არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 15

როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?

როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?

ფინეთი

დასწავლება

დამწყემსვა

ქადაგება

ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. ნაცვლად ამისა, ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველებად ინიშნებიან მამაკაცები, „რათა დამწყემსონ ღვთის კრება“. ეს სწორედ ისე ხდება, როგორც პირველ საუკუნეში, როცა ქრისტიანულ კრებას ჩაეყარა საფუძველი (საქმეები 20:28). ეს ზედამხედველები ანუ უხუცესები სულიერად მოწიფული მამაკაცები არიან, რომლებიც კრებას ხელმძღვანელობენ და მწყემსავენ „არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:1—3). რა საქმეს ასრულებენ ისინი ჩვენ სასიკეთოდ?

ჩვენზე ზრუნავენ და გვიცავენ. უხუცესები ხელმძღვანელობენ კრებას და სულიერად იცავენ. მათ ესმით, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო ღმერთმა. ამიტომ, უხუცესები კი არ ბატონობენ ღვთის ხალხზე, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებენ მათი ბედნიერებისთვის (2 კორინთელები 1:24). როგორც მწყემსი ზრუნავს სათუთად თითოეულ ცხვარზე, ისე უხუცესები ცდილობენ, კრების თითოეული წევრით დაინტერესდნენ (იგავები 27:23).

გვასწავლიან, შევასრულოთ ღვთის ნება. უხუცესები ყოველკვირა ხელმძღვანელობენ კრების შეხვედრებს, რაც ჩვენი რწმენის განმტკიცებას ემსახურება (საქმეები 15:32). ეს ერთგული მამაკაცები სამქადაგებლო საქმიანობასაც უძღვებიან, თანამშრომლობენ ჩვენთან და გვეხმარებიან, რომ მსახურების ყველა სფეროში დავიხვეწოთ.

გვამხნევებენ. იეჰოვასთან დაახლოებაში რომ დაგვეხმარონ, კრების უხუცესები გვინახულებენ სახლში ან გვესაუბრებიან სამეფო დარბაზში და გვამხნევებენ ბიბლიის დახმარებით (იაკობი 5:14, 15).

კრების საქმეების გარდა, უხუცესების უმეტესობა მუშაობს და ოჯახურ მოვალეობებსაც ართმევს თავს, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს მძიმედ მშრომელი ძმები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას (1 თესალონიკელები 5:12, 13).

  • რა მოვალეობას ასრულებენ უხუცესები კრებაში?

  • როგორ ავლენენ უხუცესები ყურადღებას თითოეული ჩვენგანის მიმართ?