არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს

ესაუბრეთ შვილებს ალკოჰოლის ავკარგიანობაზე

ესაუბრეთ შვილებს ალკოჰოლის ავკარგიანობაზე

 „ექვსი წლის იყო ჩვენი გოგონა, როცა პირველად ვესაუბრეთ ალკოჰოლის შესახებ. ჩვენდა გასაკვირად, იმაზე ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე მოველოდით“ (ალექსანდრე).

 რა უნდა იცოდეთ

 მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი შვილებთან. ნუ დაელოდებით, სანამ თქვენი შვილი წამოიზრდება. რუსეთში მცხოვრები ერთი მამაკაცი, სახელად ხამიტი ასეთ რამეს ამბობს: „ნეტავ, ადრევე გვესაუბრა ჩვენს ბიჭთან ალკოჰოლთან დაკავშირებით. ახლა კი ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია. 13 წლის ასაკში უკვე თითქმის ყოველდღე სვამდა ჩვენი შვილი“.

 რატომ გვმართებს ყურადღება?

  •   კლასელებმა, რეკლამებმა და ტელევიზორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი შვილის შეხედულებაზე.

  •   აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის მომხმარებელთა 11 პროცენტი არასრულწლოვანია.

 აქედან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ადრეული ასაკიდანვე ესაუბრონ შვილებს ალკოჰოლთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

 რის გაკეთება შეგიძლიათ

 წინასწარ იფიქრეთ, რა კითხვები შეიძლება დაებადოს თქვენს შვილს. ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, მოზარდები ხომ საერთოდ. ამიტომ კარგად უნდა იყოთ მომზადებული მათთან სასაუბროდ. მაგალითად:

  •   თუ ბავშვს აინტერესებს, როგორი გემო აქვს ალკოჰოლს, შეგიძლიათ ასე აუხსნათ, რომ ღვინოს აქვს მჟავე ხილის გემო, ხოლო ლუდს — ცოტა მომწარო.

  •   თუ თქვენს შვილს ალკოჰოლის გასინჯვა მოუნდა, აუხსენით, რომ ალკოჰოლი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნებელია. უთხარით, რომ დალევა იწვევს მოდუნებას, მოთენთვას; ბევრის დალევა — თავბრუსხვევას; აუხსენით, რომ თუ ადამიანი ზომაზე მეტს დალევს, შეიძლება ისეთი სულელური საქციელი ჩაიდინოს ან ისეთი რამ თქვას, რასაც შემდეგ ძალიან ინანებს (იგავები 23:29—35).

 ჯერ თქვენ თვითონ გაერკვიეთ საკითხში კარგად. ბიბლია ამბობს: „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“ (იგავები 13:16). გაარკვიეთ, როგორ მოქმედებს სასმელი ადამიანის ორგანიზმზე და რა კანონები და შეზღუდვები არსებობს თქვენს ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციების წყალობით უფრო ადვილად დაეხმარებით შვილებს.

 თავად წამოიწყეთ საუბარი. ბრიტანეთში მცხოვრები ერთი მამა, სახელად მარკი ამბობს: „ბავშვებისთვის ალკოჰოლთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს. ერთხელ ჩემს რვა წლის ბიჭს ვკითხე, რას ფიქრობდა ალკოჰოლთან დაკავშირებით, შეიძლებოდა სასმელის დალევა თუ არა. თბილი და თავისუფალი გარემო შევუქმენი ჩემს პატარას და სასიამოვნო და გულახდილი საუბარი გამოგვივიდა“.

 ბავშვი უფრო კარგად აღიქვამს და დაიმახსოვრებს თქვენს ნათქვამს, თუ ერთი და იმავე საკითხზე არაერთხელ ისაუბრებთ. ასაკიდან გამომდინარე, როცა ბავშვს ესაუბრებით ალკოჰოლთან დაკავშირებით, შეეხეთ სხვა ცხოვრებისეულ საკითხებსაც, მაგალითად ელემენტარულ საგზაო წესებს და ინტიმურ საკითხებს.

 თავად თქვენ უნდა აძლევდეთ კარგ მაგალითს. ბავშვი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს. მრავალი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შვილებზე ყველაზე დიდ გავლენას მშობლების მაგალითი ახდენს. თუ შვილი ხედავს, რომ დაღლილობის და სტრესის დროს სასმელით იქარვებთ გულის დარდს, იფიქრებს, რომ ალკოჰოლი სირთულეების დროს საუკეთესო წამალია. ასე რომ, თავად თქვენ უნდა მისცეთ შვილს კარგი მაგალითი. ზომიერად სვამთ ალკოჰოლს?

თქვენი შვილები თქვენგან აიღებენ მაგალითს