არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია რისხვაზე?

რას ამბობს ბიბლია რისხვაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 გაუკონტროლებელი რისხვა საზიანოა, არა მარტო მისთვის, ვინც რისხდება, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც (იგავები 29:22). მართალია, განრისხება შეიძლება ზოგჯერ გამართლებული იყოს, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ თუ ადამიანი ხშირად რისხდება, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს (გალატელები 5:19—21). ბიბლიაში არაერთი პრინციპია მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააკონტროლოს ეს მოზღვავებული ემოცია.

 ყოველთვის უადგილოა რისხვა?

 არა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს რისხვას გამართლება. მაგალითად, ღვთის ერთგული მამაკაცი ნეემია ძალიან განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ მის თანამსახურებს ავიწროებდნენ (ნეემია 5:6).

 დროდადრო ღმერთიც რისხდება. მაგალითად, როდესაც ისრაელებმა დაარღვიეს მასთან დადებული შეთანხმება და ცრუ ღმერთებს დაუჩოქეს, „აენთო იეჰოვას რისხვა“ მათზე (მსაჯულები 2:13, 14). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რისხვა არაა ღვთის მთავარი თვისება. იეჰოვას რისხვა ყოველთვის სამართლიანად ვლინდება და მას სრულად შეუძლია მისი გაკონტროლება (გამოსვლა 34:6; ესაია 48:9).

 როდის არის რისხვა გაუმართლებელი?

 რისხვა უადგილოა, როცა ის გაუკონტროლებელია და მას უსამართლოდ ავლენენ. და ხშირად სწორედ ამ სახის რისხვასთან გვაქვს საქმე არასრულყოფილი ადამიანების შემთხვევაში. მაგალითად:

  •   კაენი „რისხვით აენთო“, როდესაც იეჰოვამ არ მოიწონა მისი შესაწირავი. ის ისე მოიცვა რისხვამ, რომ საკუთარი ძმა მოკლა (დაბადება 4:3—8).

  •   წინასწარმეტყველი იონა „რისხვით აენთო“, როდესაც ღმერთმა შეიწყალა ნინეველები. იეჰოვამ თვალსაზრისი შეუსწორა იონას და უთხრა, რომ მისი რისხვა უმართებულო იყო; მას თანაგრძნობა უნდა გამოევლინა მომნანიე ცოდვილების მიმართ (იონა 3:10—4:1, 4, 11). a

 ეს მაგალითები იმაზე მოწმობს, რომ, როცა საქმე არასრულყოფილ ადამიანებს ეხება, „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკობი 1:20).

 როგორ უნდა გავაკონტროლოთ რისხვა?

  •   გააცნობიერეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია უკონტროლო რისხვას. ზოგი ფიქრობს, რომ, რაც მეტად განრისხდება, მით უფრო ძლიერი გამოჩნდება. სინამდვილეში კი, როცა ადამიანი ბრაზს ვერ თოკავს, ეს სერიოზული სისუსტის მაჩვენებელია. „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგავები 25:28; 29:11). მეორე მხრივ, როცა ბრაზს ვაკონტროლებთ, ამით ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად ძლიერი და წინდახედული ადამიანები ვართ (იგავები 14:29). ბიბლიაში ნათქვამია: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32).

  •   მანამდე მოთოკეთ რისხვა, სანამ ისეთ რამეს ჩაიდენთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმუნი 37:8). აქედან გამომდინარე, განრისხების დროსაც კი შეგვიძლია ჩავაცხროთ ჩვენში მრისხანება, სანამ რაიმე „ბოროტებას“ ჩავიდენთ. ეფესოელების 4:26 გვირჩევს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ“.

  •   თუ შესაძლებელია, გაეცალეთ იქაურობას, სანამ თქვენში რისხვა იფეთქებს. „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14). მართალია, სხვებთან უთანხმოებების მოგვარება გონივრული საქციელია, მაგრამ ჯერ დაიცადე, სანამ ორივე მხარე არ დაწყნარდებით და მერე უფრო მშვიდად შეაფასებთ სიტუაციას.

  •    გაეცანი ფაქტებს. „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11). ჭკვიანურია, როცა დასკვნის გაკეთებამდე ვეცნობით ფაქტებს. თუ ყურადღებით ვუსმენთ ინფორმაციას საქმის ყველა მხარეზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმართებულოდ განვრისხდეთ (იაკობი 1:19).

  •    ილოცეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ლოცვის მეშვეობით საკუთარ თავზე გამოცდით, რა არის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:7). ლოცვა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რითაც ღვთის წმინდა სულს ვიღებთ. წმინდა სულის მეშვეობით კი ვავითარებთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მშვიდობა, მოთმინება და თავშეკავება (ლუკა 11:13; გალატელები 5:22, 23).

  •   გონივრულად აირჩიეთ მეგობრები. როგორც წესი, ყველანი მიდრეკილნი ვართ, რომ გარშემო მყოფებს დავემსგავსოთ (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33). ბიბლია საფუძვლიანი მიზეზის გამო გვირჩევს: „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს“. რატომ? „რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო“ (იგავები 22:24, 25).

a როგორც ჩანს, იონამ მიიღო ღვთის შეგონება და მოიშორა რისხვა, ვინაიდან ღმერთმა სწორედ ის გამოიყენა ბიბლიის იმ წიგნის დასაწერად, რომელიც იონას სახელს ატარებს.