არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ნამდვილი სიმდიდრე ვიპოვე!

ნამდვილი სიმდიდრე ვიპოვე!
  • დაბადების წელი: 1968

  • ქვეყანა: შეერთებული შტატები

  • წარსულში: ბიზნეს აღმასრულებელი, რომელიც გამდიდრებაზე ლოცულობდა

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე როჩესტერში (ნიუ-იორკი), კათოლიკურ ოჯახში. რვა წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. კვირის დღეებში დედასთან ვცხოვრობდი ღარიბების დასახლებაში, შაბათ-კვირას კი მამასთან ვატარებდი მდიდრების უბანში. ვხედავდი, როგორ გაჭირვებით გვზრდიდა დედა ექვს შვილს, ამიტომ ძალიან მინდოდა, გავმდიდრებულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი.

 მამას უნდოდა, ცხოვრებაში წარმატებული ვყოფილიყავი და პრესტიჟულ აკადემიაში გამიშვა, რათა სასტუმროს მართვა მესწავლა. გახარებულმა გავიარე რეგისტრაცია, რადგან ვფიქრობდი, რომ ღმერთმა ლოცვებზე მიპასუხა და მალე მდიდარი და ბედნიერი გავხდებოდი. ხუთი წელი ვსწავლობდი სასტუმროს მენეჯმენტს, ბიზნეს სამართალს, კორპორატიულ ფინანსებს, თან პარალელურად ვმუშაობდი ნევადაში (ლას-ვეგასი) ერთ-ერთი სასტუმროს კაზინოში.

ჩემი სამუშაო მდიდარი მოთამაშეების მომსახურება იყო.

 22 წლის ასაკში ამავე კაზინოში უკვე ვიცე პრეზიდენტის დამხმარედ ვმუშაობდი. მდიდარ და წარმატებულ ადამიანად მთვლიდნენ, ხშირად მივირთმევდი საუკეთესო კერძებს და ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოებსა და ლიქიორებს ვსვამდი. თანამშრომლები მეუბნებოდნენ: „ფულზე იყავი კონცენტრირებული, რასაც ნამდილად შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“. მათი აზრით, ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო ფულში იყო.

 ჩემი სამუშაო მდიდარი ადამიანების მომსახურება იყო, რომლებიც ლას-ვეგასში აზარტული თამაშების სათამაშოდ ჩამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ, ბედნიერები არ ჩანდნენ. მალე ჩემი ბედნიერების შეგრძნებაც სადღაც გაქრა. რაც მეტ ფულს ვშოულობდი, დარდი უფრო მემატებოდა და ზოგჯერ ღამეები არ მეძინა. იმაზე დავიწყე ფიქრი, საერთოდ ღირდა თუ არა ცხოვრება. გულგატეხილმა ღმერთს ვთხოვე: „მითხარი, სად ვიპოვო ნამდვილი ბედნიერება?“.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 იმ პერიოდში ჩემი ორი და, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, ლას-ვეგასში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მართალია, მათი ლიტერატურის წაკითხვაზე უარი განვაცხადე, მაგრამ დავთანხმდი, რომ ჩემს ბიბლიას მათთან ერთად წავიკითხავდი. ჩემს ბიბლიაში იესოს სიტყვები წითლად ეწერა. რადგან იესოს სიტყვებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი დებიც მის სიტყვებზე მიმახვილებდნენ ყურადღებას. ბიბლიას პირადადაც ვკითხულობდი.

 ბიბლიის კითხვისას ბევრი რამ აღმოვაჩინე. მაგალითად, დამაფიქრა იესოს სიტყვებმა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათე 6:7). არადა, მღვდელმა იესოს სურათი მომცა და მითხრა, რომ თუ ამ სურათთან ათჯერ „მამაო ჩვენოს“, ათჯერ კი „ღვთისმშობლის ლოცვას“ წარმოვთქვამდი, ღმერთი იმდენ ფულს მომცემდა, რამდენიც მჭირდებოდა. მაგრამ ერთი და იგივე სიტყვების გამეორება განა მრავალსიტყვაობა არ გამოდიოდა? დამაფიქრა იესოს შემდეგმა სიტყვებმაც: „არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“ (მათე 23:9). მაშ რატომ ვუწოდებთ მე და სხვა კათოლიკები ჩვენს მღვდლებს „მამას“?

 როცა ბიბლიის წიგნი „იაკობი“ წავიკითხე, კარგად დავფიქრდი ჩემს წარმატებულ ცხოვრებაზე. მე-4 თავში იაკობი წერს: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). მე-17 მუხლმა კიდევ უფრო იმოქმედა ჩემზე: „ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება“. ამის შემდეგ ჩემს დებს დავურეკე და ვუთხარი, რომ კაზინოში მუშაობას თავს ვანებებდი, რადგან, როგორც აღმოვაჩინე, ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, მათ შორის აზარტული თამაშები და სიხარბე, ღვთისთვის მიუღებელი იყო.

როცა ბიბლიის წიგნი „იაკობი“ წავიკითხე, კარგად დავფიქრდი ჩემს წარმატებულ ცხოვრებაზე.

 მინდოდა, უკეთესი ურთიერთობა მქონოდა ღმერთთან, ჩემს მშობლებთან და და-ძმებთან. გადავწყვიტე, ცხოვრება გამემარტივებინა, რათა მათთვის მეტი დრო დამეთმო. ცვლილებების მოხდენა ადვილი არ იყო. მაგალითად, არაერთი მაცდუნებელი წინადადება შემომთავაზეს, რომ სასტუმროს ადმინისტრირების ბიზნესში დამაწინაურებდნენ და ორჯერ ან სამჯერ მეტი ხელფასი მექნებოდა. მაგრამ ვილოცე და მივხვდი, რომ აღარ მსურდა ასეთი ცხოვრების გაგრძელება. სამსახურიდან წამოვედი, დედაჩემის ავტოფარეხში დავსახლდი და პატარა ბიზნესი დავიწყე — რესტორნებისთვის მენიუებს ვამზადებდი.

 მართალია ბიბლია დამეხმარა, დამენახა, რა იყო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, მაგრამ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე მაინც არ დავდიოდი. ჩემმა დამ მკითხა, რა მქონდა მოწმეების საწინააღმდეგო. მე ვუპასუხე: „თქვენი ღმერთი, იეჰოვა, ოჯახებს ყოფს. ერთადერთი დრო, რომელიც შემიძლია ოჯახის წევრებისთვის გამოვყო, არის შობა და დაბადების დღეები, თქვენ კი არ აღნიშნავთ ამ დღეებს“. მან ტირილი დაიწყო და მითხრა: „წელიწადის სხვა დღეებში სად ხარ? ჩვენ ყოველთვის ხელგაშლილები გელით. მაგრამ შენ მხოლოდ ამ დღესასწაულებზე გახსენდებით, ისიც მოვალეობის გამო“. მისი სიტყვები გულში ლახვარივით ჩამესო და მეც მასთან ერთად ავტირდი.

 მივხვდი, როგორ აფასებდნენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს, და თურმე როგორ ვცდებოდი. გადავწყვიტე, კრების შეხვედრას დავსწრებოდი იეჰოვას მოწმეების დარბაზში. იქ გავიცანი კევინი, გამოცდილი იეჰოვას მსახური, რომელიც ბიბლიის შესწავლაში დამეხმარა.

 კევინი და მისი მეუღლე უბრალოდ და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, რათა მეტი დრო ჰქონოდათ, რომ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დახმარებოდნენ. თავიანთი შემოსავლიდან ისინი დანაზოგს აკეთებდნენ, რათა აფრიკაში და ცენტრალურ ამერიკაში გამგზავრებულიყვნენ და მოწმეებს ფილიალების მშენებლობაში დახმარებოდნენ. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერები იყვნენ. ჩემთვის გავიფიქრე: „აი, ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობ“.

 კევინმა მაჩვენა ვიდეო, თუ რა დიდი სიხარული მოაქვს მისიონერულ მსახურებას. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა, მეკეთებინა. ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვსწავლობდი ბიბლიას და 1995 წელს მოვინათლე. სიმდიდრის ნაცვლად ამჯერად ღმერთს უკვე ლოცვაში ვთხოვდი: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ“ (იგავები 30:8).

კურთხევები

 ახლა ნამდვილად მდიდარი ვარ, არა ფინანსურად, არამედ — სულიერად. ჩემი ძვირფასი მეუღლე, ნურია, ჰონდურასში გავიცანი. ჩვენ ერთად ვიმსახურეთ მისიონერებად პანამასა და მექსიკაში. ნამდვილად ჭეშმარიტია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).