არჩეულ მასალაზე გადასვლა

ერთი იქცა ბევრად

ერთი იქცა ბევრად

 გვატემალაში ცხოვრობს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად მართა, რომელიც კექჩი ენას სწავლობს, რათა ამ ენაზე მოსაუბრე ხალხს ბიბლიური ცნობა გადასცეს. ერთხელ მან დაინახა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოდან გამოდიოდა და მისი გარეგნობიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ის კექჩის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან იყო. ზოგადად, კექჩის მაღალმთიან სოფლებში იეჰოვას მოწმეები იშვიათად ახერხებენ ქადაგებას. მართა მივიდა ამ კაცთან და თავისი დამტვრეული კექჩით გამოელაპარაკა.

 მართამ მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, რაზეც მამაკაცი სიხარულით დასთანხმდა; თუმცა მოუბოდიშა და უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ჩვენმა დამ აუხსნა მას, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას უფასოდ ასწავლიან ხალხს. მან ისიც შესთავაზა, რომ მას და მის ოჯახს ტელეფონით ჩაუტარებდა შესწავლას. მამაკაცი დათანხმდა. მართამ მას ესპანურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მისცა, რადგან ამ კაცმა ესპანურიც იცოდა. აგრეთვე მისცა კექჩი ენაზე გამოცემული ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მომდევნო კვირას ამ კაცმა თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო ტელეფონით. შესწავლას კვირაში ორჯერ ატარებდნენ. მართა იხსენებს: „კექჩი კარგად არ ვიცი, ამიტომ შესწავლას ესპანურად ვატარებდით. ბავშვებმა იცოდნენ ესპანური, მაგრამ ცოლს ქმარი უთარგმნიდა“.

 ეს კაცი პასტორი იყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში და რასაც ბიბლიის შესწავლის დროს იგებდა, თავის მრევლსაც გადასცემდა; მათაც მოსწონდათ, რასაც ისმენდნენ. ერთხელ ჰკითხეს, საიდან იღებდა ამ ინფორმაციას. როცა ამ კაცმა აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას, ბევრმა მოინდომა მასთან ერთად ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში მართა უკვე 15 ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას ტელეფონით. ისინი ტელეფონთან მიკროფონს დებდნენ, რათა ყველას გაეგონა მართას ხმა.

 მართამ ამ ბიბლიის შესწავლების შესახებ თავისი კრების უხუცესებს უთხრა. ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი ამ სოფელს ესტუმრა. უხუცესმა ბიბლიის შემსწავლელები სარაიონო ზედამხედველის a საჯარო მოხსენებაზე დაპატიჟა, რომელიც მას ერთ-ერთ სოფელში უნდა წარმოეთქვა. ამ სოფლამდე მისასვლელად მათ ერთი საათი უნდა ევლოთ მანქანით და შემდეგ ორი საათი — ფეხით. ბიბლიის 17 შემსწავლელი დაესწრო ამ შეხვედრას.

 გარკვეული ხნის შემდეგ სარაიონო ზედამხედველმა და რამდენიმე და-ძმამ მოინახულეს ბიბლიის შემსწავლელები და ოთხი დღე დარჩნენ მათთან. ყოველ დილით ისინი უყურებდნენ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ბიბლიაზე დაფუძნებულ კექჩიენოვან ვიდეოებს და განიხილავდნენ ბროშურას „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“; შუადღისით უყურებდნენ JW მაუწყებლობის პროგრამას. სარაიონო ზედამხედველმა იმაზეც იზრუნა, რომ თითოეულ შემსწავლელს ინდივიდუალურად შეესწავლა იეჰოვას მოწმესთან ბიბლია.

 ოთხი დღის განმავლობაში მოწმეებმა ახლომდებარე კექჩიენოვან სოფლებშიც იქადაგეს და ხალხი სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე ძმებმა ორმოცდაშვიდივე დამსწრეს შესთავაზეს, რომ, თუ სურვილი ექნებოდათ, იეჰოვას მოწმეები ინდივიდუალურად შეასწავლიდნენ ბიბლიას. თერთმეტმა ოჯახმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

 რამდენიმე თვეში ზემოთ მოხსენიებული მამაკაცის სოფელში უკვე ყოველკვირა ტარდებოდა კრების შეხვედრები. ამჟამად შეხვედრებს დაახლოებით 40 ადამიანი ესწრება რეგულარულად. ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 91 ადამიანი დაესწრო, რამაც ძმები ძალიან გაახარა.

 ამ შესანიშნავი შემთხვევის გახსენებისას მართამ აღნიშნა: „უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ყოველთვის მახსოვს ის აზრი, რომ იეჰოვა ზუსტად ჩვენნაირ ადამიანებს იყენებს თავისი საქმის შესასრულებლად. იეჰოვამ დაინახა ამ ხალხის გულები და მიიზიდა ისინი თავისი ხალხისკენ. მართლაც, მას ძალიან უყვარს თითოეული მათგანი“.

a სარაიონო ზედამხედველი ინახულებს დაახლოებით 20 კრებას, რომლებიც ქმნიან ერთ თეოკრატიულ რაიონს.