არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 2) — უნდა გჯეროდეს ევოლუციის?

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 2) — უნდა გჯეროდეს ევოლუციის?

ალექსი ცოტა არ იყოს დაბნეულია. ბავშვობიდან მას იმის სჯერა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო. მაგრამ დღეს გაკვეთილზე ბიოლოგიის მასწავლებელი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ევოლუციის თეორიას წყალი არ გაუვა, რადგან ის სარწმუნო მეცნიერულ გამოკვლევებზეა დაფუძნებული. ალექსს არ სურს, რომ მოტყუებული დარჩეს. ის გულში ფიქრობს: „თუ ევოლუციის თეორიის უტყუარობა მეცნიერულადაა დასაბუთებული, მე რატომ უნდა დავაყენო ეს თეორია ეჭვქვეშ?“

 ხომ არ გეცნობა ეს სიტუაცია? შეიძლება შენც ბავშვობიდან გჯერა იმ სიტყვების, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი: „ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). მაგრამ, ალბათ, შენ გარშემო არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს დაგარწმუნოს, რომ შემოქმედება მითია, ხოლო ევოლუცია — ფაქტი. უნდა დაიჯერო მათი ნათქვამი? უნდა გჯეროდეს ევოლუციის?

 ორი ძლიერი არგუმენტი

  1.   მეცნიერებს ამ თეორიაზე ერთი აზრი არ აქვთ. მეცნიერები უკვე წლებია, რაც კვლევებს ატარებენ, მაგრამ მაინც ვერ მივიდნენ ერთ აზრამდე და სრულფასოვნად ვერ ჩამოაყალიბეს ევოლუციის თეორია.

     დაფიქრდი: თუ მეცნიერებიც კი ვერ მიდიან ერთ აზრამდე, არადა ამ სფეროში მათ შენზე გაცილებით მეტი ესმით, რატომ არ უნდა დაგაფიქროს ამან — იქნებ, ეს თეორია მართლაც ეჭვს ბადებს? (ფსალმუნი 10:4).

  2.   დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას იწამებ. „თუ სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს,“ — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად, ზაკერი. ეს სიტყვები ნამდვილად არ არის საღ აზრს მოკლებული. თუ ევოლუციის თეორია სინამდვილეს შეესაბამება, სიცოცხლეს მართლაც არ ჰქონია აზრი (1 კორინთელები 15:32). მაგრამ, თუ ყველაფერი ნამდვილად ღმერთმა შექმნა, მაშინ ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს და პასუხი ეცემა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა არის სიცოცხლის აზრი და როგორი მომავალი გველის? (იერემია 29:11).

     დაფიქრდი: რატომ შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიცოდეთ, ღმერთმა შექმნა სამყარო თუ ევოლუციის შედეგად გავჩნდით? (ებრაელები 11:1).

 დასაფიქრებელი კითხვები

 მცდარი აზრი: სამყაროში ყველაფერი შემთხვევით, დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა

  •   ვინ ან რამ გამოიწვია დიდი აფეთქება?

  •   რა უფრო ლოგიკურია შენთვის: ის, რომ არაფრისგან წარმოიშვა ყველაფერი თუ ის, რომ სამყარო ვერ იარსებებდა ვიღაცის ან რაღაც ძალის გარეშე?

 მცდარი აზრი: ადამიანები ცხოველებისგან წარმოიშვნენ

  •   თუ ადამიანები ცხოველებისგან წარმოიშვნენ, მაგალითად მაიმუნებისგან, რატომ არის ამხელა სხვაობა ჩვენსა და მათ გონებრივ შესაძლებლობებს შორის? a

  •   რატომ არის სიცოცხლის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ფორმებიც კი საოცრად რთული? b

 მცდარი აზრი: ევოლუციის თეორია მეცნიერულად დასაბუთებულია

  •   ვინც ამ თეორიას ემხრობა, თავად თუ აქვს ყველაფერი საფუძვლიანად გამოკვლეული და თუ შეუძლია, სარწმუნო არგუმენტებით დაამტკიცოს ამ თეორიის უტყუარობა?

  •   მხოლოდ იმიტომ ხომ არ სჯერა ზოგს ევოლუციის, რომ ის დაარწმუნეს, თითქოს ყველა ინტელექტუალს სჯერა ამ თეორიის?

a ზოგი ამბობს, რომ ადამიანი ინტელექტუალურად მაიმუნზე გაცილებით მაღლა იმიტომ დგას, რომ მას უფრო დიდი ზომის ტვინი აქვს. მაგრამ თუ წაიკითხავ ბროშურას „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ (გვ. 28), დაინახავ, რომ ეს აზრი საფუძველსაა მოკლებული.

b იხილე ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“, გვერდები 8—12.