არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„დურგალი“

„დურგალი“

პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება

„დურგალი“

„ეს დურგლის ვაჟი არ არის?“ (მათე 13:55).

იესო ცნობილი იყო არა მარტო როგორც „დურგლის ვაჟი“, არამედ, როგორც „დურგალი“ (მარკოზი 6:3). როგორც ჩანს, მან ეს ხელობა თავისი მამობილისგან, იოსებისგან ისწავლა.

რაში უნდა ყოფილიყო დახელოვნებული და რომელი ხელსაწყოების გამოყენება უნდა სცოდნოდა იესოს დურგლად მუშაობისას? რის დამზადება და შეკეთება შეეძლო იესოს ნაზარეთში მცხოვრებთათვის? როგორ იმოქმედა მოგვიანებით მის ცხოვრებაზე იმან, რომ ბავშვობიდან ისწავლა ხეზე მუშაობა?

ოჯახური საქმიანობა. ქვემოთ მოცემულ სურათზე ვხედავთ, როგორ ასწავლის მამა უფროს ვაჟს ბურღის მარჯვედ და უსაფრთხოდ გამოყენებას. უმცროსი ვაჟი უსმენს და ყურადღებით აკვირდება.

იმ დროს ბიჭები რაიმე ხელობის შესწავლას 12-15 წლის ასაკში იწყებდნენ. ისინი, ჩვეულებრივ, მამებისგან სწავლობდნენ ხელობას. სწავლას, შესაძლოა, წლები დასჭირვებოდა და, თუ სურდათ ბიჭებს, რომ ხელმარჯვე დურგლები გამხდარიყვნენ, დიდი ძალისხმევა უნდა მოეხმარათ. წარმოიდგინეთ, რამდენ სასიამოვნო საათს გაატარებდა იოსები იესოსთან, როცა მასთან მუშაობდა, ესაუბრებოდა და გამოცდილებას უზიარებდა. როგორი სიამაყით უყურებდა იესოს, რომელიც ასე ოსტატურად სწავლობდა ხეზე მუშაობას.

ცოდნა, ძალა და ოსტატობა. დურგალს უნდა სცოდნოდა იმ ხის თავისებურებები, რომელზეც მუშაობდა. მას შეეძლო შეერჩია მისთვის სასურველი ადგილობრივი ხის მასალა: კვიპაროზი, მუხა, კედარი, სიკომორი და ზეთისხილი. თუმცა პირველ საუკუნეში მცხოვრებ დურგალს არ შეეძლო, ხის მასალის საწყობში ან მაღაზიაში წასვლა და სასურველ ზომაზე დახერხილი მასალის ყიდვა. ის თვითონ უნდა წასულიყო ტყეში, შეერჩია სასურველი ხეები, მოეჭრა და მძიმე მორები სახელოსნომდე მიეთრია.

რას გააკეთებდა დურგალი ამ მორებისგან? ის, ალბათ, დიდ დროს გაატარებდა გარეთ, სხვებს რომ დახმარებოდა სახლების აშენებაში; დაამზადებდა სახურავის კოჭებს, კიბეებს, კარებს, ფანჯრებს და კედლის ჩარჩოებს.

დურგალი ასევე დაამზადებდა ავეჯს. აქ მოცემულ ნახატზე ნაჩვენებია ზოგიერთი მათგანი. მაგალითად: უჯრებიანი კომოდი, რომელსაც თაროები და კარები აქვს (1), ტაბურეტები (2), სკამები (3) და სხვადასხვა ფორმისა და ზომის მაგიდები (4), აკვნები. ავეჯი რომ გაელამაზებინა, დურგალი, შესაძლოა, ჩუქურთმებს უკეთებდა მას. სხვადასხვა ხის ნივთებს დაცვისა და გალამაზების მიზნით ის ცვილით ფარავდა, ლაქს ან ზეთს უსვამდა.

დურგალი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ამზადებდა სამუშაო იარაღებს. მაგალითად, ის მაგარი ხისგან ამზადებდა უღლებს (5), ფიწლებს, ფოცხებსა და ნიჩბებს (6). გუთნები (7), რომლებსაც ის აკეთებდა, გამძლე უნდა ყოფილიყო, რკინის ოდნავ ოვალური ბასრი სახნისით, რომლითაც ქვა-ღორღიანი მიწის მოხვნას შეძლებდა. ის აკეთებდა ურმებსა (8) და ოთხთვალებს, რომელსაც გამძლე ხისგან გაკეთებული მანებიანი და სალტეებიანი ან მთლიანად ხის თვლები ჰქონდა. მის საქმიანობაში, შესაძლოა, შედიოდა ავეჯის, ხელსაწყოებისა და ეტლების შეკეთებაც.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გავლენას მოახდენდა იესოს გარეგნობაზე დურგლად მუშაობა? როგორი გარუჯული იქნებოდა ახლო აღმოსავლეთის მცხუნვარე მზით; როგორი ძლიერი კუნთები ექნებოდა წლების მანძილზე ფიზიკური შრომის შედეგად და როგორი დაკოჟრილი ხელები ექნებოდა ხეზე მუშაობით, ნაჯახის, ჩაქუჩისა და ხერხის ჭერით.

მაგალითების წყარო. იესო მარჯვედ იყენებდა უბრალო და ნაცნობ საგნებს ღრმა სულიერი ჭეშმარიტების სასწავლებლად. იყენებდა ის თავის, როგორც დურგლის, გამოცდილებას, როცა მაგალითები მოჰყავდა? ვნახოთ რამდენიმე შემთხვევა. „მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?“ — თქვა ერთხელ იესომ შეკრებილ ხალხთან საუბრისას. დურგლისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რამდენად მასიური — დიდი და მძიმე იყო მორი (მათე 7:3). მოგვიანებით იესომ სხვებს უთხრა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“. შესაძლოა, მასაც ჰქონდა ბევრი გუთანი გაკეთებული (ლუკა 9:62). იესოს ერთ-ერთ გულთბილ მოწვევაში მოხსენიებულია დურგლის მიერ გაკეთებული ერთი ნაკეთობა: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, — თქვა იესომ. — ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:29, 30). უდავოა, იესომ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ისეთი უღელი, რომელიც საქონელს კისერს კი არ გადაუცვეთდა, არამედ „ადვილი სატარებელი“ ანუ კარგად მორგებული იქნებოდა.

მოწინააღმდეგეები, ალბათ, დამცინავად მოიხსენიებდნენ იესოს, როგორც „დურგლის ვაჟს“. მიუხედავად ამისა, როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც ქრისტიანებისთვის დიდი პატივია, მიჰყვნენ ამ თავმდაბალ, ყოფილ დურგალს.

[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

დურგლის სამუშაო იარაღების ყუთი

პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ისეთმა დურგალმა, როგორიც იესო იყო, კარგად იცოდა აქ ნაჩვენები სამუშაო იარაღების გამოყენება. მის ხერხს (1) ხის ჩარჩო ჰქონდა, რომელზეც რკინის პირი იყო დამაგრებული და ამ პირზე ხერხის კბილები ისე იყო განლაგებული, რომ ხე კარგად გაეხერხა. ის ალბათ დასაპროექტებლად გონიოს (2) იყენებდა, ვერტიკალური მდგომარეობის შესამოწმებლად კი — შვეულს (3). მის სამუშაო იარაღების ყუთში აგრეთვე იყო თარაზო (4), საზომი (5), შალაშინი, რომელსაც რეგულირებადი რკინის პირი ჰქონდა ხის უსწორმასწორო ზედაპირის გასასწორებლად (6) და ხეების მოსაჭრელი ცული (7).

დურგალი ჩარხს (8) და ნახევრად მრგვალპირიან სატეხს (9) იყენებდა გასაჭრელად და ღერძებისთვის ფორმის მისაცემად. იარაღების ყუთზე დევს ხის ჩაქუჩი (10), რომელსაც სოგმანების ჩასაჭედებლად ან რაიმეს მოვარაყებისას იყენებდა. აქვეა პატარა ხელის ხერხი (11), ფორმის მისაცემი საფხეკელა (12)  და რამდენიმე ლურსმანი (13). ყუთის წინ ალაგია რკინის ჩაქუჩი (14) და ხის გასათლელი ხელეჩო (15). ყუთზე აწყვია დანა (16) და სხვადასხვა ზომის სატეხები (17), გვერდზე კი მიყუდებულია ბურღი (18).