არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ გაიპარსა იოსებმა ფარაონის წინაშე წარდგომამდე?

კედელზე შესრულებული ძველი ეგვიპტური ნახატი, სადაც ჩანს, როგორ პარსავს დალაქი ეგვიპტელს

წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ, რომ ფარაონმა ბრძანა, სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან ებრაელი პატიმარი, სახელად იოსები, რათა მისთვის თავზარდამცემი სიზმრები აეხსნა. იოსები საპყრობილეში წლების განმავლობაში იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა წარმდგარიყო ფარაონის წინაშე, მან გაიპარსა და მეფეს ისე ეახლა (დაბადება 39:20—23; 41:1, 14). ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის მოხსენიებით გამოიკვეთა, რომ ამ წიგნის დამწერი კარგად იცნობდა ეგვიპტურ კულტურას.

ბევრ უძველეს ერში, მათ შორის ებრაელებში, წვერის ტარება მიღებული იყო. მაგრამ „მთელ აღმოსავლეთში მხოლოდ ეგვიპტელები მიიჩნევდნენ მიუღებლად წვერის ტარებას“, — აღნიშნულია მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ბიბლიურ ენციკლოპედიაში.

მარტო წვერის მოპარსვა იგულისხმებოდა გაპარსვაში? ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ ნათქვამია, რომ ზოგი ეგვიპტური წეს-ჩვეულებით მოითხოვებოდა, ფარაონთან წარდგომამდე მამაკაცი ისევე მომზადებულიყო, როგორც ტაძარში შესვლის წინ. ასეთ შემთხვევაში იოსები მარტო წვერს კი არ გაიპარსავდა, არამედ თავსაც და მთელ სხეულსაც.

წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ ტიმოთეს მამა ბერძენი იყო. ნიშნავს ეს იმას, რომ ის წარმოშობით იყო ბერძენი?

დანამდვილებით ვერ ვიტყვით. ღვთის შთაგონებით დაწერილ თავის წერილებში მოციქული პავლე ზოგჯერ იუდეველებს აპირისპირებს ბერძნებთან, იგივე ელინებთან. ის ბერძნებში ყველა არაიუდეველს გულისხმობდა (რომაელები 1:16; 10:12). ამის ერთ-ერთი მიზეზი უდავოდ ის გახლდათ, რომ მთელ იმ ტერიტორიაზე, სადაც პავლე ქადაგებდა, ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნული ენა და კულტურა.

ვის მიიჩნევდნენ ძველ დროში ბერძნებად? ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში ათენელი რიტორიკოსი ისოკრატე სიამაყით აღნიშნავდა, თუ რა დიდი გავლენა მოეხდინა ბერძნულ კულტურას იმდროინდელ მსოფლიოზე. შედეგად, როგორც თავად ამბობს, „ბერძენს უფრო იმას უწოდებენ, ვისაც [ბერძნული] განათლება აქვს მიღებული, ვიდრე წარმოშობით ბერძენს“. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ტიმოთეს არაიუდეველი მამა და ისინი, რომელთაც პავლე ბერძნებად მოიხსენიებდა, წარმოშობით კი არ ყოფილიყვნენ ბერძნები, არამედ კულტურით, თუმცა გადაჭრით ამის თქმა შეუძლებელია (საქმეები 16:1).