არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ნების თავისუფლებაზე? წინასწარ აქვს ღმერთს განსაზღვრული თქვენი მომავალი?

რას ამბობს ბიბლია ნების თავისუფლებაზე? წინასწარ აქვს ღმერთს განსაზღვრული თქვენი მომავალი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ღმერთმა ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ღმერთი იღებს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს და არც ბედისწერა განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. არჩევანს თავად ვაკეთებთ. განვიხილოთ, რას გვასწავლის ბიბლია:

  •   ღმერთმა ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა (დაბადება 1:26). ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად ინსტინქტი მართავს, ჩვენ შემოქმედის მსგავსად შეგვიძლია ისეთი თვისებები გამოვავლინოთ, როგორიცაა სიყვარული და სამართლიანობა. და როგორც ჩვენს შემოქმედს, ჩვენც გვაქვს თავისუფალი ნება.

  •   მნიშვნელოვანწილად საკუთარ მომავალს თავად განვსაზღვრავთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „აირჩიე სიცოცხლე ... მოუსმინე მის [ღვთის] ხმას“ (კანონი 30:19, 20). ეს მოწოდება აზრს მოკლებული და მეტისმეტად მკაცრიც კი იქნება, თუ ღმერთი არ მოგვცემს არჩევნის უფლებას. ნაცვლად იმისა, რომ გვაიძულოს თავისი ნების შესრულება, ღმერთი გულთბილად გვეუბნება: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18).

  •   ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას ნამდვილად არ განსაზღვრავს ბედისწერა. თუ გვინდა, რომ წარმატებული ვიყოთ, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამისთვის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლესიასტე 9:10). ღვთის სიტყვაში ასევე წერია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).

 ნების თავისუფლება ღვთის ფასდაუდებელი ძღვენია, რადგან ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სურვილით „მთელი გულით“ შევიყვაროთ ღმერთი (მათე 22:37).

ნუთუ ღმერთი არ აკონტროლებს ყველაფერს?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა; არავის შეუძლია შეზღუდოს იგი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად იკავებს თავს რაიმეს გაკეთებისგან (იობი 37:23; ესაია 40:26). მაგრამ ის არასდროს იყენებს თავის ძალას იმისათვის, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი „თავს იკავებდა“, როცა მის ხალხს ბაბილონელები, დაუძინებელი მტრები, ავიწროებდნენ (ესაია 42:14). მსგავსად, დღესაც ღმერთი მოთმინებას ავლენს მათ მიმართ, ვინც ბოროტად იყენებს ნების თავისუფლებას და სხვებს ზიანს აყენებს. მაგრამ იგი უსასრულოდ არ მოითმენს (ფსალმუნი 37:10, 11).