არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულით

მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულით

მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულით

იეჰოვა, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა, თითოეული ჩვენგანით არის დაინტერესებული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ზრუნავს ყველა თავის მსახურზე (1 პეტ. 5:7). იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით გვეხმარება, ერთგულად ვემსახუროთ მას, რაც მისი ზრუნვის დადასტურებაა (ეს. 48:17). იეჰოვას განსაკუთრებით მაშინ სურს, ვისარგებლოთ ამ საშუალებებით, როცა პრობლემების გამო ცუდ დღეში ვვარდებით. მოსეს კანონი გვეხმარება ამის უკეთ დანახვაში.

მოსეს კანონიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავდა „საწყლებზე“, მაგალითად ქვრივ-ობლებსა და ხიზნებზე (ლევ. 19:9, 10; კან. 14:29). ღმერთმა იცის, რომ მის მსახურებს დროდადრო შეიძლება თანაქრისტიანების დახმარება დასჭირდეთ (იაკ. 1:27). ამიტომ უარი არ უნდა ვუთხრათ მათ, ვისაც იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად აღძრავს. მაგრამ ამავე დროს სწორი განწყობა უნდა გვქონდეს.

ღვთის სიტყვაში იმაზეც მახვილდება ყურადღება, რომ ღვთის ხალხს გაცემაც უნდა უყვარდეს. გავიხსენოთ, „გაჭირვებული ქვრივი“, რომელსაც იესო აკვირდებოდა იერუსალიმის ტაძარში (ლუკ. 21:1—4). ის ალბათ სარგებლობდა კანონით ქვრივებისთვის გათვალისწინებული დახმარებით. მართალია, ღარიბი იყო, მაგრამ ბიბლიაში ის მოხსენიებულია როგორც გამცემი და არა როგორც მიმღები. ცხადია, მას გაცემა დიდ სიხარულს ანიჭებდა, რადგან იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). როგორ შეიძლება, ადამიანმა გაცემით ბედნიერება განიცადოს? (ლუკ. 6:38).

„რით გადავუხდი იეჰოვას?“

ფსალმუნმომღერალი წერდა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12). რა იყო ის კარგი, რისთვისაც ფსალმუნმომღერალი ღმერთს ემადლიერებოდა? იეჰოვა მას მხარში ამოუდგა „გასაჭირისა და მწუხარების“ დროს. უფრო მეტიც, მან ‘მისი სული სიკვდილისგან დაიხსნა’. ფსალმუნმომღერალს უნდოდა, რომ რაღაცით „გადაეხადა“ იეჰოვას სიკეთისთვის. რა შეეძლო მას გაეკეთებინა? მან თქვა: „აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას“ (ფსალმ. 116:3, 4, 8, 10—14). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, შეესრულებინა იეჰოვასთვის დადებული ყველა აღთქმა.

ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ ყოველთვის ღვთის პრინციპებითა და კანონებით ვიხელმძღვანელებთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იეჰოვას თაყვანისცემას ჩვენს ცხოვრებაში და რამდენად ვაძლევთ ღვთის წმინდა სულს იმის საშუალებას, რომ ყველაფერში გვიხელმძღვანელოს (ეკლ. 12:13; გალ. 5:16—18). ცხადია, სრულად ვერასდროს „გადავუხდით იეჰოვას ყოველივე კარგისთვის“, რაც ჩვენთვის გაუკეთებია. მაგრამ იეჰოვას ახარებს იმის დანახვა, რომ მას მთელი გულით ვემსახურებით (იგავ. 27:11). განა იმაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ის, რომ გული გავუხაროთ იეჰოვას?!

ხელი შევუწყოთ კრების კეთილდღეობას

ქრისტიანული კრება რომ მრავალი სახით გვეხმარება, ამას ყველა ვგრძნობთ. კრების მეშვეობით იეჰოვა უხვ სულიერ საზრდოს გვაწვდის. ღმერთმა ჭეშმარიტება გაგვაგებინა და გაგვათავისუფლა სულიერი სიბნელიდან (იოან. 8:32). „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ ორგანიზებულ კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ვიღებთ ცოდნას, რომელიც დაგვეხმარება, მარადიულად ვიცხოვროთ დედამიწაზე ტკივილისა და ტანჯვის გარეშე (მათ. 24:45—47). შეგიძლიათ დათვალოთ ის კურთხევები, რომლებსაც იღებთ და მიიღებთ ღვთის კრების მეშვეობით? რით შეგიძლია პირადად შენ „გადაუხადო“ კრებას?

მოციქული პავლე წერდა: „მთელი სხეული, თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული საჭირო სახსრების მეშვეობით, თითოეული ნაწილის თავისი ზომით მოქმედების შესაბამისად იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულში“ (ეფეს. 4:15, 16). მართალია, ეს მუხლი ცხებულ ქრისტიანებს ეხება, მაგრამ მასში ჩადებული პრინციპი ყველა ქრისტიანს გამოადგება. კრების თითოეულ წევრს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კრების ზრდასა და კეთილდღეობაში. მოდი, ვიმსჯელოთ, როგორ.

ყოველთვის ვეცადოთ სხვების გამხნევებას (რომ. 14:19). სხეულის ანუ კრების ზრდას იმ მხრივაც შევუწყობთ ხელს, თუ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას ღვთის სულის ნაყოფს გამოვავლენთ (გალ. 5:22, 23). გარდა ამისა, უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10; ებრ. 13:16). თითოეულ ჩვენგანს — ძმასა თუ დას, დიდსა თუ პატარას — შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ‘კრების სიყვარულით აღშენებაში’.

ჩვენს უნარს, ენერგიასა და სახსრებს იმისთვის ვიყენებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც მთელი კრება ასრულებს. იესო ქრისტემ თქვა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 24:14; 28:19, 20). თუ რაიმე პრობლემის გამო ბევრის გაცემა არ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ღარიბი ქვრივი. რაც მან გაიღო, ძალიან ცოტა იყო, მაგრამ იესოს თქმით, მან ყველაზე მეტი გაიღო. ამ ქალმა ის გაიღო, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა (2 კორ. 8:1—5, 12).

სწორი დამოკიდებულება

ზოგჯერ შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ კრების დახმარება დაგჭირდეთ. უარი არ თქვათ ასეთ დახმარებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გიჭირთ გაუძლოთ ქვეყნიერების გავლენას. კრებაში იეჰოვას მიერ დანიშნული მზრუნველი მწყემსები, მზად არიან დაგეხმარონ გაჭირვების დროს (საქ. 20:28). უხუცესები თუ კრების სხვა წევრები განუგეშებენ და მხარში ამოგიდგებიან (გალ. 6:2; 1 თეს. 5:14).

მაგრამ ნებისმიერი დახმარების მიმართ სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. არასოდეს დაგავიწყდეთ მადლიერების გამოვლენა. თანამორწმუნეების მხრიდან დახმარება ღვთის წყალობად ჩათვალეთ (1 პეტ. 4:10). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ გვინდა, რომ ადამიანთა უმეტესობას ვგავდეთ და უმადურები ვიყოთ.

იყავით გაწონასწორებულები და გონიერები

პავლემ ტიმოთეზე ფილიპეს კრების წევრებს მისწერა: „არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე“. შემდეგ დასძინა: „სხვა ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც ქრისტე იესოსია“ (ფილ. 2:20, 21). თუ გავითვალისწინებთ პავლეს სიტყვებს, რა დაგვეხმარება, რომ თითოეულმა ‘საკუთარი არ ვეძებოთ’?

თუ დახმარება გვჭირდება, შეგვიძლია კრების წევრებს მივმართოთ, მაგრამ არავინ უნდა დავავალდებულოთ. რატომ? მაგალითად, ჩვენ მადლიერი ვიქნებით იმ ძმის, რომელიც გამოუვალ სიტუაციაში ფულად დახმარებას გაგვიწევს. მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ მას გამუდმებით ვთხოვოთ დახმარება. მართალია ჩვენი და-ძმები სიხარულით გვეხმარებიან და თავიანთ დროსა და ენერგიას არ იშურებენ ჩვენთვის, მაგრამ გონიერება და გაწონასწორებულობა გვმართებს, რომ ზედმეტი არ მოვითხოვოთ. ჩვენ გვინდა, რომ თანამორწმუნეები სიხარულით გვეხმარებოდნენ და არა იძულებით.

შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ და-ძმები ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ. ცხადია, ისინი ყოველთვის ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს იეჰოვა გვერდით დაგიდგებათ, რაშიც ფსალმუნმომღერალიც დარწმუნდა (ფსალმ. 116:1, 2; ფილ. 4:10—13).

ასე რომ, მადლიერებით მიიღე დახმარება, რომელსაც იეჰოვა გთავაზობს, განსაკუთრებით გაჭირვების დროს (ფსალმ. 55:22). ღმერთს სურს, რომ უარი არ თქვა ასეთ დახმარებაზე. მას ისიც სურს, რომ თავადაც „სიხარულით გამცემი იყო“. ამიტომ გულში გადაწყვიტე, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად იმდენი გაიღო, რამდენიც შეგიძლია (2 კორ. 9:6, 7). მხოლოდ ასე შევძლებთ მივიღოთ მადლიერებით და გავცეთ მთელი გულით.

[ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]

„რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12)

▪ ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ყველასთვის სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა

▪ ყოველთვის ეცადეთ, გაამხნევოთ სხვები

▪ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მიიღეთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადების საქმეში