არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასი

სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასი

სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ჯონს წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და შესანიშნავ სახლში ცხოვრობდა. ჯონს მეუღლესთან ერთად ყოველმხრივ აწყობილი ცხოვრება ჰქონდა. მათ მრავალი ოჯახი შენატროდა.

კოსტასი * 5 000 მსურველიდან შერჩეულ 80 კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ ბანკში სამუშაოდ აიყვანეს. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ის ერთ-ერთი ბანკის მთავარი განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. ერთ წელიწადში ის იმაზე მეტ ფულს შოულობდა, ვიდრე იქაური ხალხი მთელი ცხოვრების მანძილზე. გარკვეული დროის შემდეგ ის სამსახურიდან წავიდა და საკუთარი კომპანია შექმნა. კოსტასი თვლიდა, რომ ცხოვრებაში გაუმართლა.

დღეს ჯონიც და კოსტასიც დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს ისეთი რამ, რასაც უფრო მეტი კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მატერიალურ სიმდიდრეს. მაგალითად, ჯონი სიამოვნებით ასწავლის სხვებს ბიბლიას და მათ ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება. „საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ სიმდიდრეს ბედნიერება არ მოაქვს, — ამბობს ჯონი. — სიმდიდრის დაგროვებას მთელი დრო და ენერგია მიაქვს და თითქმის აღარ გიტოვებს დროს სხვა რამეებისთვის. ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას კი ბევრი კურთხევა მოაქვს — გაქვს ბედნიერი ოჯახი, შინაგანი სიმშვიდე და სუფთა სინდისი“.

კოსტასიც მსგავს რამეს ამბობს: „ღმერთს სულაც არ სურს, რომ მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავმდიდრდეთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე გვჭირდება, ამიტომ ყველაფერი მისი ნების თანახმად უნდა გამოვიყენოთ“. კოსტასი ოჯახთან ერთად უცხო ენას სწავლობს, რომ უფრო მეტს დაეხმაროს ბიბლიური პრინციპების სწავლაში. ის ამბობს: „მივხვდით, რომ გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ჯონმაც და კოსტასმაც საკუთარი გამოცდილებიდან დაინახეს, რომ სულიერი კურთხევები სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასია. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ გილბერტი ამბობს, რომ ფსიქიატრები „ათეულობით წლის მანძილზე იკვლევენ, რა კავშირი აქვს სიმდიდრეს ბედნიერებასთან. ისინი, ძირითადად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მატერიალური ქონება ადამიანს ბედნიერებას მანამდე ანიჭებს, სანამ სიღარიბიდან ცხოვრების საშუალო დონეს მიაღწევს, მაგრამ, როცა საშუალო დონეს ასცდება, სიმდიდრე უმნიშვნელოდ ზრდის მის ბედნიერებას“.

ტკივილის ფასად ნასწავლი გაკვეთილი

ერთი ფსიქოლოგი და მწერალი ამბობს: „როდესაც ადამიანი სიღარიბეს თავს აღწევს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისთვის შემოსავალს თითქმის აღარ მოაქვს ბედნიერება“. გასული საუკუნის დასაწყისში ერთ ჟურნალისტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ენდრიუ კარნეგისგან აღებულმა ინტერვიუმ. კარნეგი მეტალურგიის ინდუსტრიის ფუძემდებელი და ძალიან მდიდარი კაცი იყო. მან ჟურნალისტს უთხრა: „ხალხს ჩემი არ უნდა შურდეს. რაში მადგება სიმდიდრე?! სამოცი წლისა ვარ და საჭმლის ნორმალურად მონელება არ შემიძლია. მთელ ჩემს ქონებას გავიღებდი, ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა რომ დამებრუნებინა“.

ჟურნალისტმა შემდეგ დასძინა: «ბატონი კარნეგი მოულოდნელად მომიბრუნდა და ჩუმი, ნაღვლიანი ხმით მითხრა: „რომ შემძლებოდა, ფაუსტის გარიგებასაც კი დავდებდი. თვალსაც არ დავახამხამებდი, ისე გავიღებდი ყველაფერს, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო“». მულტიმილიონერი ნავთობ-მაგნატი ჟან პოლ გეტი ამბობს: „ბედნიერება მაინცდამაინც ფულზე არ არის დამოკიდებული. პირიქით, მან შეიძლება უბედურებაც კი მოუტანოს ადამიანს“.

თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ ბიბლიის დამწერს, რომელმაც თქვა: «ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი, რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“ ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღვთის სახელი არ შეურაცხვყო» (იგავები 30:8, 9).

ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა: „განვდიდდი და გავმდიდრდი იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში“. შემდეგ დასძინა: „ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა“. მან აგრეთვე თქვა, რომ „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (ეკლესიასტე 2:9—11; 5:12, 13; იგავები 10:22).

რა მოგვიტანს მარადიულ ბედნიერებას?

ნამდვილ და მარადიულ ბედნიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ სათანადოდ დავიკმაყოფილებთ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს. თუ ღვთის ნებას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ყოველმხრივ კურთხეულნი ვიქნებით და აზრიანი ცხოვრება გვექნება.

საბედნიეროდ, დადგება ისეთი დრო, როცა ფული წუხილის მიზეზი აღარ იქნება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მომავალში აღარ იარსებებს კომერცია, რომელიც ხშირად სიხარბისა და ჩაგვრის მიზეზი ხდება (1 იოანე 2:15—17). ახალ ქვეყნიერებაში ყველა ღვთის სამართლიანი პრინციპებით იცხოვრებს. ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, როგორც ეს ადამისა და ევას დროს იყო. მართლაც უდიდესი კურთხევაა ასეთ ქვეყნიერებაში ცხოვრება, სადაც მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს და ყველა ბედნიერი იქნება! (ესაია 2:2—4; 2 პეტრე 3:13; 1 იოანე 4:8—11).

იმ დროს ცხოვრება მოსაწყენი არ იქნება. როდესაც ღვთის განზრახვა შესრულდება და ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ, ისინი სულიერადაც და მატერიალურადაც კურთხეულნი იქნებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ იქ ყველასთვის იქნება საკვები, თავშესაფარი და საინტერესო სამუშაო; სიღარიბის კვალიც კი აღარსად დარჩება (ფსალმუნი 72:16; ესაია 65:21—23; მიქა 4:4).

არავის გაუცრუვდება იმედი, ვინც იეჰოვა ღმერთისადმი რწმენას გამოავლენს (რომაელები 10:11—13). განა გონივრული არ არის, ვისწრაფოთ ისეთი კურთხევების მიღებისკენ, რომლებიც სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასია?! (1 ტიმოთე 6:6—10).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 8 გვერდზე]

თუ ღვთის ნებას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ყოველმხრივ კურთხეულნი ვიქნებით

[სურათი 8 გვერდზე]

თუ ფულს გონივრულად გამოვიყენებთ, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება