არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 26

აღდგენილი სამოთხე

აღდგენილი სამოთხე

სამეფო, რომელსაც ქრისტე უხელმძღვანელებს, განწმენდს ღვთის სახელს, დაამტკიცებს მის უზენაესობას და მოსპობს ბოროტებას.

ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“, იგივე აპოკალიფსი, ადამიანებს იმედს უსახავს. ეს წიგნი მოციქულმა იოანემ დაწერა და მასში ჩაწერილია მომავალთან დაკავშირებული ხილვები და ის, თუ როგორ შესრულდება საბოლოოდ ღვთის განზრახვა.

პირველ ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი იესო აქებს და მითითებებს აძლევს რამდენიმე კრებას. მომდევნო ხილვა იეჰოვას ზეციერ ტახტს უკავშირდება. ტახტის ირგვლივ მდგომი სულიერი ქმნილებები ღმერთს ხოტბას ასხამენ.

წიგნში სხვა საინტერესო მოვლენებიც არის აღწერილი, რომლებიც ღვთის განზრახვას უკავშირდება. კრავი, ანუ იესო ქრისტე, იღებს შვიდი ბეჭდით დაბეჭდილ გრაგნილს. პირველი ოთხი ბეჭდის ახსნის შემდეგ, სიმბოლური მხედრები ჩნდებიან. პირველი მხედარი თეთრ ცხენზე ზის და გამეფებულ იესოს განასახიერებს. მას მოჰყვებიან სხვადასხვა ფერის ცხენებზე ამხედრებული მხედრები, რომლებიც ომს, შიმშილსა და ჭირს განასახიერებენ. ეს ყველაფერი ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის არის დამახასიათებელი. მეშვიდე ბეჭდის ახსნის შემდეგ ანგელოზები აყვირებენ შვიდ სიმბოლურ საყვირს, რაც ღვთის განაჩენის გაცხადებაზე მიუთითებს. ამას მოჰყვება შვიდი სიმბოლური ვაი, რითაც ღვთის რისხვა ვლინდება.

ზეცაში მყარდება ღვთის სამეფო, რომელიც ახალშობილი ბავშვით არის წარმოდგენილი. ზეცაში ომი იწყება. სატანასა და მის ანგელოზებს დედამიწაზე ყრიან. ციდან დიდი ხმა აცხადებს: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).

იოანე ხედავს კრავს ზეცაში, რომელიც განასახიერებს იესოს. მასთან ერთად იოანე ხედავს 144 000-ს, რომლებიც ადამიანთაგან არიან ამორჩეულნი. ისინი იესოსთან „ერთად იმეფებენ“. ამგვარად, „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ აღთქმული შთამომავლის სხვა წარმომადგენელთა რიცხვი 144 000-ს შეადგენს (გამოცხადება 14:1; 20:6).

დედამიწის მმართველები „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღისთვის“, არმაგედონისთვის იკრიბებიან საომრად. ისინი ებრძვიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს ანუ იესოს, რომელიც ზეციერ ლაშქარს მიუძღვის. მისი ლაშქარი დედამიწის ყველა მმართველს ანადგურებს. სატანა შებოჭილია. იესო და 144 000 თანამმართველი ზეციდან დედამიწას უხელმძღვანელებენ ათას წელს. ათასი წლის ბოლოს სატანა საბოლოოდ განადგურდება (გამოცხადება 16:14; 20:4).

რა კურთხევებს მოუტანს ქრისტეს ათასწლიანი მეფობა მორჩილ ადამიანებს? იოანე წერს: „[იეჰოვა] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). დედამიწა სამოთხედ იქცევა!

„გამოცხადება“ ბიბლიის ბოლო წიგნია. ღვთის სამეფო განწმენდს იეჰოვას სახელს და მისი უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდება.

გამოცხადება