არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა: სასტიკია ღმერთი?

რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ღმერთი სასტიკია?

რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ღმერთი სასტიკია?

შოკის მომგვრელი ხომ არ არის თქვენთვის ამ ჟურნალის გარეკანზე დასმული კითხვა? ზოგისთვის არის. თუმცა ბევრს აინტერესებს, მართლა სასტიკია თუ არა ღმერთი. არიან ისეთებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ასეა.

მათ, ვინც სტიქიურ უბედურებას გადაურჩა, აინტერესებთ შემდეგ კითხვებზე პასუხი: რატომ უშვებს ღმერთი ასეთ რამეს? გულგრილია ღმერთი ჩვენდამი? სასტიკი და ულმობელია ის?

ზოგს ეს კითხვები ბიბლიის კითხვისას უჩნდება. მაგალითად, როდესაც ისინი ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შესახებ კითხულობენ, ფიქრობენ, თუ რატომ დაუშვა მოსიყვარულე ღმერთმა ამდენი ხალხის განადგურება. ასეთი უმოწყალოა ღმერთი?

დროდადრო თქვენც ხომ არ გიჩნდებათ მსგავსი კითხვები? ან ხომ არ გიჭირთ პასუხის გაცემა მათთვის, ვისაც ასეთი კითხვები ებადება? ნებისმიერ შემთხვევაში, მოდი, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვაზე.

რატომ გვძულს სისასტიკე?

მარტივად რომ ვთქვათ, სისასტიკე იმიტომ გვძულს, რომ ჩვენ გვაქვს სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი, რაც დიდად გამოგვარჩევს ცხოველებისგან. ჩვენმა შემოქმედმა „თავის ანარეკლად“ შეგვქმნა (დაბადება 1:27). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ჩვენში ჩადო უნარი, აგვერეკლა მისი თვისებები და ზნეობრივი ღირებულებები, აგრეთვე სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი. ახლა დავფიქრდეთ: თუ ჩვენ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი ღვთისგან გვაქვს და გვძულს სისასტიკე, განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ ღმერთსაც სძულს სისასტიკე?

ბიბლია მხარს უჭერს ამ აზრს, რადგან მასში ღმერთზე ვკითხულობთ: „ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები თქვენს აზრებზე“ (ესაია 55:9). თუკი ჩვენ ღმერთს სისასტიკეში ვდებთ ბრალს, გამოდის, რომ ბიბლიაში ჩაწერილ ამ სიტყვებს ვეწინააღმდეგებით და ვამბობთ, რომ ჩვენი გზები უფრო მაღალია, ვიდრე ღვთის. ამიტომ სანამ ღმერთზე ასეთ რამეს ვიტყვით, გონივრული იქნება, თუ უფრო მეტ ფაქტს მოვიძიებთ. სანამ ღმერთს სასტიკს და უმოწყალოს ვუწოდებთ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება ღვთის ამა თუ იმ მოქმედებიდან დაგვრჩეს ასეთი შთაბეჭდილება. განვიხილოთ სიტყვა „სასტიკის“ მნიშვნელობა.

როდესაც ვინმეს სასტიკს ვუწოდებთ, დარწმუნებული ვართ, რომ მას არასწორი მოტივები აქვს. სასტიკია ის, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს სხვისი ტანჯვა ან ის, ვისაც არ ადარდებს სხვისი გასაჭირი. ამგვარად, თუ მამა შვილს იმიტომ სჯის, რომ მისი ტკივილი სიამოვნებას ანიჭებს, ის სასტიკია. მაგრამ თუ შვილს იმიტომ სჯის, რომ ხიფათისგან დაიცვას ან რაღაც ასწავლოს, ის კარგი მამაა. შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, რა მოტივები ამოძრავებს ადამიანს. შეიძლება თქვენც მოგაწერათ ვინმემ არასწორი მოტივები.

განვიხილოთ იმის ორი მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ღმერთი სასტიკი და ულმობელია. პირველი, ეს არის სტიქიური უბედურებები, მეორე კი — ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი.