არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე, რომელიც მშვიდობიანი ურთიერთობების საწინდარია!

სიბრძნე, რომელიც მშვიდობიანი ურთიერთობების საწინდარია!

შემოქმედის მიერ ბოძებული სიბრძნე გვეხმარება, მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან. ქვემოთ განვიხილავთ ბიბლიურ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც ბევრს წაადგა სხვებთან ურთიერთობისას.

იყავით მიმტევებლები

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

შეცდომებს ყველანი ვუშვებთ; ხან ჩვენ ვტკენთ გულს სხვას, ხანაც სხვები გვტკენენ. შესაბამისად, ყველა ვსაჭიროებთ პატიებას. როცა ვპატიობთ სხვებს, წყენას გულში არ ვიტოვებთ, მწყენინებელს სამაგიეროს არ ვუხდით და გამუდმებით არ ვუხსენებთ ჩადენილ შეცდომას (რომაელები 12:17). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუკი იმდენად გვატკინეს გული, რომ მომხდარს ვერ ვივიწყებთ? ამ შემთხვევაში მწყენინებელს პირადად უნდა დაველაპარაკოთ და ეს პატივისცემით გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს და არა სიტყვაში გამარჯვება (რომაელები 12:18).

იყავით თავმდაბლები და გულისხმიერები

„იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილიპელები 2:3).

თუკი თავმდაბლები, გულისხმიერები და თავაზიანები ვიქნებით, სხვებს ესიამოვნებათ ჩვენთან ურთიერთობა; მათ არ ექნებათ იმის შიში, რომ განზრახ ვატკენთ გულს. ამის საპირისპიროდ, თუ ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენა გვექნება და ყოველთვის საკუთარი აზრის გატანას შევეცდებით, კონფლიქტურ სიტუაციებს შევქმნით, რის გამოც სხვები მოერიდებიან ჩვენთან ურთიერთობას და გაგვიჭირდება მეგობრების შეძენა, თუ საერთოდ მოვახერხეთ ეს.

იყავით მიუკერძოებლები

„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი მიუკერძოებელია და ადამიანებს არ განასხვავებს რასის, ეროვნების, ენისა თუ სოციალური სტატუსის მიხედვით, რადგან „მან ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი“ (საქმეები 17:26). ამგვარად, ყველას საერთო წინაპარი გვყავს. როცა სხვებს ღირსეულად ვეპყრობით და სიკეთეს ვუკეთებთ, ამით მათაც ვანიჭებთ სიხარულს, საკუთარ თავსაც და ჩვენს შემოქმედსაც.

იყავით რბილი ხასიათისანი

„შეიმოსეთ . . . რბილი ხასიათით“ (კოლოსელები 3:12).

რბილი ხასიათის წყალობით სხვებს გავუადვილებთ ჩვენთან ურთიერთობას. ისინი თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს და შეცდომაზეც მიგვითითებენ იმაში დარწმუნებულები, რომ მძაფრი რეაქცია არ გვექნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ჩვენზე გაბრაზდება, მშვიდი პასუხით მის გულისწყრომას დავაცხრობთ. როგორც იგავების 15:1-ში ვკითხულობთ, „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“.

იყავით გულუხვები და მადლიერები

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

დღეს ბევრი სიხარბეს ავლენს და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ ნამდვილ სიხარულს გულუხვად გამცემნი გრძნობენ (ლუკა 6:38). ხელგაშლილი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, რადგან ნივთებზე მეტად ადამიანები უყვართ. სწორედ ხალხის სიყვარული აღძრავს მათ, გამოხატონ მადლიერება მათ მიმართ გამოვლენილი გულუხვობის გამო (კოლოსელები 3:15). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ ადამიანთან მსიამოვნებს ურთიერთობა — ძუნწსა და უმადურთან, თუ ხელგაშლილსა და მადლიერთან?“. პასუხი დღესავით ნათელია! მაშ, იყავით ისეთი ადამიანი, როგორთან ურთიერთობასაც თავად ისურვებდით (მათე 7:12).