მოციქულთა საქმეები 11:1—30

  • პეტრე მოციქულებს საქმის კურსში აყენებს (1—18).

  • ბარნაბა და სავლე სირიის ანტიოქიაში (19—26).

    • მოწაფეებს ქრისტიანები ეწოდათ (26).

  • აგაბე შიმშილობას წინასწარმეტყველებს (27—30).

11  იმ დროს იუდეაში მოციქულებმა და ძმებმა გაიგეს, რომ უცხოტომელებსაც მიეღოთ ღვთის სიტყვა.  როცა პეტრე იერუსალიმში ჩავიდა, წინადაცვეთის+ მომხრეებმა გაკიცხეს,  წინადაუცვეთელთა სახლში როგორ შეხვედი და მათთან ერთად როგორ ჭამეო.  პეტრემ მათ ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა:  «ქალაქ იოპეში რომ ვიყავი, ლოცვისას ბურანში წავედი და ხილვა ვიხილე: რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, რომელსაც ოთხივე კუთხე აწეული ჰქონდა, ციდან ეშვებოდა და ჩემ წინ გაჩერდა.+  ჩავიხედე შიგ და დავინახე დედამიწის ოთხფეხნი, მხეცები, ქვეწარმავლები და ფრინველები.  მერე ხმა მომესმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“  მე კი ვუთხარი: „არა, უფალო, ბილწისა და უწმინდურისთვის პირი არასოდეს დამიკარებია“.  ხმა ციდან მეორედაც მომესმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“. 10  ხმა ციდან მესამედაც მომესმა და მერე ყველაფერი ისევ ცაში ავიდა. 11  იმ დროს სახლს, სადაც ვიყავით, სამი კაცი მოადგა. ისინი კესარეიდან+ იყვნენ გამოგზავნილები ჩემთან. 12  სულმა მითხრა, რომ გავყოლოდი მათ და ეჭვი არაფერში შემპარვოდა. ექვსი ძმა გამომყვა თან და მივედით იმ კაცის სახლში. 13  მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა, გაგზავნე კაცები იოპეში და მოუხმე სიმონს, რომელსაც პეტრესაც ეძახიან,+ 14  და ის გეტყვის ყველაფერს, რაც გადაგარჩენთ შენ და შენს შინაურებსო. 15  როცა ლაპარაკი დავიწყე, მათზეც გადავიდა წმინდა სული, როგორც თავიდან ჩვენზე გადმოვიდა.+ 16  მაშინ გამახსენდა, უფალი რომ ამბობდა, იოანე წყლით ნათლავდა,+ თქვენ კი წმინდა სულით მოინათლებითო.+ 17  ამიტომ, თუ ღმერთმა მათ ისევე მისცა ძღვენი, როგორც ჩვენ, ვინც უფალი იესო ქრისტე ვირწმუნეთ, მე ვინა ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო?»+ 18  როცა ეს მოისმინეს, ვეღარაფერი უთხრეს, ღმერთი განადიდეს და თქვეს: „ღმერთს უცხოტომელებისთვისაც მიუცია იმის ნება, რომ მოინანიონ და იცოცხლონ“.+ 19  ისინი, ვინც სტეფანეს მკვლელობის შემდეგ დაწყებული დევნის გამო მიმოიფანტნენ,+ ფინიკიაში, კვიპროსსა და ანტიოქიაში ჩავიდნენ, მაგრამ მხოლოდ იუდეველებს ამცნობდნენ ღვთის სიტყვას.+ 20  თუმცა ზოგიერთი მათგანი კვიპროსიდან და კირენედან ანტიოქიაში ჩავიდა და ბერძნულენოვან მოსახლეობასთან უფალ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო. 21  იეჰოვა* იყო მათთან; ამიტომ დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა.+ 22  ამის შესახებ იერუსალიმის კრებამ შეიტყო და ანტიოქიაში ბარნაბა+ გაგზავნა. 23  როცა ჩავიდა იქ და დაინახა, თუ როგორ გამოავლინა ღმერთმა წყალობა მათ მიმართ, გაიხარა; იგი ყველას მოუწოდებდა, რომ კვლავაც უფლის ერთგულნი ყოფილიყვნენ.+ 24  კარგი ადამიანი იყო ბარნაბა, წმინდა სულით სავსე და ღრმად მორწმუნე. უფლის მორწმუნეებს უამრავი ხალხი ემატებოდა.+ 25  იქიდან ის ტარსოსში ჩავიდა, მოძებნა სავლე+ 26  და ანტიოქიაში წაიყვანა. მთელი წელი იქ იკრიბებოდნენ და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ. მოწაფეებს ღვთის ნებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.+ 27  იმ დროს იერუსალიმიდან ანტიოქიაში წინასწარმეტყველები+ ჩავიდნენ. 28  ერთი მათგანი, სახელად აგაბე,+ ადგა და წმინდა სულით აღძრულმა იწინასწარმეტყველა, რომ მთელ ქვეყანაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა,+ რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. 29  ამიტომ მოწაფეებმა იუდეაში მცხოვრები ძმებისთვის დახმარების გაგზავნა გადაწყვიტეს,+ ვინც რამდენს შეძლებდა,+ 30  და ასეც მოიქცნენ. მათ დახმარება უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს.+

სქოლიოები