არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ზრუნავს ღმერთი ღარიბებზე?

ზრუნავს ღმერთი ღარიბებზე?

ზრუნავს ღმერთი ღარიბებზე?

«იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე . . . მან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ » (ებრაელები 13:5).

როგორ ავლენს ღმერთი მზრუნველობას?

როცა იეჰოვას თაყვანისმცემელს ცხოვრებაში რთული დრო უდგება, ამ დროს შესაძლოა ღვთის მზრუნველობა მასზე სხვადასხვა მხრივ გამოვლინდეს. მაგალითად, გაჭირვებაში თანაქრისტიანების თანადგომა შეიძლება ღვთის მზრუნველობად ჩაითვალოს. * იაკობის 1:27-ში წერია: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში“.

პირველი საუკუნის ქრისტიანები ეხმარებოდნენ ერთმანეთს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველ საუკუნეში მომხდარი შემთხვევა. იმ დროს, როდესაც წარმოითქვა წინასწარმეტყველება იუდეაში დიდი შიმშილობის შესახებ, სირიის ქალაქ ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ“ (საქმეები 11:28—30). შედეგად იუდეველმა ქრისტიანებმა საჭირო დახმარება მიიღეს. ნებაყოფლობით გაღებული ეს შესაწირავი იმის დადასტურება იყო, რომ ქრისტიანული სიყვარული საქმეში ვლინდებოდა (1 იოანე 3:18).

რა შეუძლიათ თავად ღარიბებს, გააკეთონ სიტუაციის გასაუმჯობესებლად?

„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ესაია 48:17, 18).

ღმერთი გვასწავლის, რომ საკუთარ თავს თავად დავეხმაროთ.

მილიონები მიხვდნენ, რომ ბრძნული რჩევები და მითითებები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული, მართლაც პრაქტიკული და შეუდარებელია. იგავების 2:6, 7-ში წერია: „ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა. ის მართლებს უნახავს სიბრძნეს“. როცა ადამიანი ხელმძღვანელობას ამ სიბრძნეში ეძებს, უდიდეს სარგებელს იღებს.

მაგალითად, ისინი ერიდებიან ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა ნარკომანია და ლოთობა (2 კორინთელები 7:1). ამასთანავე, ხდებიან უფრო პატიოსნები, კეთილსინდისიერები და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ უფრო ადვილად იშოვონ სამუშაო და უფრო სანდო მუშაკები გახდნენ. ეფესოელების 4:28 ამბობს: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს, . . . რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“.

არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ბიბლიური სიბრძნე ეხმარება ღარიბებს?

„სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19).

ფაქტები ზუსტად ამაზე მეტყველებს.

განაში მცხოვრები უილსონი ერთ-ერთ დაწესებულებაში დროებით მუშაობდა. მისი ბოლო სამუშაო დღე იყო, როცა მენეჯერის მანქანის რეცხვისას საბარგულში ფული იპოვა. ერთ-ერთმა ზედამხედველმა უთხრა, ფული აეღო და თავისთვის გამოეყენებინა. მაგრამ უილსონმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, უარი თქვა ქურდობაზე. მან ფული პატრონს დაუბრუნა. რა მოხდა შემდეგ? უილსონი მუდმივ თანამშრომლად აიყვანეს და მოგვიანებით დააწინაურეს კიდეც.

ევროპაში მცხოვრებმა ჟერალდინმა სამუშაო იმის გამო დაკარგა, რომ მის უფროსს არ მოსწონდა იეჰოვას მოწმეები. როცა მისი უფროსის დედამ შეიტყო, რომ მის შვილს იეჰოვას მოწმე სამსახურიდან დაუთხოვია, თავის ქალიშვილს უთხრა: „დიდი შეცდომა დაუშვი. თუ გინდა, რომ ნამდვილად სანდო და სერიოზული თანამშრომლები გყავდეს, იეჰოვას მოწმეზე უკეთეს თანამშრომლებს ვერსად იშოვი“. მან იეჰოვას მოწმეების ძებნა დაიწყო და ჟერალდინმაც დაიბრუნა დაკარგული სამსახური.

სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ მარტოხელა დედას, სარას, ერთი პერიოდი ძალიან გაუჭირდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ქრისტიანული სიყვარული, როცა კრების წევრები მის ოჯახს საკვებით ამარაგებდნენ და როცა საჭირო იყო ტრანსპორტითაც ემსახურებოდნენ. მოგვიანებით მისმა ბავშვებმა თქვეს: „კრებაში ბევრი მშობელი გვყავს“.

უამრავი მსგავსი შემთხვევა არსებობს. ეს მაგალითები გვახსენებს იგავების 1:33-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ის კი, ვინც მისმენს [მე, იეჰოვას], უსაფრთხოდ იცხოვრებს“. ეს მართლაც უდავო ჭეშმარიტებაა!

^ აბზ. 5 ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობა ღარიბებს გარკვეული ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. იქ, სადაც ასეთი სისტემა არ არსებობს, ღარიბებზე მზრუნველობა პირველ რიგში მათ ნათესავებს ევალებათ (1 ტიმოთე 5:3, 4, 16).