არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 3)

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 3)

 ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში კარგი ჯანმრთელობა აქვთ და ძალიან ენერგიულები არიან. თუმცა ზოგი ახალგაზრდა სერიოზულადაა დაავადებული, რის გამო შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. თუ შენც მსგავს მდგომარეობაში ხარ, მაშინ გლორიას, ჯასტინის და ნისეს მაგალითებზე დაფიქრება ძალას შეგმატებს. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან. დააკვირდი, როგორ უმკლავდება ეს სამი ახალგაზრდა დაავადებით გამოწვეულ სირთულეებს.

 გლორია

 14 წლიდან ფიბრომიალგიით ვიტანჯები. 20 წლის ასაკში კი ართრიტის, ლუპუსის და ლაიმის დიაგნოზი დამისვეს. მოგვიანებით ყველაფერს ისიც დაემატა, რომ წელს ქვემოთ მოვწყდი და ინვალიდის სავარძელს მივეჯაჭვე. გამუდმებით ვგრძნობ სისუსტეს, ამიტომ ვერ ვაკეთებ იმას, რის კეთებაც ძალიან მინდა.

 ფიზიკურ უძლურებაზე მეტად, რაც ჩემს დაავადებას ახლავს თან, ემოციური ტკივილი მტანჯავდა, რადგან ისეთი ელემენტარული რაღაცეების კეთებაც კი არ შემეძლო, როგორიცაა წერა ან უბრალოდ ქილისთვის თავსახურის მოხსნა. როცა ვხედავდი, როგორ თავისუფლად დადიოდნენ ბავშვები, ვერ გამეგო, ჩემთვის რატომ იყო ასე რთული ამის გაკეთება. თავს უსუსურად ვგრძნობდი.

 მადლობელი ვარ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ქრისტიანული კრების წევრებიც მხარში ამომიდგნენ. ისინი ხშირად მინახულებდნენ, რითაც მარტოობის გრძნობის დაძლევაში დამეხმარნენ. ზოგ და-ძმას მეგობრულ შეხვედრებზეც დავყავდი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მანქანაში ჩასმა და გადმოყვანა იოლი არ იყო.

 განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, როგორ მედგნენ მხარში ჩვენი კრების ხანდაზმული და-ძმები. მათთვის უცხო არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, ამიტომ ისინი დამეხმარნენ, შევგუებოდი ჩემს მდგომარეობას და არ გავღიზიანებულიყავი იმის გამო, რომ იმდენს ვერ ვაკეთებდი, რამდენსაც სხვები. ყველაზე ბედნიერად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა კრების შეხვედრაზე ვარ ან ვმსახურობ (ებრაელები 10:25). ამ დროს ვაცნობიერებ, რომ ჩემი ავადმყოფობის მიუხედავად, სინამდვილეში არც ისე განვსხვავდები სხვებისგან.

 ყოველთვის მახსოვს, რომ იეჰოვა ყველაფერს გვაძლევს, რაც მოთმინებისთვის გვჭირდება. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორინთელები 4:16). ეს სიტყვები ზუსტად ეხმიანება ჩემს გრძნობებს!

 დაფიქრდი: თუ სერიოზული დაავადება გაქვს, რატომ უნდა შეეცადო, რომ სხვებთან ურთიერთობა გქონდეს და არ განმარტოვდე? თუ ჯანმრთელობა არ გაქვს შერყეული, როგორ შეგიძლია მხარში ამოუდგე მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს? (იგავები 17:17).

 ჯასტინი

 ერთხელ იატაკზე დავეცი და ვეღარ ვდგებოდი. გულმკერდის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, განძრევა არ შემეძლო. მაშინვე ექიმთან გამაქანეს. თავიდან ექიმმა ვერ დაადგინა, რა მჭირდა. მაგრამ სიმპტომების გამეორების შემდეგ ლაიმის დაავადების დიაგნოზი დამისვეს.

 ლაიმის დაავადებამ ნერვული სისტემა დამიზიანა. მართალია, უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ დაავადებას ვმკურნალობ, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად კანკალი ამიტანს ხოლმე, რასაც ვერ ვაკონტროლებ. ხანდახან მთელ სხეულში ტკივილს ვგრძნობ, დროდადრო კი თითებში ისეთი საშინელი ტკივილი მეწყება, რომ ვეღარ ვამოძრავებ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახსრები დამიჟანგდა.

 ადრე ძალიან ვბრაზდებოდი და ჩემთვის ვფიქრობდი: „მე ხომ ძალიან ახალგაზრდა ვარ, რა დროს ჩემი ავადმყოფობაა?!“. ღმერთს ყოველდღე ცრემლებით ვემუდარებოდი, ეპასუხა ჩემთვის, რატომ ვიტანჯებოდი ასე. რაღაც მომენტში იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რომ ღმერთმა მიმატოვა. მაგრამ შემდეგ ბიბლიის პერსონაჟზე, იობზე დავფიქრდი. თუმცა იობმა არ იცოდა, რატომ დაატყდა თავს ამდენი უბედურება, მაინც ღვთის ერთგული დარჩა. თუ იობმა ენით აუწერელი სირთულეების ატანა შეძლო, ამას მეც შევძლებ.

 ჩემი კრების უხუცესები გვერდში მიდგანან; ხშირად ინტერესდებიან ჩემი მდგომარეობით და მეკითხებიან, თავს როგორ ვგრძნობ. ერთმა უხუცესმა ისიც კი მითხრა, რომ თუ დახმარება დამჭირდება, შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი, რომ ასეთი მეგობრები მაჩუქა! (ესაია 32:1, 2).

 ზოგჯერ სერიოზულ ავადმყოფობასთან ბრძოლა იმდენად გვაცლის ძალას, რომ გვავიწყდება იეჰოვა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რის ატანა გვიწევს. ბიბლიაში ასეთი მოწოდებაა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ვცდილობ, ყოველდღე სწორედ ასე მოვიქცე.

 დაფიქრდი: როგორ შეუძლია სხვების მიერ გაწეულ დახმარებას ძალა შეგმატოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გასამკლავებლად? (იგავები 24:10; 1 თესალონიკელები 5:11).

 ნისე

 მოზარდი ვიყავი, როცა მარფანის სინდრომის დიაგნოზი დამისვეს. ამ სინდრომით დაავადებულებს ძალიან სუსტი სახსრები აქვთ. ეს დაავადება აზიანებს აგრეთვე გულს, თვალებს და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს. დროდადრო აუტანელი ტკივილები მაქვს.

 როცა პირველად გავიგე, რომ მარფანის სინდრომით ვარ დაავადებული, ბევრი ვიტირე. მეშინოდა, რომ ვერასდროს შევძლებდი ისეთი რამეების კეთებას, რაც გულით მეწადა. ძალიან მიყვარს ცეკვა. როცა ვფიქრობდი რომ ერთ მშვენიერ დღეს ძლიერი ტკივილების გამო ვერც ცეკვას შევძლებდი და ვეღარც სიარულს, საშინლად ვიგრძენი თავი. მომავალი შავბნელ ფერებში მესახებოდა.

 ჩემი უფროსი და მხარში მედგა და მაძლიერებდა. ის დამეხმარა, საკუთარ საწუხარზე ფიქრს არ შთავენთქე. მან მითხრა, რომ გამუდმებული შიშის განცდა ცხოვრებას დამისახიჩრებდა და მირჩია, განუწყვეტლივ მელოცა, რადგან ერთადერთი პიროვნება, ვინც ყველაზე კარგად იცოდა, როგორ ვიტანჯებოდი და შეეძლო თანაეგრძნო ჩემთვის, იეჰოვა იყო (1 პეტრე 5:7).

 ძალიან მამხნევებს მე-18 ფსალმუნის მე-6 მუხლი: „გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას, შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს. თავისი ტაძრიდან ისმენდა ჩემს ხმას, მის ყურს მისწვდა ჩემი ხმა, როცა შველას ვთხოვდი“. ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ იეჰოვა ყოველთვის გულისყურით მისმენს, როდესაც ვემუდარები, დამეხმაროს. ის ყოველთვის მეხმარება!

 ვფიქრობ, არაფერია არაბუნებრივი იმაში, თუ ზოგჯერ იმის გამო, რამაც ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, დარდი ან ნაღველი შემოგვაწვება. მთავარია, ასეთ გრძნობებს იმის უფლება არ მივცეთ, რომ ცხოვრება გაგვიმწაროს და იეჰოვას დაგვაშოროს. იეჰოვა არ არის დამნაშავე იმაში, რომ ავად ვხდებით და ტკივილს ვგრძნობთ. თუ ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვას უმთავრეს ადგილს დავუთმობთ, ის არასდროს დაგვტოვებს მარტოს განსაცდელების პირისპირ (იაკობი 4:8).

 დაფიქრდი: ღმერთის ბრალია, რომ ვიტანჯებით? (იაკობი 1:13).