არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 3: რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?

რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 3: რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?

 ბიბლია ძალიან ვრცელი წიგნია. ამან არ უნდა შეგაშინოს! წარმოიდგინე ნაირგვარი საჭმელებით ავსებული სუფრა. ბუნებრივია, ყველაფერს ვერ შეჭამ და მხოლოდ იმ კერძებს მიირთმევ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს.

 ბიბლიის კითხვამ შედეგი რომ გამოიღოს, საჭიროა, დაკვირვებით იკითხო. ეს სტატია სწორედ ამაში დაგეხმარება.

ამ სტატიაშია:

 რატომ უნდა იკითხო ბიბლია დაკვირვებით?

 რაც მეტ ძალისხმევას მოახმარ ბიბლიის კითხვას, მით მეტ სარგებლობას მოგიტანს ის. დაფიქრდი ასეთ მაგალითზე: თუ ჩაის პაკეტს ცხელ წყალში წამიერად ჩადებ და მაშინვე ამოიღებ, გარკვეულ ფერს და გემოს მაინც მიიღებ, მაგრამ თუ პაკეტს საჭირო დროით გააჩერებ, მის არომატს სრულად შეიგრძნობ.

 იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ ზედაპირულად იკითხო, დრო გამოყავი წაკითხულზე დასაფიქრებლად. ღვთის კანონთან დაკავშირებით, 119-ე ფსალმუნის დამწერმა თქვა: „მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:97).

 რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე მიუძღვნა ბიბლიის კითხვასა და ფიქრს. ფსალმუნმომღერალს იმის თქმა სურდა, რომ ის დროს გამოყოფდა ღვთის სიტყვაზე ფიქრისთვის. ეს კი მას ეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში (ფსალმუნი 119:98—100).

 «დედამ ერთხელ მითხრა: „კვირაში შვიდი დღე გაქვს და ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს აკეთებ საკუთარი თავისთვის. განა გონივრული არ არის, რომ გარკვეული დრო იეჰოვასაც დაუთმო?“» (მელანი).

 როცა ღრმად ფიქრობ ბიბლიურ პრინციპებზე, სწორ გადაწყვეტილებებს იღებ, მაგალითად, მეგობრების არჩევის დროს, ან მაშინ, როცა ცდუნების წინაშე ხარ.

 რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?

  •   შეადგინე გეგმა. ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯულია, გვირჩევს: „შეადგინე ბიბლიის კითხვის გეგმა. წინასწარ დაგეგმე, რას წაიკითხავ, როდის წაიკითხავ და სად წაიკითხავ“.

  •   შეარჩიე შესაფერისი გარემო. „შეარჩიე მყუდრო ადგილი. უთხარი ოჯახის წევრებს, რომ ბიბლია უნდა წაიკითხო და ხელი არ შეგიშალონ“, — გვირჩევს ჯიანა.

     თუ ბიბლიას ელექტრონულ მოწყობილობაში კითხულობ, გამორთე შეტყობინებები. შეგიძლია ბიბლიის ბეჭდური ვერსია წაიკითხო. კვლევებმა აჩვენა, რომ ბეჭდური პუბლიკაციების კითხვა აუმჯობესებს აღქმის უნარს. ამის საპირისპიროდ, შეიძლება ყურადღება ადვილად გაგეფანტოს, როცა ელექტრონულ ვერსიას კითხულობ.

     „როცა ბიბლიას ელექტრონულ ფორმატში ვკითხულობ, გონება მეფანტება. ტელეფონში ხან შეტყობინებებს ვიღებ, ხან ელემენტი ჯდება, ხან კიდევ ინტერნეტი ითიშება. დაბეჭდილი ბიბლიის კითხვის დროს კი ერთადერთი, რაც მჭირდება, საკმარისი განათებაა“ (ელენა).

  •   დაიწყე ლოცვით. იეჰოვას სთხოვე დახმარება, რომ ბიბლიის ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვასაც აპირებ, კარგად გაიგო, დაიმახსოვრო და ცხოვრებაში გამოიყენო (იაკობი 1:5).

     ლოცვის შესაბამისად რომ მოიქცე, კარგად გამოიკვლიე ის, რასაც კითხულობ. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? თუ JW ბიბლიოთეკის აპლიკაციით სარგებლობ ან ბიბლიას ონლაინ კითხულობ, შეგიძლია შესაბამის მუხლზე დაწკაპუნებით გახსნა დამატებითი მასალა და სტატიები ამ მუხლის ირგვლივ.

  •   დასვი შეკითხვები. მაგალითად: „რას მეუბნება ეს მონაკვეთი იეჰოვას შესახებ? რომელი თვისების გამოვლენაში შემიძლია მივბაძო მას?“ (ეფესოელები 5:1). „როგორ შემიძლია ცხოვრებაში გამოვიყენო წაკითხული?“ (ფსალმუნი 119:105). „როგორ შემიძლია წაკითხული სხვების დასახმარებლად გამოვიყენო?“ (რომაელები 1:11).

     გარდა ამისა, ჰკითხე საკუთარ თავს, როგორ უკავშირდება ის, რასაც ვკითხულობ, ბიბლიის მთავარ თემას. ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია — დაბადებიდან გამოცხადებამდე — ერთ თემას უკავშირდება. ეს თემაა: როგორ განწმენდს იეჰოვა თავის სახელს ზეციერი სამეფოს მეშვეობით და დაამტკიცებს, რომ მას აქვს მმართველობის უფლება და, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა.