არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე, რომელიც იმედს გვინერგავს

სიბრძნე, რომელიც იმედს გვინერგავს

ღმერთი გვპირდება, რომ ახლო მომავალში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ის წერტილს დაუსვამს ტანჯვას, რის შედეგადაც ადამიანები დედამიწაზე ბედნიერი ცხოვრებით გაიხარებენ (ფსალმუნი 37:11). რამდენად სარწმუნოა ღვთის ეს დანაპირები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ იცრუოს“ (რიცხვები 23:19). მოდი მიმოვიხილოთ ღვთის რამდენიმე დაპირება.

ღმერთი მოსპობს ბოროტებს

„როცა სარეველასავით მომრავლდებიან ბოროტნი და ავისმქნელნი გაიფურჩქნებიან, მაშინ სამუდამოდ მოისპობიან ისინი“ (ფსალმუნი 92:7).

როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბოროტება სულ უფრო იკიდებს ფეხს. ეს არ გვაკვირვებს, რადგან 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ხალხი უფრო და უფრო უარესად მოიქცეოდა. ბიბლია „ბოლო დღეებში“ დღევანდელი უღვთო და ბოროტი ქვეყნიერების მიწურულს გულისხმობს, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებს ყველას, ვინც არ იცვლის მისთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. ღვთისმოშიში ადამიანების შესახებ კი ფსალმუნის 37:29-ში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.

ღმერთი გაანადგურებს სატანას

„მშვიდობის მომცემი ღმერთი მალე შემუსრავს სატანას“ (რომაელები 16:20).

მას შემდეგ, რაც ღმერთი აღმოფხვრის ბოროტებას და გაანადგურებს სატანასა და დემონებს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს. მოსიყვარულე შემოქმედი თავის ერთგულთ ჰპირდება, რომ უსაფრთხოდ იცხოვრებენ და „არავინ შეაშინებს მათ“ (მიქა 4:4).

ღმერთი ბოლოს მოუღებს ავადმყოფობასა და სიკვდილს

„აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა! ღმერთი ... მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

ტანჯვასა და ავადმყოფობას ბოლო მოეღება, როცა ღმერთი აღმოფხვრის იმ ცუდ შედეგებს, რომელთაც სატანის, ჩვენი პირველი მშობლებისა და საკუთარი არასრულყოფილების გამო ვიწვნევთ. შედეგად, წარსულს ჩაჰბარდება სიკვდილი და ღვთისმოშიში ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ.

შემოქმედი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს

„გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).

მას შემდეგ, რაც ღმერთი ბოროტებას წერტილს დაუსვამს, დედამიწა სამოთხედ იქცევა, სადაც უხვად იქნება საკვები (ფსალმუნი 72:16). ტბები, მდინარეები და ზღვები გაიწმინდება და ათასგვარი სულდგმულით აივსება. სიტყვა „დაბინძურება“ ჩვენი ლექსიკიდანაც კი გაქრება! ხალხი საკუთარი ხელით აშენებულ სახლებში იცხოვრებს და აღარავინ იქნება უსახლკარო, მშიერი და ღარიბი (ესაია 65:21, 22).

ღმერთი მკვდრეთით აღადგენს ჩვენს საყვარელ ადამიანებს

„იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

ალბათ, არაერთხელ გინატრიათ, კვლავ შეხვედროდით გარდაცვლილ ახლობლებს. ყოვლისშემძლე ღმერთი სამოთხედქცეულ დედამიწაზე სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული გელით, როცა კვლავ შეხვდებით ერთმანეთს! რატომ გვწამს, რომ ეს იმედი უტყუარია? ბიბლიაში ჩაწერილია არაერთი შემთხვევა, როცა გარდაცვლილ ადამიანებს, დიდებსა თუ პატარებს, სიცოცხლე დაუბრუნდათ. სახარებებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ხშირად იესო მკვდრებს უამრავი თვითმხილველის თვალწინ აღადგენდა! (ლუკა 8:49—56; იოანე 11:11—14, 38—44).