმოადგენს და თან ამავდროულად ქოთანში იზრდება, სავსებით საკმარისია მზიანი აივანი. არ უყვარს ქარიანი მხარე, უყვარს სითბო და მზის სინათლე. განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როცა კედელთან ახლოს დგას. ზამთარში, როცა ტემპერატურა ეცემა, საჭიროა მისი შეფუთვა ან ოთახში შეტანა.

არა მხოლოდ საჭმელი

ხშირად მიირთმევთ ლიმონს? ზოგი ერთ ნაჭერ ლიმონს ჩაიში იგდებს; ზოგი მის წვენს ან კანს ნამცხვარში იყენებს. ალბათ, თქვენც გამოგიწურავთ ლიმონი და დაგიმზადებიათ მისგან წვენი. გაგიჭირდებათ ისეთი შეფ-მზარეულის მოძებნა მსოფლიოში, რომელსაც სულ მცირე ერთი-ორი ლიმონი მაინც არ ჰქონდეს შემოდებული თაროზე. მაგრამ ერთი ასეთი შეკითხვა: როდისმე თუ გამოგიყენებიათ ლიმონის წვენი დეზინფექციისთვის ან ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად?

ბევრი ხორცის საჭრელ დაფას დეზინფექციას ლიმონით უკეთებს — შუაზე გაჭრილი ლიმონით გულდასმით წმენდს დაფას. ლაქების ამოსაყვანად და ნიჟარის გასაწმენდად ქიმიური ხსნარების ნაცვლად ზოგი სოდაგარეულ ლიმონის წვენს იყენებს. იმასაც ამბობენ, რომ მაცივარში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გაჭრილი ლიმონის შენახვა აქრობს უსიამოვნო სუნს.

ლიმონისგან მზადდება ლიმონმჟავაც, რომელიც ბუნებრივი შემნახველი საშუალებაა. მას აგრეთვე იყენებენ საკვებსა და სასმელში სიმჟავის მოსამატებლად. ქერქი და კანქვეშა თეთრი რბილობი შეიცავს პექტინებს, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს კვების ინდუსტრიაში. გამოიყენება, როგორც ემულგატორი და გამასქელებელი საშუალება. გარდა ამისა, ლიმონის კანისგან მზადდება ზეთი, რომელსაც იყენებენ საჭმელში, წამლებში და კოსმეტიკურ საშუალებებში. მოკლედ, იმის სრულ ჩამონათვალს, თუ რისთვის არის ლიმონი კარგი და რაში გამოიყენება, ეს ორი გვერდი ნამდვილად არ ეყოფა. ეს ნაირფეროვანი და უგემრიელესი ხილი მართლაც უნივერსალური პროდუქტია.