არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

მათეს 6:33 — „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი“

მათეს 6:33 — „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი“

 „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33; ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მათე 6:33; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც ღვთის ნებას განახორციელებს დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ადამიანი ღვთის სამეფოს უპირველესად იმ შემთხვევაში „ეძებს“, თუ ეს საკითხი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. a ამაში შედის ის, რომ მან არა მხოლოდ თავად უნდა მიიღოს ინფორმაცია ღვთის სამეფოს შესახებ, არამედ სხვებსაც ესაუბროს იმ სასიკეთო ცვლილებებზე, რასაც ღვთის სამეფო მოახდენს (მათე 24:14). ის, ვინც ღვთის სამეფოს ეძებს, ლოცულობს კიდეც მის მოსვლაზე (ლუკა 11:2).

 ფრაზა „მამის სიმართლე“ გულისხმობს ღვთის მიერ დადგენილ ნორმებს სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით (ფსალმუნი 119:172). აქედან გამომდინარე, ადამიანი იმ შემთხვევაში ეძებს ღვთის სიმართლეს, თუ ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი კანონების თანახმად ცხოვრობს, რაც თავის მხრივ, ყოველთვის სასიკეთოდ მოქმედებს მასზე (ესაია 48:17).

 სიტყვები „სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ წარმოადგენს ღვთის დაპირებას, რომ ის იზრუნებს მათზე, ვინც ღვთის სამეფოს და მის მიერ დადგენილ ნორმებს პირველ ადგილზე აყენებს (მათე 6:31, 32).

კონტექსტი

 იესომ ეს სიტყვები ცნობილ „მთაზე ქადაგების“ დროს წარმოთქვა, რომლის შესახებაც ჩაწერილია მათეს სახარების მეხუთე თავიდან მეშვიდე თავის ჩათვლით. უდავოა, რომ იესოს მსმენელთა შორის ბევრი ღარიბი იქნებოდა. ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მთავარი მათთვის თავის სარჩენად მუშაობა იყო, რის შემდეგაც ძალიან ცოტა დრო რჩებოდათ სამეფოს ძიებისთვის. მაგრამ იესომ მათ ყურადღება გაუმახვილა იმაზე, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი მცენარეებსა და ცხოველებზე და რომ ის იმავენაირად იზრუნებდა იმ ადამიანებზე, რომლებიც მის სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდნენ (მათე 6:25—30).

მცდარი შეხედულებები

 მცდარი შეხედულება: ის, ვინც სამეფოს ეძებს, გამდიდრდება.

 სინამდვილე: იესომ თქვა, რომ მათ, ვინც სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდა, ექნებოდათ ის, რაც სჭირდებოდათ, მაგალითად, საკვები და ტანისამოსი (მათე 6:25, 31, 32). თუმცა მას გამდიდრება არ ჰქონია მხედველობაში და არც ის უთქვამს, რომ ღვთის კურთხევა ქონებით განისაზღვრებოდა. ამის საპირისპიროდ, იესომ გააფრთხილა კიდეც თავისი მიმდევრები, რომ არ ესწრაფათ გამდიდრებისკენ, რადგან ეს პირიქით გაურთულებდა მათ სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებას (მათე 6:19, 20, 24). მოციქული პავლე ძალიან ბევრს ირჯებოდა სამეფოს ინტერესებისთვის, თუმცა ზოგჯერ სიღარიბეში ცხოვრება უწევდა. იესოს მსგავსად პავლეც აფრთხილებდა სხვებს იმ საშიშროების შესახებ, რაც გამდიდრებისკენ სწრაფვას ახლავს თან (ფილიპელები 4:11, 12; 1 ტიმოთე 6:6—10).

 მცდარი შეხედულება: ქრისტიანებმა არ უნდა იმუშაონ თავის სარჩენად.

 სინამდვილე: ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქრისტიანებმა უნდა იმუშაონ საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად (1 თესალონიკელები 4:11, 12; 2 თესალონიკელები 3:10; 1 ტიმოთე 5:8). იესოს არ უთქვამს, რომ მის მიმდევრებს მხოლოდ სამეფო უნდა ეძებნათ. მან თქვა, რომ მათ უპირველესად უნდა ეძებნათ სამეფო.

 ისინი, ვინც უპირველესად ღვთის სამეფოს ეძებენ და თავის სარჩენადაც დაუზარებლად შრომობენ, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ღმერთი უზრუნველყოფს მათ ყოველივე აუცილებლით (1 ტიმოთე 6:17—19).

a სიტყვა „ეძებეთ“ ნათარგმნია ებრაული ზმნიდან, რომელიც უწყვეტ მოქმედებაზე მიუთითებს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გამუდმებით ეძებეთ“. ასე რომ, სამეფო უპირველესი საფიქრალი უნდა იყოს ჩვენთვის და არა ერთჯერადი ან დროებითი ინტერესის საგანი.