არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია?

ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია?

ᲚᲣᲖᲘᲐ ᲛᲐᲠᲪᲮᲔᲜᲐ ᲤᲔᲮᲘᲗ ᲙᲝᲭᲚᲝᲑᲡ. ბავშვობაში ის პოლიომიელიტით დაავადდა. ეს ადვილად გადამდები დაავადება ნერვულ სისტემას აზიანებს. როცა ლუზია 16 წლის იყო, ქალმა, ვისთანაც ის მუშაობდა, უთხრა: „შენ ღმერთი გსჯის, რადგან ბავშვობაში დედას ეურჩებოდი და აბრაზებდი. ამიტომაც დაგემართა კუნთების დამბლა“. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ლუზიას დღემდე ახსოვს, რამხელა ტკივილი მიაყენა ამ ქალის სიტყვებმა.

ᲓᲐᲛᲐᲠᲘᲡᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲢᲕᲘᲜᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲖᲘ ᲓᲐᲣᲓᲒᲘᲜᲔᲡ, ᲛᲐᲛᲐᲛ ᲰᲙᲘᲗᲮᲐ: „ასეთი რა გააკეთე, რომ ეს დაგემართა? უეჭველად, რაღაც საშინელება ჩაიდინე; ამიტომაც გსჯის ღმერთი“. მამის სიტყვებმა დამარისი გაანადგურა.

ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ, რომ ავადმყოფობა ღვთის სასჯელია. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, როცა ქრისტე დედამიწაზე ცხოვრობდა, ბევრს სწამდა, რომ „ესა თუ ის დაავადება ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო იმ ცოდვისთვის, რომელიც თავად ავადმყოფმა ან მისმა რომელიმე ნათესავმა ჩაიდინა“ (Manners and Customs of Bible Lands). წიგნში, რომელშიც შუა საუკუნეებში გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის მეთოდები განიხილება, ნათქვამია: „ზოგს ეგონა, რომ ღმერთმა სხვადასხვა ჭირი იმიტომ მოავლინა, რომ ადამიანები თავიანთი ცოდვებისთვის დაესაჯა“ (Medieval Medicine and the Plague). მე-14 საუკუნეში შავი ჭირის შედეგად ევროპაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ეს ღვთის განაჩენი იყო ბოროტ ადამიანებზე თუ მათი სიკვდილი უბრალოდ ბაქტერიული ინფექციით იყო გამოწვეული, როგორც ეს მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს? ბევრს უჩნდება კითხვა: მართლა იმიტომ ავადდებიან ადამიანები, რომ ღმერთი სჯის მათ ცოდვებისთვის? *

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თუ ავადმყოფობა და ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სამართლიანი სასჯელი იყო, რატომღა კურნავდა ღვთის ძე, იესო ავადმყოფებს? განა ეს ღვთის სამართლიანობისა და სიმართლის დაკნინება არ გამოდის?! (მათე 4:23, 24). იესო არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს, რითაც ღმერთს დაუპირისპირდებოდა. მან თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ და „იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად“ (იოანე 8:29; 14:31).

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კანონი 32:4). მაგალითად, ყოვლად დაუშვებელია, ღმერთმა თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვიოს და ასობით უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მოუსწრაფოს, რომ ერთ-ერთი მგზავრის დასჯა სურს! ღვთის ერთგულ მსახურ აბრაამს ეჭვი არ ეპარებოდა ღვთის სამართლიანობაში. მან თქვა, რომ ღმერთი არასდროს გაანადგურებს მართალს ბოროტთან ერთად. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! (დაბადება 18:23, 25). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ „არ იქმს ღმერთი ბოროტებას“ და მისგან „შორს არის. . . უსამართლობა!“ (იობი 34:10—12).

ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?

ჩვენ არ უნდა დავასკვნათ, რომ გასაჭირში იმიტომ ვვარდებით, რომ ღმერთი გვსჯის ჩადენილი ცოდვისთვის. ამ საკითხზე იესოს პოზიცია კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ის და მისი მოწაფეები შეხვდნენ დაბადებიდან უსინათლო კაცს. «მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რომ დაიბადა?“ იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო“» (იოანე 9:1—3).

თუ გავითვალისწინებთ იმ დროს გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს, იესოს მოწაფეებს, ალბათ, გაუკვირდებოდათ იმის გაგება, რომ არც ამ მამაკაცს და არც მის მშობლებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რომ ეს კაცი ბავშვობიდან უსინათლო ყოფილიყო. იესომ არა მხოლოდ განკურნა იგი, არამედ გააბათილა მცდარი შეხედულება, თითქოს ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო (იოანე 9:6, 7). ვისაც დღეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ ღმერთი არ იწვევს მათ ტანჯვას.

რატომ კურნავდა იესო ავადმყოფებს, თუ ავადმყოფობა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო?

ღვთის სიტყვა გვარწმუნებს:

  • „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 1:13). სინამდვილეში ყოველგვარი ბოროტება, იქნება ეს ტკივილი, ავადმყოფობა თუ სიკვდილი, რაც საუკუნეებია ტანჯავს კაცობრიობას, მალე სამუდამოდ აღმოიფხვრება.

  • იესო ქრისტე ყველანაირ ავადმყოფობას კურნავდა (ᲛᲐᲗᲔ 8:16). ამგვარად მან ცხადყო, რას მოიმოქმედებს მომავალში ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე.

  • „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ 21:3—5).

ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐᲛᲜᲐᲨᲐᲕᲔ?

მაშ, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა და უბედურება? ეს კითხვა საუკუნეებია ადამიანებს მოსვენებას უკარგავს. თუ ღმერთი არ არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი, მაშინ ვინ დგას ბოროტების მიღმა? მომდევნო სტატია პასუხს გასცემს ამ კითხვებს.

^ აბზ. 4 მართალია, წარსულში ღმერთი დროდადრო სჯიდა ადამიანებს მათ მიერ ჩადენილი ამა თუ ცოდვისთვის, მაგრამ ბიბლია არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ დღეს ადამიანები იმიტომ ავადდებიან და სხვადასხვა უბედურების მსხვერპლი ხდებიან, რომ იეჰოვა სჯის მათ ცოდვების გამო.