არჩეულ მასალაზე გადასვლა

აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდეთ?

აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდეთ?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ, რადგან ღმერთის სურვილია, ადამიანები თაყვანსაცემად ერთად იკრიბებოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელები 10:24, 25).

 როგორც ქვემოთ მოყვანილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, მისი მიმდევრებისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებული იქნებოდა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ასეთ სიყვარულს ქრისტეს მოწაფეები უმთავრესად თანამორწმუნეებთან ურთიერთობით გამოავლენდნენ. მათ ექნებოდათ ორგანიზებული კრების შეხვედრები, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარულად შეიკრიბებოდნენ ღვთის თაყვანსაცემად (1 კორინთელები 16:19). ყველანი ერთად ისინი ერთ მსოფლიო საძმოდ გაერთიანდებოდნენ (1 პეტრე 2:17).

საკმარისი არ არის მხოლოდ რომელიმე რელიგიაში გაერთიანება

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიის თანახმად, ღვთის თაყვანსაცემად ერთად უნდა ვიკრიბებოდეთ, მაგრამ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად უბრალოდ რომელიმე რელიგიაში გაერთიანება არ კმარა. ღვთის თვალში თაყვანისმცემლობის მხოლოდ ის ფორმა ანუ ის რელიგიაა მოსაწონი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, ბიბლიაში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკობი 1:27).