არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლოცვების მომსმენ ღმერთს სიამოვნებს, როცა ლოცვით მივმართავთ (ფსალმუნი 65:2).

ილოცეთ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად

ილოცეთ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად

ღმერთმა ადამიანებს განსაკუთრებული ძღვენი გვიბოძა — ჩვენ შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ მას და გულისნადები გავანდოთ. ღვთის ერთგულმა მსახურმა, დავითმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2). როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

ღმერთს გულწრფელად და თავმდაბლად მიმართეთ

პირადი ლოცვის დროს „გული გადმოუღვარეთ“ ღმერთს — ყველაფერი უთხარით, რასაც გრძნობთ (ფსალმუნი 62:8). ყოვლისშემძლე ღვთისთვის ძვირფასნი არიან ისინი, ვინც გულწრფელად ლოცულობენ მის წინაშე.

ღმერთს სახელით მიმართეთ

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, თუმცა ბიბლია მის სახელსაც გვიმჟღავნებს: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). წმინდა წერილებში სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. ბევრი წინასწარმეტყველი ღმერთს სახელით მიმართავდა. მაგალითად, ერთხელ აბრაამმა ღმერთს უთხრა: „იეჰოვა . . . ნება მომეცი, კიდევ ვთქვა“ (დაბადება 18:30). ლოცვის დროს ჩვენც უნდა მოვიხსენიოთ ღვთის სახელი, იეჰოვა.

შეგიძლიათ ნებისმიერ ენაზე მიმართოთ ღმერთს ლოცვით

რომელ ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ღმერთს ესმის ჩვენი და იცის, რას ვგრძნობთ და რას ვფიქრობთ. მისი სიტყვა გვარწმუნებს: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

მაგრამ ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ, ლოცვაზე მეტია საჭირო. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, კიდევ რის გაკეთება გვმართებს.