არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის პასექი?

რა არის პასექი?

ბიბლია გვპასუხობს:

 პასექი არის ებრაული დღესასწაული, რომელიც ძვ. წ. 1513 წელს ღვთის მიერ ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად იმართებოდა. ღმერთმა ისრაელებს დაავალა, ხსომებოდათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ყოველ წელს ებრაული კალენდრის მიხედვით აბიბის 14-ში აღენიშნათ. ამ თვეს მოგვიანებით ნისანი ეწოდა (გამოსვლა 12:42; ლევიანები 23:5).

რატომ ეწოდა პასექი?

 სიტყვა „პასექი“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს გვერდის ავლას. ის მიუთითებს იმ დროზე, როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა პირმშო დახოცა, ისრაელებს კი თავიდან აარიდა ეს უბედურება (გამოსვლა 12:27; 13:15). ვიდრე ღმერთი სასჯელს აღასრულებდა და პირმშოებს დახოცავდა, მან ისრაელებს უთხრა, რომ ცხვარი ან თხა დაეკლათ და მისი სისხლი სახლის კარისთავებისთვის მიესხურებინათ (გამოსვლა 12:21, 22). როცა ღმერთი დაინახავდა ამ ნიშანს, გვერდს აუვლიდა ისრაელთა სახლებს და დაინდობდა მათ პირმშოებს (გამოსვლა 12:7, 13).

როგორ აღნიშნავდნენ პასექს ბიბლიურ დროში?

 ღმერთმა ისრაელებს მისცა მითითებები, როგორ აღენიშნათ პირველი პასექი. a მოდი გავიგოთ, რას მოიცავდა ეს დღესასწაული.

  •   შესაწირავი: 10 აბიბს (ნისანი) თითოეულ ოჯახს უნდა შეერჩია ერთი წლის ცხვარი ან თხა და 14 აბიბს დაეკლა. პირველი პასექის აღნიშვნისას ისრაელებს ცხოველის სისხლი კარისთავისა და წირთხლისთვის უნდა მიესხურებინათ; მათ მთლიანად უნდა შეეწვათ ცხოველი და შეეჭამათ (გამოსვლა 12:3—9).

  •   ვახშამი: საპასექო ვახშმის დროს ისრაელები ცხვრის (ან თხის) ხორცის გარდა ჭამდნენ უფუარ პურსა და მწარე მწვანილს (გამოსვლა 12:8).

  •   უფუარობის დღესასწაული: პასექის შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში ისრაელებს უნდა ეზეიმათ უფუარობის დღესასწაული და ამ დროის განმავლობაში საფუვრიანი პური არ უნდა ეჭამათ (გამოსვლა 12:17—20; 2 მატიანე 30:21).

  •   სწავლება: პასექის დროს მშობლებს თავიანთი შვილებისთვის იეჰოვა ღმერთის შესახებ უნდა ესწავლებინათ (გამოსვლა 12:25—27).

  •   მგზავრობა: მოგვიანებით პასექის აღსანიშნავად ისრაელები იერუსალიმში ჩადიოდნენ (კანონი 16:5—7; ლუკა 2:41).

  •   სხვა წეს-ჩვეულებები: იესოს დროს პასექის აღნიშვნისას ღვინოს სვამდნენ და სიმღერებს მღეროდნენ (მათე 26:19, 30; ლუკა 22:15—18).

მცდარი შეხედულებები პასექის შესახებ

 მცდარი შეხედულება: ისრაელები საპასექო ვახშამს 15 ნისანს ჭამდნენ.

 სინამდვილე: ღმერთმა ისრაელებს უბრძანა, რომ ცხვარი 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ დაეკლათ და იმავე საღამოს ეჭამათ (გამოსვლა 12:6, 8). ისრაელებისთვის ყოველი ახალი დღე მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა (ლევიანები 23:32). ასე რომ, როგორც კი 14 ნისანი დადგებოდა, ისრაელები კლავდნენ ცხვარს და შემდეგ საპასექო ვახშამს ჭამდნენ.

 მცდარი შეხედულება: ქრისტიანები უნდა აღნიშნავდნენ პასექს.

 სინამდვილე: 14 ნისანს, ახ. წ. 33 წელს, პასექის აღნიშვნის შემდეგ იესომ ახალი დღესასწაული, უფლის ვახშამი დააწესა (ლუკა 22:19, 20; 1 კორინთელები 11:20). უფლის ვახშამი, რომელმაც შეცვალა პასექის დღესასწაული, შეგვახსენებს, რომ „შეწირულ იქნა ქრისტე“, ჩვენი საპასექო კრავი (1 კორინთელები 5:7). იესოს გამოსასყიდი აღემატება საპასექო მსხვერპლს, ვინაიდან ის ათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (მათე 20:28; ებრაელები 9:15).

a დროის სვლასთან ერთად საჭირო გახდა ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ისრაელებმა პირველი პასექი აჩქარებით აღნიშნეს, რადგან მალე მათ ეგვიპტე უნდა დაეტოვებინათ (გამოსვლა 12:11). თუმცა აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ მეტად აღარ იყო საჭირო პასექის აჩქარებით აღნიშვნა.