არჩეულ მასალაზე გადასვლა

არსებობს ღმერთი?

არსებობს ღმერთი?

ბიბლია გვპასუხობს

 დიახ, ბიბლიაში მოცემულია ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. ის მოგვიწოდებს, განვიმტკიცოთ ღვთისადმი რწმენა „გააზრებულად“ და ბრმად არ დავიჯეროთ სხვადასხვა რელიგიური დოგმატი (რომაელები 12:1; 1 იოანე 5:20). დაფიქრდით ბიბლიაზე დაფუძნებულ შემდეგ მსჯელობაზე:

  •   მოწესრიგებული სამყარო და მასში არსებული სიცოცხლე ღვთის არსებობაზე მიუთითებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). მართალია, ამ სიტყვებში მოყვანილი ლოგიკა ძალიან მარტივია, თუმცა მრავალი განათლებული ადამიანი თვლის, რომ ის საკმაოდ ძლიერია. a

  •   ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება, იცოდეს, რა არის სიცოცხლის აზრი და ეს მოთხოვნილება მაშინაც კი დაუკმაყოფილებელი რჩება, როცა სხვა ყველა აუცილებელი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია. ბიბლია მას „სულიერ წყურვილს“ უწოდებს; ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მოთხოვნილება აქვს, გაიცნოს ღმერთი და თაყვანი სცეს მას (მათე 5:3; გამოცხადება 4:11). ჩვენში არსებული „სულიერი მოთხოვნილება“ არა მარტო ღვთის არსებობას ამტკიცებს, არამედ იმასაც, რომ სამყაროს შემოქმედი მოსიყვარულეა და სურს, დააკმაყოფილოს ჩვენი ეს მოთხოვნილება (მათე 4:4).

  •   ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც საუკუნეებით ადრე დაიწერა, ზედმიწევნით შესრულდა. ამ წინასწარმეტყველებების სიზუსტე და მათში მოცემული დეტალები ადასტურებს, რომ ისინი ზებუნებრივი ძალისგან მომდინარეობს (2 პეტრე 1:21).

  •   ბიბლიის დამწერები ფლობდნენ ისეთ მეცნიერულ ცოდნას, რომელიც მათი თანამედროვეების ცოდნას ბევრად აღემატებოდა. მაგალითად, ძველად ბევრს სჯეროდა, რომ დედამიწა სპილოებზე, კუებზე ან კიდევ სხვა ცხოველებზე იდგა. ამის საპირისპიროდ, ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ბიბლია დედამიწის ფორმას მართებულად უწოდებს „წრეს“ (ესაია 40:22). ბევრი ფიქრობს, რომ ბიბლიის დამწერები ღვთისგან იღებდნენ ინფორმაციას და სწორედ ეს არის ერთადერთი ახსნა იმისა, თუ საიდან გააჩნდათ მათ ასეთი ცოდნა.

  •   ბიბლია ყველაზე რთულ კითხვებსაც კი სცემს პასუხს. მაგალითად, თუ ღმერთი მოსიყვარულე და ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ ხდება ამდენი უბედურება და რატომ იტანჯებიან ადამიანები? რატომ არის, რომ რელიგიები კარგის ნაცვლად ცუდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე? (ტიტე 1:16). დღეს ბევრი ვერ სცემს ამ კითხვებზე პასუხს და სწორედ ამიტომ ღვთისადმი რწმენა აქვთ დაკარგული. მაგრამ ბიბლიაში ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხებია მოცემული.

a მაგალითად, ასტრონომმა ალან სენდეიჯმა, სამყაროს შესახებ ასეთი რამ თქვა: „ჩემი აზრით, დაუჯერებელია ის, რომ [სამყაროში] ასეთი წესრიგის წინა ეტაპი ქაოსი იყო. აუცილებლად უნდა ყოფილიყო წესრიგის პირველმიზეზი. მართალია, ღმერთი ჩემთვის იდუმალებითაა მოცული, მაგრამ, ამავდროულად, მხოლოდ მისი არსებობა ხსნის იმ სასწაულს, რასაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ, რადგან არსებობს სიცოცხლე და სამყარო, რომელსაც წესით არ უნდა ეარსება.