არჩეულ მასალაზე გადასვლა

ისინი მზად არიან ხანძრის ჩასაქრობად

ისინი მზად არიან ხანძრის ჩასაქრობად

„ცეცხლი! ფარდული იწვის!“ — იყვირა სანდრამ საუზმის დროს. ამ დღეს იგი მეუღლის მშობლებთან იმყოფებოდა სტუმრად. მან ფანჯრიდან თვალი მოჰკრა კვამლს, რომელიც სახლის გვერდით მდგარი ფარდულიდან გამოდიოდა. ის და მისი მეუღლე ტომასი არ დაიბნენ. ტომასი მაშინვე ფარდულისკენ გაიქცა, რათა გაეგო, რა ხდებოდა, სანდრა კი ცეცხლსაქრობის მოსატანად გავარდა. მან საჩქაროდ მიუტანა ტომასს ცეცხლსაქრობი და მანაც ცეცხლი ჩააქრო. სანდრა იხსენებს: „მყისიერად რომ არ გვემოქმედა, ფარდული მთლიანად დაიწვებოდა“.

როგორ მოახერხა ამ წყვილმა, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყო და დაუყოვნებლივ ემოქმედა? მათ ზელტერსში (გერმანია) განთავსებულ იეჰოვას მოწმეების ფილიალში მომსახურე დაახლოებით 1 000 მოხალისესთან ერთად სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ტრენინგი გაიარეს.

ზელტერსში ფილიალის შენობები 30 ჰექტარზეა განთავსებული. მათ შორისაა სამრეცხაო, სტამბა და სხვადასხვა დანიშნულების შენობები, რომლებშიც ხანძრის გაჩენის რისკი მაღალია. ამიტომ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ შეიმუშავა სახანძრო უსაფრთხოების პროგრამა. წელიწადში ერთხელ ის ჯგუფი, რომელსაც ფილიალში საგანგაშო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება ევალება, მომზადებას გადის ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან. გარდა ამისა, ყველა მოხალისეს უტარდება:

  • სახანძრო-საევაკუაციო სწავლება

  • სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება

  • ახალგაჩენილ ხანძრის კერასთან ბრძოლის სწავლება

ამგვარად, მოხალისეები საგანგაშო ვითარებაში სწორად მოქცევის უნარ-ჩვევებს იძენენ.

ხანძრის ჩაქრობის სწავლება

ტრენინგის დროს მოხალისეები სწავლობენ ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქრობას. კრისტინი, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლეს სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესები, ფილიალში ჩატარებული სწავლების შესახებ ასეთ რამეს ამბობს: „ხელი ვტაცე ცეცხლსაქრობს, გავხსენი, შემდეგ ცეცხლს იმ მხრიდან მივუახლოვდი, საიდანაც ქარი უბერავდა და ჩავაქრე. ეს ყველაფერი მარტომ გავაკეთე! გარდა ამისა, ვისწავლე, როგორ ჩავაქრო ცეცხლი 4-5-კაციან ჯგუფთან ერთად“.

დანიელი, რომელიც ფილიალში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ტრენინგებს ატარებს, აღნიშნავს: „ასეთი სწავლება გვეხმარება, დავძლიოთ ხანძრის შიში. ხანძრის დროს ხალხი ხშირად პანიკაში ვარდება. დაბნეულებმა და შეშინებულებმა არ იციან, რა გააკეთონ ან როგორ გამოიყენონ ცეცხლსაქრობი. თუ მათ ეცოდინებათ, ასეთ დროს როგორ მოიქცნენ, ადვილად შეძლებენ ცეცხლის ლოკალიზებას, რათა ის ხანძარში არ გადაიზარდოს. მოხალისეები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ცეცხლსაქრობი საგანგაშო სიტუაციის დროს. ამგვარი სწავლება მათ თავდაჯერებულობას მატებს და ეხმარება, სწრაფად იმოქმედონ ხანძრის დროს“.

რა შედეგები მოჰყვა სწავლებას

ბევრმა, ვინც სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ტრენინგი გაიარა, მადლიერების სიტყვები არ დაიშურა. აი, რას ამბობს ზემოხსენებული კრისტინი: „ტრენინგის დროს ცეცხლსაქრობის გამოყენება ვისწავლე. ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაროს ასეთი სწავლების კურსი“. ნადია, რომელიც ბეთელში შტატგარეშედ მსახურობს და თან აეროპორტში მუშაობს, აღნიშნავს: „ათ წელზე მეტია, რაც აეროპორტში სახანძრო უსაფრთხოების თეორიულ სწავლებას გავდივარ, მაგრამ ფილიალში ჩატარებულმა ტრენინგმა უკეთესად მომამზადა. ახლა უკვე ვიცი, ხანძრის შემთხვევაში, როგორ მოვიქცე“.

ზემოთ მოხსენიებული სანდრა დარწმუნებულია, რომ ბეთელში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა, არ დაბნეულიყო და სწრაფად ემოქმედა, როცა მისი მეუღლის მშობლების ფარდულში ცეცხლი გაჩნდა. ფილიალში ჩატარებული ტრენინგის შესახებ ის ამბობს: „ვისწავლე, როგორ ჩავაქრო ცეცხლი ცეცხლსაქრობის გამოყენებით. კარგია, რომ ასეთი ტრენინგი ფილიალში ყოველ წელს ტარდება. ამან დიდი გამოცდილება შემძინა“.

მეხანძრე-მაშველები პრაქტიკულ გაკვეთილებს ატარებენ

ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს იეჰოვას მოწმეების ფილიალის ტერიტორიაზე. უფროსი მეხანძრე-მაშველი ტეო ნეკერმანი ამბობს: „ჩვენი განყოფილება პასუხისმგებელია იმ ტერიტორიაზე, რომელიც ზელტერსის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ცეცხლის ჩაქრობა საცხოვრებელ სახლებში გვიწევს, მაგრამ თქვენი ფილიალის შენობები გამონაკლისია მათი სიდიდისა და დანიშნულების გამო. ამ შენობებში ხანძრის ლოკალიზება რომ შევძლოთ, დამატებითი პრაქტიკა გვჭირდება. ამიტომ მოხარულები და მადლიერები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“.

ფილიალის 100-ზე მეტი წევრი, რომელთაც საგანგაშო სიტუაციების დროს მყისიერი რეაგირება ევალებათ, სპეციალურ მომზადებას ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან გადის. ამ სწავლების მიზანი ის არის, რომ საგანგაშო სიტუაციის დროს მათ შეძლონ სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ტეო ნეკერმანი ამბობს: „ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გუნდმა. მათი დახმარებითა და ხელმძღვანელობით სახანძრო უსაფრთხოების სწავლება და სამაშველო ოპერაციები წარმატებით ჩავატარეთ“.

მეხანძრე აჩვენებს, რატომ არის საშიში აალებული ცხიმოვანი ნივთიერების წყლით ჩაქრობა

2014 წლის თებერვლის ერთ საღამოს ადგილობრივმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ და ფილიალში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფმა წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სამაშველო ოპერაცია. იმ საღამოს ფილიალის საცხოვრებელ შენობაში ერთი ოთახი კვამლით აივსო. დანიელი იხსენებს: „ირგვლივ ყველაფერი კვამლში გაეხვა. ჩვენ სასწრაფოდ დავუკავშირდით სახანძრო-სამაშველო სამსახურს და, ამავე დროს, 88-ოთახიანი საცხოვრებელი სახლიდან ხალხის ევაკუაცია დავიწყეთ. მეხანძრეების მოსვლამდე მთლიანი შენობა დავცალეთ“. ზემოხსენებული ტეო ნეკერმანი იხსენებს: „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამხელა შენობიდან ხალხის ასე სწრაფად ევაკუირება იყო შესაძლებელი. საოცრად ორგანიზებულად იმოქმედეთ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდმაც შესანიშნავად გაართვა თავი საქმეს!“. მეხანძრეებმა იპოვეს ცეცხლის კერა და ჩააქრეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და ამ შემთხვევას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.

ვიმედოვნებთ, რომ ზელტერსში განთავსებულ ფილიალში არასდროს მოხდება დიდი ხანძარი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხალისეები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს, მზად არიან ხანძრის ჩასაქრობად.