არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა გააკეთოთ, თუ ჯანმრთელობა შეგერყათ?

რა უნდა გააკეთოთ, თუ ჯანმრთელობა შეგერყათ?

 თუკი ბოლო დროს ჯანმრთელობა გაგიუარესდათ, ალბათ, არც თქვენთვისაა უცხო ის ფორიაქი, ემოციური გამოფიტულობა თუ ფინანსური პრობლემები, რაც, როგორც წესი, თავს იჩენს ხოლმე ასეთ დროს. რა შეგიმსუბუქებთ საწუხარს? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახის წევრს ან მეგობარს, თავი გაართვას ახალ მოცემულობას? მართალია, ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ მასში მოცემული პრინციპების გათვალისწინება დაგეხმარებათ, შეიმსუბუქოთ სტრესი, რაც თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემებს.

რჩევები ახალ მდგომარეობასთან გასამკლავებლად

  •   მიმართეთ ექიმს

     რას ამბობს ბიბლია: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).

     რას გვასწავლის ეს მუხლი: საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარების მისაღებად უნდა მივმართოთ ექიმს.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მიმართეთ ექიმს, რომელიც აღმოგიჩენთ საუკეთესო დახმარებას. შეიძლება ბრძნული იყოს, რომ სხვასთანაც გაიაროთ კონსულტაცია (იგავები 14:15). დაწვრილებით აუხსენით ექიმს, რა სიმპტომები გაქვთ და დარწმუნდით, რომ ბოლომდე გესმით მისი ნათქვამი (იგავები 15:22). რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. თუკი გეცოდინებათ, რას ელით, ადვილად შეხვდებით ყველანაირ ცვლილებას და გააზრებულად მიიღებთ მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

  •   იცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრებით

     რას ამბობს ბიბლია: „ფიზიკური წვრთნა... მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8).

     რას გვასწავლის ეს მუხლი: თუკი ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ჩვევებს გამოვიმუშავებთ, მაგალითად, ვივარჯიშებთ, ეს დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: რეგულარულად ივარჯიშეთ, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და საკმარისად იძინეთ. მართალია, ახლა სწავლობთ, როგორ იცხოვროთ გაუარესებული ჯანმრთელობით, მაგრამ, თუკი გამოიმუშავებთ ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ჩვევებს, ეს ნამდვილად წაგადგებათ. ამასთანავე, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ფიზიკური აქტივობა ან საკვები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება და მთელი მკურნალობა წყალში არ ჩაგეყრებათ.

  •   ითხოვეთ სხვებისგან დახმარება

     რას ამბობს ბიბლია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

     რას გვასწავლის ეს მუხლი: მეგობრებს გასაჭირში დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ესაუბრეთ სანდო მეგობარს, რომელსაც თავისუფლად გაუზიარებთ თქვენს გრძნობებს. ეს შეგიმსუბუქებთ სტრესს და შედეგად, თავს უკეთ იგრძნობთ. მართალია, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შესაძლოა გულწრფელად სურთ დახმარება, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ გააკეთონ ეს. ასე რომ, ნათლად აუხსენით მათ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ თქვენ დასახმარებლად. იქონიეთ რეალისტური მოლოდინი და ყოველთვის მადლიერი იყავით იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებენ. შეიძლება ბრძნული იყოს, თუკი დაადგენთ გარკვეულ წესებს, მაგალითად, როდის ან რამდენი ხნით გინახულონ მეგობრებმა, რათა კეთილი მოტივებით აღძრულებმა, უნებურად, ზედმეტი ყურადღებით არ გადაგღალონ.

  •   შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა

     რას ამბობს ბიბლია: „მხიარული გული მკურნალივითაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

     რას გვასწავლის ეს მუხლი: დადებითი განწყობა გვეხმარება, შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და შერყეული ჯანმრთელობის გამო დარდს არ მივეცეთ.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ახალ მოცემულობასთან შესაგუებლად, იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ და ნუღარ იწუხებთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით. თავს ნუ შეადარებთ სხვას და ნურც იმ დროზე იფიქრებთ გამუდმებით, როცა ჯერ კიდევ ჯანმრთელი იყავით (გალატელები 6:4). დაისახეთ გონივრული მიზნები, რომელთა მიღწევასაც შეძლებთ; ეს დაგეხმარებათ, მომავალს იმედის თვალით უყუროთ (იგავები 24:10). თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეცადეთ, დაიხარჯოთ სხვებისთვის. გაცემით გამოწვეული სიხარულის წყალობით, აღარ მოგეძალებათ უარყოფითი ფიქრები (საქმეები 20:35).

რა სახის დახმარებას აღგვითქვამს ღმერთი?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი, რომლის სახელიცაა იეჰოვა, a დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მართალია, დღესდღეობით იეჰოვა სასწაულებრივად არ გვკურნავს, მაგრამ იგი დღესვე ბევრ რამეს აკეთებს ჩვენ დასახმარებლად.

 ის გვაძლევს მშვიდობას. იეჰოვა გვიბოძებს „მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7). შინაგანი სიმშვიდე დაგვეხმარება, არ გვშთანთქას საწუხარმა. ღმერთი მშვიდობას არ უკავებს არავის, ვინც ლოცვით მიმართავს მას და თავის საწუხარს უზიარებს (1 პეტრე 5:7).

 ის გვაძლევს სიბრძნეს. ღვთისგან ბოძებული სიბრძნის წყალობით ბრძნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ (იაკობი 1:5). ღვთიური სიბრძნით რომ ვიხელმძღვანელოთ, უნდა გავეცნოთ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის პრინციპებს, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, და ცხოვრებაში გამოვიყენოთ.

 ის გვაძლევს მომავლის იმედს. ღვთის დაპირებისამებრ, დადგება დრო, როცა „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ამ მუხლში მოცემული დაპირება ბევრს დაეხმარა, რომ შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, შეენარჩუნებინათ დადებითი განწყობა (იერემია 29:11, 12).

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი.