არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გზა ბედნიერებისკენ

სიცოცხლის აზრი

სიცოცხლის აზრი

ცოცხალ ქმნილებათა შორის ადამიანები სხვადასხვა უნარით გამოვირჩევით და უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ვეძებთ პასუხებს: რატომ არსებობს სამყარო? როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რა არის სიცოცხლის აზრი? როგორი მომავალი გველის?

ზოგს არ სურს ასეთ კითხვებზე პასუხების მოძიება, რადგან თვლის, რომ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება. ზოგი კი ამბობს, რომ ასეთი კითხვები აზრს მოკლებულია, რადგან სიცოცხლე ევოლუციის შედეგად გაჩნდა. ისტორიის და ბიოლოგიის პროფესორმა, უილიამ პროვაინმა თქვა: „არ არსებობს ღმერთი და არც არანაირი განზრახვა . . . არ არსებობს ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი პირველწყარო და არც სიცოცხლეს აქვს კონკრეტული მიზანი“.

ზოგისთვის მიუღებელია მსგავსი მსოფლმხედველობა, რომ თითქოს არაფერს აქვს აზრი, რადგან მაინც ვერაფერს შეცვლი. ისინი ხედავენ, რომ სამყარო ზუსტი მათემატიკური კანონებით იმართება. მათ აოცებთ ბუნებაში არსებული რთული და სრულყოფილად ფუნქციონირებადი კონსტრუქციები თუ მექანიზმები, რომელთა ანალოგების შექმნასაც მეცნიერები ცდილობენ. ისინი ყოველდღიურად ხედავენ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ მსგავსი კონსტრუქციებისა და მექანიზმების მიღმა მაღალი ინტელექტი დგას და არა რაღაც უმართავი ძალები.

ასეთი მსჯელობის შედეგად ზოგმა ევოლუციონისტმა შეიცვალა შეხედულება. ქვემოთ მოყვანილია ორი მაგალითი.

ნეიროქირურგი ალექსეი მარნოვი. „ყველგან, სკოლასა თუ ინსტიტუტში, ათეიზმს და ევოლუციის თეორიას მასწავლიდნენ, — იხსენებს ის. — ვისაც ღვთის არსებობის სჯეროდა, გაუნათლებელ ადამიანად მიიჩნევდნენ“. 1990 წელს ამ მამაკაცის აზროვნებაში გარდაქმნა მოხდა.

„ვცდილობდი, ლოგიკური ახსნა მომეძებნა ყველაფრისთვის, — ამბობს ალექსეი. — მაგალითად დავფიქრდი გასაოცარ ორგანოზე, ტვინზე, რომელსაც მართებულად ეწოდება სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმებს შორის ურთულესი. ნუთუ მხოლოდ იმისთვის გვაქვს ეს უნიკალური ორგანო, რომ შევიძინოთ ცოდნა, ესა თუ ის უნარი და შემდეგ მოვკვდეთ? ჩემთვის ეს ალოგიკური და აზრმოკლებული იყო. ამიტომ გამიჩნდა კითხვები: რატომ ვარსებობთ? რა არის სიცოცხლის აზრი? ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემოქმედი არსებობდა“.

სიცოცხლის აზრის ძიების დროს ალექსეიმ ბიბლიის გამოკვლევა დაიწყო. მისმა ცოლმა, რომელიც ექიმი და ათეისტი იყო, გადაწყვიტა, თავადაც შეესწავლა ბიბლია, რათა ალექსეისთვის დაემტკიცებინა, რომ ცდებოდა. თუმცა ახლა არც ერთ მათგანს აღარ ეპარება ეჭვი ღვთის არსებობაში. დღეს ამ ცოლ-ქმრისთვის სავსებით მისაღები და ლოგიკურია კაცობრიობის მიმართ ღვთის განზრახვის შესახებ ბიბლიისეული ახსნა.

მეცნიერებათა დოქტორი პლაზმური ფიზიკის დარგში ჰუაბი ინი. ეს ფიზიკოსი ქალი მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა პლაზმის თვისებებს. პლაზმა მატერიის მეოთხე ფორმაა * და მეტწილად ელექტრონებისა და დადებითად დამუხტული იონებისგან შედგება. ამის ტიპური მაგალითია მზე.

ჰუაბი ინი ამბობს: «როცა ჩვენ, მეცნიერები, ბუნებრივ მოვლენებს ვაკვირდებით, ყოველთვის ვხედავთ უდიდეს წესრიგს, რასაც უზუსტესი კანონები განაპირობებს. მიკვირდა, ვინ დაადგინა ეს კანონები. თუკი ვიღაცაა საჭირო, რომ გაზქურაზე ცეცხლის ალი დაარეგულიროს, მაშინ ვინ დგას იმ კანონების მიღმა, რომლებიც მზის ტემპერატურას არეგულირებს? დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემს კითხვას ყველაზე ლოგიკურად ბიბლიის პირველი სიტყვები პასუხობდა: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“» (დაბადება 1:1).

ფაქტია, რომ მეცნიერებამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, მაგალითად, როგორ ფუნქციონირებს ტვინის უჯრედები და როგორ წარმოქმნის მზე სითბოსა და სინათლეს. მაგრამ, როგორც ალექსეიმ და ჰუაბიმ დაინახეს, ბიბლია პასუხობს გაცილებით მნიშვნელოვან კითხვებს, მაგალითად, რატომ არსებობს სამყარო, რატომ მართავს მას კანონები და რატომ ვარსებობთ.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). დიახ, ღმერთმა კონკრეტული მიზნისთვის შექმნა დედამიწა. მისი ეს განზრახვა უშუალოდ ჩვენს მომავალს უკავშირდება. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

^ აბზ. 10 მატერიის სხვა ფორმებია: მყარი, თხევადი და აირადი.