არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვეშაპები გვესტუმრნენ!

ვეშაპები გვესტუმრნენ!

ყოველ წელს, ივლისის დადგომისთანავე, მდედრი სამხრეთული ვეშაპები (Eubalaena australis) ბრაზილიაში სანტა-კატარინას სამხრეთ სანაპიროს სტუმრობენ. ისინი სუბანტარქტიკული წყლებიდან ათასობით კილომეტრს მიცურავენ, რათა წყალმარჩხ ადგილებში დაბადონ და გამოზარდონ თავიანთი ნაშიერები. რამდენიმე თვის განმავლობაში სანაპიროსა თუ შემაღლებულ ადგილზე მოსეირნე ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ერთობ სასიამოვნოა ნაპირთან მოახლოებული ვეშაპების ცქერა, რომლებიც ზოგჯერ თავიანთ პატარებთან ერთად ანცობენ! *

ზღვის გიგანტი აკრობატები

მდედრი სამხრეთული ვეშაპი, რომლის სიგრძეც 16 მეტრს აღწევს, 80 ტონაზე მეტს იწონის. მათი ზომების აღსაქმელად შეგვიძლია, ორი ერთმანეთზე გადაბმული ავტობუსი წარმოვიდგინოთ. სამხრეთულ ვეშაპს სხეულის უმეტესი ნაწილი შავად აქვს შეფერილი, მუცლის მიდამოებში კი ზოგს თეთრი ლაქებიც დაჰყვება. ზღვის ამ ბინადარს უზარმაზარი თავი აქვს, რომელიც სხეულის ერთ მეოთხედს შეადგენს. მისი პირი გრძელი და რკალისებური ფორმისაა. სხვა სახეობისგან განსხვავებით სამხრეთულ ვეშაპს არ გააჩნია ზურგის ფარფლი. თევზებისგან განსხვავებით ეს უზარმაზარი ქმნილება გასაცურად თავის განიერ და დაკბილულ კუდს ზევით-ქვევით ამოძრავებს და არა აქეთ-იქით. მიმართულებას კი იგი ფარფლების მეშვეობით იცვლის, რაც ძალიან ჰგავს თვითმფრინავის მანევრირების პროცესს.

ამ უზარმაზარ ზღვის ბინადარს, რომელიც წარმოუდგენლად მოქნილია, უჩვეულო აკრობატული ნომრების შესრულებაც კი შეუძლია. გასაოცარი სანახავია ის, თუ როგორ მიაპობს წყალს კუდამოშვერილი ვეშაპი, როგორ ატყაპუნებს წყალში კუდს მთელი ძალით ან როგორ ხტება ეს უშველებელი არსება წყლიდან და როგორ ეხეთქება უკან. ამ უკანასკნელი აკრობატული ნომრის შესრულებისას იმხელა შხეფები წარმოიქმნება, რომ მისი დანახვა შორიდანაც კი შეიძლება.

განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლები

სამხრეთულ ვეშაპს თავზე ალაგ-ალაგ მოთეთრო-მოყვითალო კოჟრები აქვს. კანის ამ გაუხეშებულ ზედაპირზე მუდმივად სახლობენ პატარა კიბოსნაირები, რომელთაც ვეშაპის ტილსაც უწოდებენ. „თითოეული ვეშაპის კოჟრები ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები, რაც ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. როდესაც ვეშაპები ჩვენს სანაპიროებთან მოდიან, მათ კოჟრებს სურათებს ვუღებთ და შემდეგ ჩვენს არქივში ვინახავთ“, — აღნიშნავს კარინა გროჩი, სამხრეთული ვეშაპების სამეცნიერო კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი ბრაზილიაში.

ბიოლოგების თქმით, სამხრეთული ვეშაპის ასაკის დადგენა ძალიან რთულია, რადგან ამ სახეობის ვეშაპებს არა აქვთ კბილები. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 65 წელია. *

ჭამის უცნაური მანერა

სამხრეთული ვეშაპები პაწაწინა კიბოსებრი ცხოველებით იკვებებიან. ზედა ყბის ორივე მხარეს ვეშაპებს საკვების შესაკავებელი ასობით რქოვანი ფირფიტა აქვთ, რომლებიც ულვაშებითაა დაფარული. საკვებზე მონადირე ვეშაპი პირღია მიცურავს, რაც მას საშუალებას აძლევს, წყალი რქოვან ფირფიტებში გაატაროს და გაფილტროს, ხოლო პაწაწინა მსხვერპლი მახეში ულვაშებით გააბას. ვეშაპები ჭამის ასეთი უცნაური მანერით დღეში ორ ტონაზე მეტ კიბოსნაირთ შეექცევიან.

სამხრეთული ვეშაპები ზაფხულს (იანვარი / თებერვალი) ანტარქტიკის წყლებში ატარებენ, სადაც კარგად იკვებებიან და კანქვეშ ქონს იმარაგებენ. ქონის ეს სქელი ფენა ვეშაპს ცივ წყლებში სითბოს უნარჩუნებს, ხოლო მიგრაციის დროს საკვების წყაროს წარმოადგენს.

რატომ დაერქვათ მათ ეს სახელი?

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული სამხრეთ ნახევარსფეროში ვეშაპებზე მონადირეები ამ სახეობაზე საკმაოდ აქტიურად ნადირობდნენ. მათთვის ამ ვეშაპზე ნადირობა ხელსაყრელი იყო, რადგან ისინი ნელა დაცურავენ და ხის პატარა ნავითა და ჰარპუნით (სატყორცნი იარაღი) ადვილი მოსანადირებლები არიან. გარდა ამისა, სხვა ვეშაპებისგან განსხვავებით მკვდარი სამხრეთული ვეშაპი კანქვეშ არსებული დიდი რაოდენობით ქონის გამო წყლის ზედაპირზე ტივტივებს, რის გამოც მონადირეებს უადვილდებოდათ მისი ნაპირზე გამოთრევა.

იმ დროს ვეშაპის ქონსა და რქოვან ფირფიტებს საკმაოდ აქტიურად მოიხმარდნენ. მაგალითად, ქონს ქუჩის ლამპიონების გასანათებლად და საპოხ მასალად იყენებდნენ, რქოვანი ფირფიტებით კი კორსეტებს, მათრახებსა და ქოლგის ზედა კარკასს ამზადებდნენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ვეშაპისგან მიღებული რქოვანი ფირფიტები მთლიანად ფარავდა ექპედიციის ხარჯებს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სამხრეთულ ვეშაპებზე ინტენსიური ნადირობის გამო ვეშაპების ეს სახეობა ძალიან შემცირდა, რის გამოც მათზე ნადირობა კომერციულად უკვე წამგებიანი გახდა. 1973 წელს კი ბრაზილიაში უკანასკნელი ვეშაპის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანაც დაიხურა. მართალია, მას შემდეგ, რაც მათზე ნადირობა შეწყდა, ზოგიერთი სახეობა ნელ-ნელა ისევ მომრავლდა, მაგრამ სხვა სახეობები კვლავაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

მართლაც, სამხრეთული ვეშაპი გამორჩეული მაგალითია დედამიწაზე არსებული ბიომრავალფეროვნებისა. ეს რთული აგებულების ზღვის ბინადარი დიდებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, გასაოცარ ძალასა და სიბრძნეზე მეტყველებს (ფსალმუნი 148:7).

^ აბზ. 2 სამხრეთული ვეშაპები ნაშიერებს სანტა-კატარინას სამხრეთ სანაპიროს გარდა არგენტინის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ურუგვაისა და ოკლენდის კუნძულების სანაპირო წყლებშიც ბადებენ.

^ აბზ. 8 მკვლევრები სამხრეთული ვეშაპის ოჯახში სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში მობინადრე სამ სხვადასხვა სახეობას აერთიანებენ (Eubalaena australis, Eubalaena glacialis, Eubalaena japonica).