არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

პაემანი – ნაწილი 3: უნდა დავშორდეთ ერთმანეთს?

პაემანი – ნაწილი 3: უნდა დავშორდეთ ერთმანეთს?

 უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეყვარებული გყავს, მაგრამ ნელ-ნელა ეჭვები გიჩნდება. ფიქრობ, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება. ეს სტატია ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში დაგეხმარება.

ეჭვებთან გამკლავება

  შეხვედრების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ წყვილმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ იმდენი საერთოც არ აქვთ, როგორც ეს თავიდან ეგონათ. Მაგალითად,

  •   ერთს ზღვა უყვარს, მეორეს კი – ლაშქრობა.

  •   ერთი ექსტროვერტია, მეორე კი – ინტროვერტი.

  •   ერთი ყოველთვის გულწრფელია, მეორე კი – არა.

 ყურადღება მიაქციე, რომ სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ შემთხვევაში განსხვავებულ ინტერესებზეა საუბარი. მეორე შემთხვევაში – განსხვავებულ ხასიათზე, ხოლო მესამეში – განსხვავებულ ფასეულობებზე.

 დაფიქრდი: დაქორწინების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რასთან შეგუება უფრო გაგიჭირდებოდათ შენ და შენს მეუღლეს? შეძლებდით რომელიმე სფეროში დათმობაზე წასვლას?

 წყვილს შეიძლება ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს მაშინაც კი, თუ მათ განსხვავებული ინტერესები და ხასიათი აქვთ. აუცილებელი არ არის, ცოლ-ქმარი ერთნაირი იყოს, რომ ერთმანეთს გაუგოს. ხშირად მეუღლეები ინტერესდებიან, თუ რა მოსწონთ მათ მეორე ნახევარს და თვითონაც კავდებიან მათთვის სასიამოვნო საქმით. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთის განსხვავებულ ხასიათში დადებით მხარეებს ხედავენ. a

 მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელზეც ქორწინდები, ისეთივე ფასეულობებით ცხოვრობდეს, როგორითაც შენ, იქნება ეს სულიერი თუ ზნეობრივი ფასეულობები. თუ ამ საკითხში თქვენი შეხედულებები განსხვავდება, ამან უნდა მიგანიშნოს, რომ ჯობია, ურთიერთობა შეწყვიტოთ.

 მაგალითად, განსხვავებულ რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ასეთი რამ წერია: „კვლევები ცხადყოფს, რომ განსხვავებული რელიგიური კუთვნილების წყვილებში უფრო მეტია განქორწინების ალბათობა“ (Fighting for Your Marriage).

 ბიბლიური პრინციპი: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14; „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).

გადაწყვეტილების მიღება

  ბიბლიაში ნათქვამია, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28, სქ.). მაგრამ არ გაგიკვირდეს, თუ შეყვარებულობის პერიოდშიც შეხვდები სირთულეებს.

 მცირე უთანხმოებები მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა განწირულია. მთავარი ის არის, შეგიძლია თუ არა მათი მშვიდობიანად გადაჭრა. ეს უნარი დაქორწინების შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ ორივეს.

 ბიბლიური პრინციპი: „სიკეთე გაუკეთეთ, თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელების 4:32).

 მეორე მხრივ, თუ ხშირი და სერიოზული უთანხმოებები გაქვთ, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ვერ უგებთ ერთმანეთს. ჯობია, ამ საკითხს ქორწინებამდე მიაქციოთ ყურადღება.

ხშირი და სერიოზული უთანხმოებები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობით.

 დასკვნა: თუ სერიოზულად ეჭვობ, ღირს თუ არა კონკრეტულ ადამიანზე დაქორწინება ან მზად ხარ თუ არა ქორწინებისთვის, უყურადღებოდ ნუ დატოვებ ამ ეჭვებს.

 ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავები 22:3).

თუ დაშორებას გადაწყვეტ

  დაშორება შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს. მაგრამ, თუ შენ ან შენს შეყვარებულს გამუდმებული ეჭვები გაქვთ იმის თაობაზე, გაამართლებს თუ არა თქვენი ურთიერთობა, დაშორება შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს.

 რა ფორმით აჯობებს ურთიერთობის დასრულება? ამას მიმოწერით ან დარეკვით ნუ გააკეთებ, თუ სხვა გზა არ არის. აჯობებს სათანადო დრო და ადგილი შეარჩიოთ და ამ საკითხზე პირისპირ ილაპარაკოთ.

 ბიბლიური პრინციპი: „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქარია 8:16).

 თუ ურთიერთობა დაასრულე, ეს არ ნიშნავს, რომ მარცხი განიცადე. გახსოვდეს, პაემნებზე სიარული იმის გარკვევაში გეხმარება, არის თუ არა ეს ადამიანი ის, ვისაც მთელ ცხოვრებას დაუკავშირებ. ურთიერთობა რომც არ გამოვიდეს, საჭირო გამოცდილებას მაინც შეიძენ.

 ჰკითხე საკუთარ თავს: ამ ურთიერთობის დახმარებით რა დავინახე ჩემს თავში ისეთი, რაც მანამდე არ ვიცოდი? რა და რა სფეროებში მჭირდება გაუმჯობესება? თუ კვლავ გადავწყვეტდი ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას, რას გავაკეთებდი სხვანაირად?

a იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოიქცეს ცოლ-ქმარი, როცა მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვევები და ხასიათი აქვთ, წაიკითხეთ სტატიები, „როცა ცოლ-ქმარს განსხვავებული ინტერესები აქვს“ და „გამაღიზიანებელი თვისებების დადებითი მხარეები“.