არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანაგვიგრძნობს ღმერთი?

თანაგვიგრძნობს ღმერთი?

ᲠᲐᲖᲔ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲡ ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲜᲘ

ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „თანაგრძნობა“ ნიშნავს, „საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო და შედეგად იგრძნო ის, რასაც ის გრძნობს“. ფსიქიატრი რიკ ჰანსონი ამბობს: „თანაგრძნობა ყველას თან დაგვყვა“.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რატომ გვაქვს ადამიანებს თანაგრძნობის გამოვლენის გასაოცარი უნარი, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ერთ სხვა ცოცხალ ქმნილებაზე? ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა (დაბადება 1:26). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს და გამოვავლინოთ ის შესანიშნავი თვისებები, რომლებიც მას აქვს. ასე რომ, როცა თანაგრძნობით აღძრული ადამიანები დახმარების ხელს უწვდიან სხვებს, თავიანთ თანამგრძნობ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს ჰბაძავენ (იგავები 14:31).

ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?

ჩვენი თანამგრძნობი ღმერთი ძალიან განიცდის, როცა გასაჭირში ვართ. ბიბლიიდან ვიგებთ, რას გრძნობდა ის, როცა ისრაელები ეგვიპტელთა მონობაში იყვნენ, შემდეგ კი 40 წელი უდაბნოში რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. წინასწარმეტყველი ესაია ღვთის გრძნობებს ასე აღწერს: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9). ღმერთი უბრალოდ კი არ ხედავდა, რომ გასაჭირში იყვნენ, არამედ მათ ტკივილსაც გრძნობდა. მან თქვა: „კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). ღმერთი ასეთ რამესაც გვეუბნება: „შენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქარია 2:8). როცა ტკივილს გვაყენებენ, ჩვენი ტკივილი მისი ტკივილიცაა.

მაშინაც კი, როცა ღვთის თანაგრძნობის ღირსად არ ვთვლით თავს, ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20). ის იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. მან კარგად იცის, რა მდგომარეობაში ვართ, რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ, და თანაგვიგრძნობს კიდეც.

ვინაიდან ღმერთი მზადაა გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად, შეგვიძლია ვთხოვოთ მას, გვანუგეშოს, მოგვცეს საჭირო სიბრძნე და მხარი დაგვიჭიროს

ღვთის სიტყვა გვარწმუნებს:

  • „მოუხმობ იეჰოვას და ისიც გიპასუხებს; შველას შესთხოვ და გეტყვის, აქ ვარო!“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 58:9).

  • „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ. მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (ᲘᲔᲠᲔᲛᲘᲐ 29:11, 12).

  • „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში! განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 56:8).

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲐᲡ ᲒᲕᲐᲥᲪᲔᲕᲡ, ᲛᲐᲡ ᲔᲡᲛᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲒᲕᲘᲒᲠᲫᲜᲝᲑᲡ

დაგვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში იმის ცოდნა, რომ ღმერთი თანაგვიგრძნობს? დავფიქრდეთ მარიას შემთხვევაზე:

«აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ საშინელი უსამართლობის მსხვერპლი ვიყავი; ჩემი ვაჟი, რომელიც ორი წელი ებრძოდა კიბოს, 18 წლის ასაკში ხელიდან გამომეცალა. გული მომდიოდა იეჰოვაზე, რადგან არაფერი იღონა ჩემი შვილის განსაკურნავად!

ექვსი წლის შემდეგ კრებაში ერთ გულისხმიერ მეგობარს გული გადავუშალე და ვუთხარი, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვას არ ვუყვარდი. ის არაერთი საათის განმავლობაში მისმენდა, თანაც ისე, რომ საუბარი ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. ბოლოს 1 იოანეს 3:19-სა და 20-ში ჩაწერილი სიტყვები გამახსენა, რამაც გულის სიღრმემდე შემძრა. აქ წერია: „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“. ჩემმა მეგობარმა დამანახვა, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რას განვიცდით.

მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა, თავს მოვრეოდი და ბრაზი მომეშორებინა. ერთხელაც ფსალმუნის 94:19 წავიკითხე, სადაც წერია: „როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე“. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ეს სიტყვები ჩემთვის იყო დაწერილი. ამის შემდეგ, როცა იეჰოვას ჩემს გასაჭირზე ლოცვაში ვესაუბრებოდი, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მისმენდა და ბოლომდე ესმოდა ჩემი».

მართლაც, რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთს ესმის ჩვენი და თანაგვიგრძნობს! მაშინ რატომ ვიტანჯებით? იმიტომ ხომ არა, რომ ღმერთი გვსჯის ჩვენი ცოდვებისთვის? მიიღებს ღმერთი ზომებს, რომ ტანჯვას ბოლო მოეღოს? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.