არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ეს სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდია!“

„ეს სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდია!“

სუ-იუნგმა, რომელიც სამხრეთ კორეის ერთ სკოლაში ასწავლის, თავის კლასს ვებ-გვერდიდან jw.org ვიდეორგოლები აჩვენა. ის ყვება: «ბავშვებს ძალიან მოეწონათ ვიდეო „ვინ არის ნამდვილი მეგობარი?“. ნანახით აღფრთოვანებულებმა ასეთი სიტყვები თქვეს: „ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ ამას ნიშნავდა ნამდვილი მეგობრობა! ეს სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდია!“. ზოგმა მოსწავლემ კი აღნიშნა, რომ როცა რჩევა დასჭირდება, ამ ვებ-გვერდს მიმართავს». სუ-იუნგი დასძენს: „ამ ვიდეორგოლს ბევრ ჩემს კოლეგასთან გავუწიე რეკომენდაცია და მათაც სიამოვნებით ჩართეს ის თავიანთ სასწავლო პროგრამაში“.

ბევრი სამხრეთ კორეელი მოსწავლისთვის აგრეთვე პრაქტიკული აღმოჩნდა გრაფიკული ანიმაცია „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა შორის ძალადობის პრევენცია, ეს ვიდეო სკოლის მოსწავლეებს უჩვენა. ის ამბობს: „ამ საინტერესოდ გაფორმებულმა ანიმაციამ ბევრი მოსწავლის ყურადღება მიიპყრო. ეს ვიდეო ძალიან პრაქტიკულია, რადგან ბავშვებს მხოლოდ იმას კი არ ასწავლის, როგორ დაიცვან თავი მჩაგვრელებისგან, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მჩაგვრელთა სამიზნე არ გახდნენ“. ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ ნებართვა ითხოვა, რომ ეს ვიდეო სხვადასხვა სკოლის დაწყებით და მაღალ კლასებში ეჩვენებინათ. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ თვით სამართალდამცავებიც იყენებენ jw.org-ზე განთავსებულ ვიდეორგოლებს.

თუ ჯერ არ გინახავთ ეს ვებ-გვერდი, შეგიძლიათ ესტუმროთ. ის მარტივი გამოსაყენებელია; მასში განთავსებული ყველა მასალის, იქნება ეს აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების, ბიბლიის თუ სხვა მრავალი პუბლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი.