არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრში

ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრში

მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ავადმყოფობა მაინც აწამებს კაცობრიობას. თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ ბევრი დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით 2035 წლისთვის ყოველწლიურად 24 მილიონ ადამიანს დაუსვამენ კიბოს დიაგნოზს. ეს რიცხვი 70%-ით აღემატება დღეს არსებულ მონაცემებს. დღესდღეობით ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება კიბოთი. მომავალში ამ დაავადების გამომწვევ სავარაუდო ფაქტორებს შორის სახელდება ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება, არააქტიური ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, რადიაცია და თამბაქოს მოხმარება.

ბრიტანეთი

ფაქტების წარდგენის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ კვლევა დაიწყო იმის დასადგენად, გადადიოდა თუ არა „ძროხის ცოფის“ სახელწოდებით ცნობილი დაავადება სისხლის გადასხმით. „ძალიან შეგვაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ეს უკურნებელი დაავადება კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“,  — განაცხადა პარლამენტის წევრმა, ენდრიუ მილერმა. — „როგორც მედიცინის მუშაკებმა გვითხრეს, [ინფექცია შეიძლება გავრცელდეს] ტრანსპლანტაციის ბანკებში არსებული დაბინძურებული სისხლისა და ორგანოების ტრანსპლანტაციის შედეგად“.

ნორვეგია

ნორვეგიაში დაახლოებით 63 000 ადამიანის 11 წლიანმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ დეპრესიამ შეიძლება 40%-ით გაზარდოს გულის შეტევის რისკი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ერთ-ერთი მკვლევრის ნათქვამი, რომ დეპრესია არა მარტო ააქტიურებს სტრესის გამომწვევ ჰორმონებს, რაც საბოლოო ჯამში გულის დაავადებებს იწვევს, არამედ ადამიანს ართმევს უნარს, მიჰყვეს ექიმის რჩევებს, რასაც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია.

შეერთებული შტატები

მეცნიერები იკვლევენ იმ სავარაუდო ზიანს, რაც მოაქვს თამბაქოს კვამლს, რომელიც რჩება მოწევის შემდეგ შენობაში ან მანქანაში და ერევა მტვრის ნაწილაკებს. დაგროვილი კვამლის ნალექი შეიძლება დროის სვლასთან ერთად უფრო მეტად ტოქსიკური გახდეს.