არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გზა ბედნიერებისკენ

იმედი

იმედი

„მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“ (იერემია 29:11)

„კაცი იმედით ცოცხლობს“, — ამბობს ერთი ძველი ანდაზა. ერთ წიგნში კი ნათქვამია, რომ იმედი საუკეთესო საშუალებაა, „დავძლიოთ უსუსურობისა და მარტოობის განცდა და მოვერიოთ შიშს“ (Hope in the Age of Anxiety).

ბიბლიაც ამახვილებს ყურადღებას იმედის აუცილებლობაზე. თუმცა ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, თავი არ მოვიტყუოთ და არ ვიკვებოთ ცრუ იმედებით. ფსალმუნის 146:3-ში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების გადაჭრას ადამიანებისგან მოველოდეთ, გონივრულია, იმედი შემოქმედზე დავამყაროთ, რომელსაც ვერაფერი შეუშლის ხელს, თავისი დანაპირები შეასრულოს. ვნახოთ, რას გვპირდება ის.

ბოლო მოეღება ბოროტებას; მართლები გაიხარებენ მარადიული მშვიდობით: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“, — წერია ფსალმუნის 37:10, 11-ში. 29-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ „მართლები . . . მარადიულად იცხოვრებენ“ დედამიწაზე.

სამუდამოდ შეწყდება ომები: „[იეჰოვა] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:8, 9).

მეტად აღარ იქნება ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

ყველას უხვად ექნება საკვები: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

მთელ მსოფლიოში იქნება ერთი სამართლიანი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც ქრისტე იდგება: „[იესო ქრისტეს] მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:14).

რა გვარწმუნებს, რომ ეს დანაპირები უსათუოდ შესრულდება? დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ დაამტკიცა, რომ საუკეთესო მეფე იქნება — ის ავადმყოფებს კურნავდა, გაჭირვებულებს აპურებდა და მკვდრებს აღადგენდა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რასაც იესო ასწავლიდა. თუ ადამიანები იმ პრინციპებს გაითვალისწინებენ, რომელთაც იგი უნერგავდა თავის მსმენელს, მარადიულად გაიხარებენ მშვიდობითა და ერთობით. ამასთან, იესომ მომავალი მოვლენების, მათ შორის ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი მოვლენების შესახებ იწინასწარმეტყველა.

მშვიდობის დადგომამდე შემაშფოთებელი მოვლენები მოხდება

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მშვიდობა და უსაფრთხოება კი არა, სრულიად საპირისპირო მდგომარეობა იქნებოდა. მისი თქმით, „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ ისეთ მოვლენებს გულისხმობს, როგორიცაა ომები, საკვების უკმარისობა, ეპიდემიები და მიწისძვრები (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:3—8). იესომ აგრეთვე თქვა: „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12).

აშკარაა, რომ ადამიანებს სიყვარული გაუნელდათ. ამის შესახებ ბიბლიის ერთმა დამწერმა იწინასწარმეტყველა. 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ვკითხულობთ, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანების უმეტესობა საკუთარი თავის, ფულისა და სიამოვნების მოყვარული, ამაყი და სასტიკი იქნებოდა; ოჯახის წევრებსაც აღარ ეყვარებოდათ ერთმანეთი და შვილები აღარ დაემორჩილებოდნენ მშობლებს; მოჩვენებითი ღვთისმოსაობა ჩვეული რამ გახდებოდა.

ეს შემაშფოთებელი მოვლენები ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნიერებას დიდი დრო აღარ დარჩა და, რომ ღვთის სამეფო მალე დაამყარებს მშვიდობას დედამიწაზე. ბოლო დღეების ნიშანზე საუბრისას იესომ კიდევ ერთი რამ იწინასწარმეტყველა: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

ეს სასიხარულო ცნობა ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც არ იცავს ღვთის მცნებებს, მართლებისთვის კი — იმედის მომცემი, რადგან დარწმუნებული არიან, რომ დაპირებულ კურთხევებს მალე მიიღებენ. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ კურთხევების შესახებ, ყურადღებით წაიკითხეთ ამ ჟურნალის ბოლო გვერდი.