არჩეულ მასალაზე გადასვლა

რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ნაწილი ინგლისურ ენაზე 1950 წელს გამოიცა. მას შემდეგ მრავალს გაუჩნდა კითხვა, თუ რამდენად ზუსტია ეს თარგმანი, რადგან ზოგი რამ განსხვავდება სხვა ბიბლიური თარგმანებისგან. ეს განსხვავებები, ხშირად შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული.

  •   სანდოობა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დაფუძნებულია უახლეს მეცნიერულ გამოკვლევებსა და სანდო უძველეს ხელნაწერებზე.

  •   ღვთის სიტყვისადმი ერთგულება. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიზანია, უცვლელად, ზუსტად გადმოსცეს ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ცნობა (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის ბევრი თარგმანი ადამიანურ ტრადიციებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ღვთის ცნობას. მაგალითად ბევრ თარგმანში ღვთის სახელი იეჰოვა შეცვლილია ისეთი წოდებებით, როგორიცაა უფალი ან ღმერთი.

  •   ზუსტი თარგმანი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა აზრობრივი თარგმანებისგან განსხვავებით სიტყვასიტყვით გადმოსცემს დედნისეულ ტექსტს, თუ ამას აზრი არ ეწირება. ბიბლიის აზრობრივ თარგმანებში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი დეტალები ან ტექსტზე გავლენას ადამიანთა შეხედულებები ახდენს.

განსხვავება ბიბლიის თარგმანებს შორის

 ამოღებული წიგნები. რომის კათოლიკურმა და აღმოსავლეთ მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა თავიანთ ბიბლიებში დაამატეს ეგრეთ წოდებული აპოკრიფული (არაკანონიკური) წიგნები. თუმცა ეს წიგნები არასდროს მიეკუთვნებოდა წმინდა წერილების იუდაისტურ კანონს. აღსანიშნავია ბიბლიაში იუდეველებზე ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რომაელები 3:1, 2). აქედან გამომდინარე, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და ბიბლიის სხვა მრავალი თანამედროვე თარგმანი, არ შეიცავს აპოკრიფულ წიგნებს.

 გამოტოვებული მუხლები. „ახალი ქვეყნიერების თარგმანისგან“ განსხვავებით, ბიბლიის ზოგ თარგმანში ჩამატებულია მუხლები და ფრაზები, რომლებიც ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში არსად გვხვდება. ბევრი თანამედროვე თარგმანი ტექსტიდან იღებს ასეთ დამატებებს, ან ტოვებს მათ და აღნიშნავს, რომ ისინი არასანდო წყაროებზეა დაფუძნებული. a

 სხვა სიტყვებით გადმოცემული აზრი. ზოგჯერ სიტყვასიტყვითი თარგმანი გაუგებარია ან შეცდომაში შემყვანი. მაგალითად, მათეს 5:3-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები ხშირად ასეა ნათარგმნი: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ (კს). ბევრისთვის რთული გასაგებია, თუ რა იგულისხმება სიტყვაში „ღარიბი“, ზოგი კი ფიქრობს, რომ იესოს სურდა დაენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა ან სიღარიბე. მაგრამ სინამდვილეში, იესო გულისხმობდა, რომ ბედნიერია ის, ვინც აცნობიერებს, რომ ღვთის ხელმძღვანელობა სჭირდება. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ზუსტად გადმოსცემს იესოს სიტყვების მნიშვნელობას: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). b

სწავლულები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, დადებითად ეხმაურებიან „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“

  •   1950 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, სწავლულმა ედგარ გუდსპიდმა (Edgar J. Goodspeed) „ქრისტიანულ ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით აღნიშნა: „მე დაინტერესებული ვარ თქვენი საქმიანობით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ეწევით. დიდად ნასიამოვნები დავრჩი ამ თავისუფალი, ზუსტი და ცოცხალი თარგმანით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად არის გამოკვლეული“.

    ედგარ გუდსპიდი

  •   ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ალენ უიკგრენმა (Allen Wikgren) „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ თქვა, რომ ის გასაგებ ენაზეა ნათარგმნი და არ არის სხვა თარგმანების გავლენის ქვეშ მოქცეული, „ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი თარგმანია“ (The Interpreter’s Bible, ტომი I, გვ. 99).

  •   ბიბლიის ბრიტანელი კრიტიკოსი ალექსანდრე ტომსონი (Alexander Thomson) „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით წერს: „აშკარაა, რომ ამ თარგმანზე მუშაობდნენ გამოცდილი და ნიჭიერი სწავლულები, რომლებმაც იმდენად ზუსტად გადმოსცეს ბერძნული ტექსტის არსი, რამდენის საშუალებასაც ინგლისური ენა იძლევა“ (The Differentiator, აპრილი 1952 წელი, გვ. 52).

  •   ჩარლს ფრანსის პოტერი (Charles Francis Potter) აღნიშნავს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ რამდენიმე აზრი მისთვის უცნაურად იყო ნათარგმნი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამბობს: „ამ უცნობმა მთარგმნელებმა ბერძნულ და ებრაულ ენებზე არსებული საუკეთესო ხელნაწერები მეცნიერულ დონეზე თარგმნეს“ (The Faiths Men Live By, გვ. 300).

  •   რობერტ მაკკოის (Robert M. McCoy) აზრით „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უბადლოა და ამასთანავე გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ის ამბობს: «„ახალი აღთქმის“ თარგმანი იმაზე მოწმობს, რომ ამ მიმდინარეობის წევრებს [იეჰოვას მოწმეებს] შორის არიან სწავლულები, რომლებიც საკმარისად არიან კვალიფიცირებულები, რომ ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა გადაჭრან» (Andover Newton Quarterly, იანვარი 1963 წელი, გვ. 31).

  •   მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი სამუელ მაკლინ გილმორი (S. MacLean Gilmour) „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ზოგიერთ რამეს არ ეთანხმება, ის მაინც აღნიშნავს, რომ მისი მთარგმნელები „ბერძნულ ენას საოცრად კარგად ფლობენ“ (Andover Newton Quarterly, სექტემბერი 1966 წელი, გვ. 26).

  •   ასოცირებული პროფესორი ტომას უინტერი (Thomas N. Winter) „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ, რომელიც „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ ნაწილი გახდა, თავის ნაშრომში ამბობს: „უცნობი მთარგმნელების მიერ გაკეთებული თარგმანი საკმაოდ ზუსტი და თანამედროვეა“ (The Classical Journal, აპრილი-მაისი 1974 წელი, გვ. 376).

  •   1989 წელს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ ებრაელმა პროფესორმა ბენჯამინ კედარ-კოპსტეინმა (Benjamin Kedar-Kopfstein) თქვა: «ბიბლიის ებრაული ტექსტისა და თარგმანების ლინგვისტური კვლევის დროს ხშირად მივმართავ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემას. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ ნაშრომზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად ცდილობდნენ ტექსტის, რაც შეიძლება, ზუსტად გაგებას.

  •   რელიგიურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი ჯეისონ ბე დიუნი (Jason David BeDuhn) ინგლისურ ენაზე გამოცემულ ცხრა ყველაზე გავრცელებული თარგმანის ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით ამბობს, რომ «„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებთან შედარებით ზუსტია». თუმცა, ზოგადად ხალხის და მრავალი ბიბლეისტის აზრით ის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან განსხვავდება განპირობებულია მთარგმნელთა რელიგიური შეხედულებებით. ბე დიუნი ამის შესახებ ამბობს: «სხვაობების უმეტესობა იმით არის გამოწვეული, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ „ახალი აღთქმის“ დამწერების მიერ შესრულებული ორიგინალი ტექსტის ყველაზე ზუსტი, სიტყვასიტყვითი და საგულდაგულო თარგმანია» (Truth in Translation, გვ. 163, 165).

a მაგალითისთვის იხილეთ „ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“ (სსგ) და „ახალი აღთქმა და ფსალმუნები; ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი“ (კს). ამ თარგმანებში ჩამატებულია შემდეგი მუხლები: მათე 17:21; 18:11; 23:14; მარკოზი 7:16; 9:44, 46; 11:26; 15:28; ლუკა 17:36; 23:17; იოანე 5:4; საქმეები 8:37; 15:34; 24:7; 28:29; რომაელები 16:24. ზემოხსენებულ თარგმანებში 1 იოანეს 5:7, 8-ში სამების დოგმის მხარდასაჭერად შეიტანეს ცვლილება, რაც ბიბლიის წერის დასრულებიდან ასობით წლის შემდეგ მოხდა.

b მსგავს აზრს გადმოსცემს ბიბლიის „ფილიპსის თარგმანი“, სადაც წერია: „ისინი, ვისაც ესმით, რომ სჭირდებათ ღმერთთან ურთიერთობა“ და „მთარგმნელის ახალი აღთქმა“, სადაც ნათქვამია: „ისინი, ვისაც სულიერი მოთხოვნილება აქვთ“.